Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამშრომლებს წარუდგინა სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ აზარაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, „დელტაში“ მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას ქვეყნის გასაძლიერებლად“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

სამინისტროს ცნობით, „დელტას“ ახალ დირექტორს, ზურაბ აზარაშვილს კომერციულ სტრუქტურებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

ზურაბ აზარაშვილი „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის თანამდებობას 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. ბანკის ვებგვერდის თანახმად, ის ბანკის საცალო, კორპორატიულ, პროდუქტებისა და მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 2013-2014 წლებში „ტერაბანკში“ მას ოპერაციების დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2008-2012 წლებში ამავე ბანკის საბარათე ოპერაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

„ტერაბანკის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2000-2008 წლებში ზურაბ აზარაშვილი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სს „ბანკ ქართუსა“ და სს „თიბისი ბანკში“.

აზარაშვილმა 1995-1999 წლებში მიიღო ESM-ის ბაკალავრის ხარისხი ზოგადი მენეჯმენტის სპეციალობით, ხოლო 2007-2009 წლებში გახდა ამავე ინსტიტუტის მაგისტრი ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „დელტას“ გენერალური დირექტორის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა უჩა ძოძუაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG