Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ყველა რეგიონმა დაუჭირა მხარი სადავო საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს


რუსეთის 85-ვე რეგიონმა, მათ შორის, ანექსირებულმა ყირიმმა და სევასტოპოლმა, მხარი დაუჭირეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ვლადიმირ პუტინს, წინა ვადების „განულების“ შემდეგ კენჭი კიდევ ორჯერ იყაროს პრეზიდენტის პოსტზე.

„ფედერაციის საბჭოს აქვს 85-ვე რეგიონის საკანონმდებლო კრებების კენჭისყრაზე მიღებული შედეგები. ყველა შედეგი პოზიტიურია და ფედერაციის საბჭო ამას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს“, - განაცხადა 13 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კლიშასმა.

ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს იწურება. პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო სათათბიროში იანვრის ბოლოს შეტანილი ცვლილებათა პაკეტი თავდაპირველად არ ითვალისწინებდა პუტინის მონაწილეობას შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში.

მაგრამ მეორე მოსმენის წინ საკონსტიტუციო ცვლილებებში ახალი პუნქტის ჩაწერის ინიციატივით გამოვიდა მმართველი „ედინაია როსიას“ წარმომადგენელი, კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა. მის ინიციატივას, რომელიც ვლადიმირ პუტინისათვის წინა საპრეზიდენტო ვადების „განულებას“ ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ორივე პალატამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონიერებას შეისწავლის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის თანხმობის შემთხვევაში, პუტინს, არჩევნებში გამარჯვების შედეგად, პრეზიდენტად დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება.

საკანონმდებლო ცვლილებებს უპირისპირდებიან პუტინის ოპონენტი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც პუტინსა და მმართველ პარტიას ხელისუფლებას უზურპაციაში ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG