Accessibility links

Freedom House-მა თავისუფლების ხარისხი ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაზომა 


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, სახელწოდებით „თავისუფლება მსოფლიოში-2020: ბრძოლა დემოკრატიისთვის ლიდერების გარეშე“, ცალკეა გამოყოფილი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფლების ხარისხი.

„ფრიდომ ჰაუსის“ ექსპერტების დასკვნით, საქართველოს 100 შესაძლებლიდან 61 ქულა აქვს მინიჭებული და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. საერთო შედეგი ორი მაჩვენებლით დგება: პოლიტიკური უფლებები - 24 ქულა და სამოქალაქო თავისუფლება - 37 ქულა. რუსეთს 20 ქულა აქვს, აქედან 5 პოლიტიკური უფლებებისთვის და 15 სამოქალაქო თავისუფლებისთვის. ექსპერტებმა თავისუფლების ხარისხი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეც გაზომეს. აფხაზეთი 40 ქულით ნაწილობრივ თავისუფალთა რიცხვში აღმოჩნდა (პოლიტიკური უფლებები - 17, სამოქალაქო თავისუფლება - 23 ქულა), ცხინვალის რეგიონი კი 10 ქულით არათავისუფალთა სიაშია (2 ქულა პოლიტიკური უფლებებისთვის და 8 ქულა სამოქალაქო თავისუფლებისთვის). ამ მაჩვენებლით ოკუპირებული რეგიონი სიაში აზერბაიჯანის, სომალის, იემენისა და სუდანის მეზობლად აღმოჩნდა.

რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი დავით სანაკოევი იმ მიზეზებზე ლაპარაკობს, რამაც თავისუფლების ასეთი დაბალი ხარისხი გამოიწვია. მისი თქმით, ეს უკავშირდება საპარლამენტო არჩევნების დარღვევებით ჩატარებას, ჟურნალისტ ირინა ქელეხსაევასა და სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის დევნას. გარდა ამისა, ცხინვალში არ არსებობს არც საზოგადოებრივი და არც უფლებადამცველი ორგანიზაცია, მედია კი მთლიანად დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება:

დავით სანაკოევი (მარცხნივ)
დავით სანაკოევი (მარცხნივ)

„რა თქმა უნდა, იქ (ანგარიშში) გარკვეული სუბიექტური პოზიციებია. ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიას გვეძახიან. ხანდახან ე. წ. ექსპერტები მიმდინარე პროცესებს ისე აფასებენ, რომ სამხრეთ ოსეთში არც ჩამოდიან. ის, რაც რეალურად ხდება, ამაზე ჩვენც ვლაპარაკობთ. შეფასება 2019 წელს ეხება და ამ შემთხვევაში გამოსაყოფია, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უხეში დარღვევებით ჩატარდა და ამის შესახებ თავის დროზე ჩვენც ვსაუბრობდით. ასევე, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკური პარტიების დევნა; ჟურნალისტების დევნა, მაგალითად, ირინა ქელეხსაევასი. გარდა ამისა, პატიმართა უფლებების დარღვევა, სიტუაცია ლენინგორის რაიონში და სამოქალაქო აქტივისტ მეარაყიშვიილის დევნა, რომელიც, მესამე წელია, გრძელდება. და, რაც მთავარია, ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება, ფაქტობრივად, ძირფესვიანად ამოთხარეს“, - ამბობს სანაკოევი.

ოკუპირებულ ცხინვალში ადამიანის უფლებების, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების თვალსაზრისით რომ მძიმე ვითარებაა, ამას დიდი კვლევა არც სჭირდება. რამდენიმე წლის წინ, რუსეთის ფედერაციაში მიღებული კანონის მსგავსად, ადგილზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელ აგენტებად გამოაცხადეს და მათი სტიგმატიზაცია დაიწყეს. არასამთავრობო სექტორმა ამ წნეხს ვერ გაუძლო და ბევრმა ორგანიზაციამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ახლა ამ ორგანიზაციების წევრები იატაკქვეშეთში მუშაობენ და საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრებშიც მხოლოდ ინდივიდუალური სტატუსით მონაწილეობენ. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ არაერთ პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა, ახალშექმნილი პარტიები კი არც დაარეგისტრირა. ამან პოლიტიკური ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ეფექტურ კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, თითქმის ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, იმ ადამიანების უფლებები, ვისაც ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ და თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავენ. არის ფიზიკური ძალადობის, არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტები, არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში კი მკვლელობაც დაფიქსირდა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი გაკვირვებულია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლების ხარისხის კვლევით. მისი აზრით, შეუძლებელია, რუსეთის მიერ დაპყრობილ რეგიონებში, საიდანაც ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები გაიზომოს. ბენდიანიშვილის აზრით, ეს არის ამ რეგიონების ირიბი გაუაზრებელი აღიარება და სვამს კითხვას, იმავე პრინციპით ეს ორგანიზაცია ცალკე რატომ არ ზომავს რუსეთის რეგიონების - ჩეჩნეთის, თათარსტანისა და ინგუშეთის - თავისუფლების ხარისხს.

ზურაბ ბენდიანიშვილი
ზურაბ ბენდიანიშვილი

„არაერთხელ გვითქვამს, რომ თავისუფლების გაელვებაც კი არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და იქ მცხოვრები ადამიანები არაფერს წყვეტენ, ხოლო ხელისუფლება მთლიანად არის რუსული პოლიტიკის დანამატი. ვთქვათ, თუ აფხაზები ცდილობენ, რომ თვითკმარი საზოგადოება ააშენონ, რაღაცა დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხის მოპოვებას ცდილობენ, ეს არის აფხაზეთის რეიტინგის განმსაზღვრელი, მაგრამ ყველაზე გასაკვირი ჩემთვის არის ის, თუ რატომ ზომავს თავისუფლების ხარისხს ეს ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის მიერ სამხედრო ძალით დაპყრობილ ტერიტორიებზე და როგორ შეიძლება, ზოგადად, გაიზომოს მათ შორის პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი იქ, საიდანაც გამოყრილია ასიათასობით ადამიანი და წართმეული აქვთ ყოველგვარი უფლება ამ ადამიანებს და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად არიან დარჩენილები. გასაგებია, რომ „ფრიდომ ჰაუსი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და არა პოლიტიკური ინსტიტუტი, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია და, გამომდინარე აქედან, მართლა მიჩნდება ასეთი კითხვა: რა პრინციპით ზომავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავისუფლების ხარისხს? რატომ არ ზომავს თათარსტანის ან ჩეჩნეთის თავისუფლების ხარისხს? მე ვურჩევდი ჩვენს ხელისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ დაესვათ ეს კითხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის მოთხოვნაა და ცხინვალში ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად 2011 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებენ ხოლმე, როცა ხალხი არჩევნების გაყალბების შემდეგ ქუჩაში გამოვიდა და ალა ჯიოევას მიერ მოგებული საპრეზიდენტო არჩევნების დაცვას შეეცადა. საბოლოოდ, რუსეთმა ეს პროტესტი მაინც ჩაახშო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის დასვა პრეზიდენტად, ვინც უნდოდა. შესაბამისად, ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებია განთავსებული და საიდანაც ასობით ათასი მოქალაქეა გამოდევნილი, შეუძლებელია, საერთოდ თავისუფლების ნიშანწყალი არსებობდეს. აღსანიშნავია, რომ Freedom House-მა თავისუფლების ხარისხი გაზომა სხვა კონფლიქტურ რეგიონებშიც - არაღიარებულ დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღში, დონბასში, ყირიმში და ასე შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG