Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ოკუპირებული რეგიონებისთვის დახმარების მზადყოფნას ადასტურებს


ოკუპირებულ ახალგორთან მოსაზღვრე სოფელი ოძისი
ოკუპირებულ ახალგორთან მოსაზღვრე სოფელი ოძისი

საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ განაცხადა, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, მზად არის, დახმარება გაუწიოს ოკუპირებულ ტერტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობას შეზღუდული აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ გაუწიოს იგივე დახმარება, რასაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს უწევს: „მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“.

საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ ოკუპირებულ რეგიონებს დახმარება უკვე რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლებები უარს ამბობენ.

ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მთლიანად დაკეტეს. მათი მტკიცებით, ამ რეგიონებში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები არ დადასტურებულა. ამასთან, საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის საშუალებები არ გააჩნიათ. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 მარტს რუსეთიდან ელოდებიან დიაგნოზისთვის აუცილებელ საშუალებებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, კორონავირუსის გამოსავლენად აუცილებელი გამოცდილების მისაღებად სპეციალისტების ჯგუფი რუსეთში, სტავროპოლში გაგზავნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG