Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა: კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება, პენსია და პენსიონერების პრობლემა კი მუდმივია


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისას მთავრობამ ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს, რომლებიც მომავალში ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმში დაბრუნებას გაართულებს, მაგალითად, ჩამოშლის საპენსიო სისტემას.

ამ სიტყვებით მინისტრი გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას სავალდებულო საპენსიო შენატანების 8 თვით შეჩერების თაობაზე:

„კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ პენსია და პესიონერების პრობლემა არის მუდმივი. აქედან გამომდინარე, ყველა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ განცხადებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ევროპულმა საქართველომ“ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით 16 მარტს მთავრობას მიმართა ინიციატივით, სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს.

პოლიტიკური გაერთიანება ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი მთლიანობაში დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტემპებზე:

„დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მლნ ლარი დარჩება, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ;

მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას;

სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად.

ეს ყველაფერი მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქეებს, დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და შეაჩერებს ფასების ზრდას“, - აღნიშნავენ „ევროპულ საქართველოში“.

„პოლიტიკოსები, რაგინდ კეთილი მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეთ, მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე აგებენ პასუხს, ჩვენ კი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და, შესაბამისად, თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ აღნიშნული ინიციატივის საპასუხოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG