Accessibility links

რომან გოცირიძე: ოლქების ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა


რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო ოლქების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. „ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ, აი, ოლქების ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა“, - განაცხადა მედიასთან კომენტარში რომან გოცირიძემ.

„უნდათ, რომ თბილისში მოიპარონ ერთი ოლქი და დიდი თბილისი გაყონ შვიდ ოლქად, ნაცვლად რვა ოლქისა. ეს ჯერჯერობით მათი შიდა მოსაზრებაა. საბოლოო ჯამში, პარტიები შევთანხმდებით და ოლქებიც განაწილდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 11 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომას არ დაესწრება. მისი განმარტებით, ფრაქციის წევრები საპარლამენტო საქმიანობას მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ოპოზიციურ გაერთიანებასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე პირობა - საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - შესრულდება.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს,11 მარტს, იგეგმება საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტის ინიცირება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნები 130/20-ზე სისტემით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG