Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რწმუნებულთა ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთმა მოიხმარა


სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 87,060 ლიტრი, რომლის ჯამური ღირებულება 190 ათას ლარზე მეტია.

ამავე რეგიონის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შარშან, ქვეყნის მასშტაბით, კოლეგებს შორის ასევე ყველაზე მეტი, 13 932 ლიტრი საწვავი დახარჯა; ორი წლის განმავლობაში კი ამ პოზიციაზე მოწინავე, 20 833 ლიტრი საწვავის მოხმარებით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო ადმინისტრაციას 11 ავტომანქანა ემსახურება. რეგიონი მათ დიაგნოსტიკასა და შეკეთებაზე გაწეული ხარჯის ჯამური მოცულობითაც - 82 605 ლარი - პირველ ადგილზეა.

2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ გამოკვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი, არჩილ თოდუა, აცხადებს, რომ კითხვები ჩნდება განსაკუთრებით დახარჯული საწვავის ოდენობასთან დაკავშირებით:

„9 სამხარეო ადმინისტრაციაა, თითოში საშუალოდ 28-30 ადამიანი მუშაობს. ამ 9 ადმინისტრაციის შენახვაზე, ჯამში, დახარჯულია 10 797 168 ლარი. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს დიდი უფლებამოსილება არ გააჩნიათ და საინტერესოა, ამის ფონზე რატომ გვაქვს ასეთი მონაცემი, რომ 505 ტონა საწვავი იქნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გახარჯული“.

კვლევამ აჩვენა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციამ ასევე ყველაზე მეტი დახარჯა შრომის ანაზღაურებაში. არჩილ თოდუა, 2016 -2017 წლებთან შედარებით, დადებით ტენდენციებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შარშან გაცემული ხელფასის ოდენობამ 526 322 ლარი შეადგინა. ამავე წელს პრემიის, ჯილდოსა და დანამატის სახით გაცემულია 37 521 ლარი. 2019 წელს გაცემულია ხელფასის სახით 568 239 ლარი. ამავე წელს პრემიის, ჯილდოსა და დანამატის სახით გაიცა 61 705 ლარი. თუ ჩვენ შევადარებთ 2016-2017 წლებს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული პრემია-დანამატი და ჯილდოს მოცულობა, თუმცა გაზრდილია სახელფასო მოცულობები, იმიტომ რომ, 2018 წლის ცვლილებებით, გუბერნატორებს ხელფასები გაეზარდათ“.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გამოკვლევაში მოყვანილი ცხრილის სათავეშია წარმომადგენლობითი ხარჯებითაც. აქ შედის რესტორნის მომსახურების, სასმელი პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისთვის გაწეული ხარჯები. ჯამში, საუბარია 22 742 ლარზე. რესტორნის მომსახურებაზე ხარჯი არ გაუწევიათ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელფასებსა და საწვავზე ხარჯების გაზრდა ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომელთა აყვანამ განაპირობა. რწმუნებულის პირველი მოადგილის, დავით ფარცვანიას, განცხადებით, რეალურად, 2018-თან შედარებით, 2019 წელს ხარჯები მკვეთრად შემცირდა.

„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტი არის, დაახლოებით, 870 ათასი ლარი. აქ საუბარი იყო 2 წლის ჯამურ მაჩვენებელზე, თუმცა კლების ტენდეცია მიმდინარეობს.

ამ შემთხვევაში ავიღოთ მანქანის მომსახურების ხარჯები. ის, განსხვავებით 2018 წლისგან, 2019 წელს შემცირებულია.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, ის, განსხვავებით 2018 წლისგან, 2019 წელს შემცირებულია სამჯერ.

საწვავის თემაში უნდა გავითვალისწინოთ ბევრი ფაქტორი. პირველი ის, რომ რეგიონი ყველაზე დაშორებულია თბილისს; მეორე ფაქტორია ის, რომ წლის განმავლობაში ვაკანსიები შეივსო“, - განაცხადა რწმუნებულის პირველმა მოადგილემ.

დავით ფარცვანიასავე განმარტებით, საწვავის ხარჯების გაზრდა, ვაკანსიების შევსების პარალელურად, განპირობებულია რეგიონის მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი მოადგილეების სოფლებში გაზრდილი ვიზიტებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG