Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილსა და ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონის ესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურ დირექტორს ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და სალომე ზურაბიშვილმა ტედროს ღებრეიესუსთან ახალ კორონავისრუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსის დაძლევის პროცესში ორგანიზაცია საქართველოს კვლავ აქტიურად გაუწევს ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას. როგორც ადმინისტრაცია იტყობიენება, მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით მიჰყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლსა და მართვას ექვემდებარება. საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან მიიღო პირობა ვირუსთან გამკლავების კუთხით ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერის კვლავ გაგრძელების შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა იმ ზომებისათვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის პრევენციისათვის გაატარა და განაცხადა, რომ დღევანდელი კომუნიკაციაც სწორედ თანამშრომლობისათვის სრული მზაობისა და მაღალი პოლიტიკური ნების გამოხატულებაა.

საუბრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პანდემიისგან დასაცავად.

11 მარტს ტედროს ადჰანომ ღებრეიესუმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის (COVID - 19) პანდემიად გამოცხადების შესახებ მსოფლიოს ამცნო.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს. 13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG