Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში დაიწყო სასამართლო პროცესი 2014 წელს ავიარეის MH17-ის ბოინგის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით


ორშაბათს ნიდერლანდში დაიწყო სასამართლო პროცესი „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის „ბოინგ-777“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი თვითმფრინავი დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს რაკეტით. დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი.

საქმეს განიხილავს ჰააგის საქალაქო სასამართლო, ვინაიდან დაღუპულთა უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქეები იყვნენ. სასამართლო საზოგადოებისთვის ღიად ტარდება. ვინც დარბაზში ადგილს ვერ იპოვის, შეძლებს პროცესს პირდაპირი ტელეტრანსლაციის მეშვეობით ადევნოს თვალი ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე.

მთავარი მოსამართლის თქმით, დარბაზში იმყოფებიან „ბოინგის“ ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ნათესავები, მათი ადვოკატები, ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის, ოლეგ პულატოვის ადვოკატი.

ხუთმა ქვეყანამ - ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ნიდერლანდმა და უკრაინამ შექმნეს ავიაკატასტროფის გარემოებების შემსწავლელი ერთობლივი საერთაშორისო ჯგუფი.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ლაინერი ჩამოგდებულ იქნა სარაკეტო დანადგარი „ბუკით“, რომელიც დონბასში ჩაიტანეს კურსკიდან, სადაც ის იყო რუსეთის არმიის საჰაერო დაცვის 53-ე ბრიგადის შეიარაღებაში. გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ სარაკეტო დანადგარის რუსეთიდან დონბასში ჩატანასთან კავშირი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს იგორ სტრელკოვს, სერგეი დუბინსკის, ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკოს. ყველას კავშირი ჰქონდა დონბასელ სეპარატისტებთან. მათ ადრე უკვე წაუყენეს ბრალი 298 ადამიანის სიკვდილში. ოთხი ბრალდებულიდან არცერთი არ ყოფილა სასამართლოში. აქამდე სამმა მათგანმა, რომლებთანაც შეძლეს ჟურნალისტებმა დაკავშირება, ბრალეულობა უარყო.

XS
SM
MD
LG