Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის სექტორის კომპანიებს გადასახადებს გადაუვადებენ


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო, საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორს 4 თვით გადაუვადებს ქონების და საშემოსავლო გადასახადებს, - ამის შესახებ დღეს, 13 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გადავადება ეხება სასტუმროებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს და ტურიზმის სხვა სფეროებში მოქმედ კომპანიებს.

„ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში ოთხი თვის განმავლობაში - და ეს თვეები გახლავთ მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი - დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ. მისი განმარტებით, გადავადება მოხდება პირველ ნოემბრამდე.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფომ გადაწყვიტა დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს გაორმაგებაც: „ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდება დამატებით 600 მილიონი, რაც ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნებს მილიარდ 200 მილიონის ფინანსურ რესურსს“.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდება სასტუმრო ბიზნესისთვის სასესხო მომსახურების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების მექანიზმი და 6 თვის განმავლობაში, 4-დან 50 ნომრიანი სასტუმროებისთვის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო მოემსახურება. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეს შეეხება დაახლოებით 2000 სასტუმროს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც, ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით ინვესტირებული იქნება წლის ბოლომდე სამასი მილიონი ლარი. ყველაფერი ეს ერთად რომ შევაჯამოთ, არის დაახლოებით ერთი მილიარდი ლარის რესურსის ეკონომიკაში ან მიმართვა, ან დატოვება კომპანიების სახით, რამაც ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ეს საკმარისი არ იქნება და მთავრობა დაინახავს, რომ გლობალური გამოწვევები და ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა დამძიმდა, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG