Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: გვარები დოკუმენტებში არ ჩაწერილა, თუმცა შეთანხმების საგანი იყო


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განმარტებით, ისეთ დოკუმენტებში, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე გაფორმდა, კონკრეტული გვარები არ იწერება, თუმცა შეთანხმების საგანი ეს გვარები იყო.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც ელჩების რეზიდენციებში მიმდინარეობდა, ძირითადად, ეხებოდა პოლიტიკურ დევნილებს და პოლიტიკურ პატიმრებს:

„იწყებოდა და მთავრდებოდა საუბარი ამათთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ კონკრეტულ 2 დოკუმენტში არ ჩაწერილა კონკრეტული გვარები, ვინ უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. მისი თქმით, თუ არ შესრულდება შეთანხმება პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების მიმართ, ვერ შესრულდება მეორე კომპონენტიც, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს:

„ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით... ხელისუფლებაში არიან ისინი, მათ აქვთ ბერკეტი, რომ გაათავისუფლონ ახლა ბატონი უგულავაც, ბატონი ოქრუაშვილიც, ბატონი რურუაც, ბატონი თამლიანიც ისევე, როგორც გაათავისუფლეს რამდენიმე დღის წინ ბატონი კოშაძე, რაც არის ნამდვილად მისასალმებელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ვინმეს გათავისუფლებაზე შეთანხმება არ შემდგარა. ასე გამოეხმაურა ის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

მისი თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ვინმეს გათავისუფლებაზე ან პატიმრობაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი უწყებები იღებენ.

გუშინ, 8 მარტს „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავიდა და ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა. შეთანხმების მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შევა, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG