Accessibility links

აშშ და ევროპის 14 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების" შესახებ


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. ისინი არ აღიარებენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც გაიმართა „საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს“.

განცხადების ხელმომწერები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტს ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG