Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური: არის შემოვლითი გზებით საკარანტინო ზონის დარღვევის მცდელობები


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონად გამოცხადების 2 დღის განმავლობაში შემოვლითი გზით საკარანტინო ზონის დარღვევის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა, თუმცა დაკავებით არც ერთი არ დამთავრებულა:

„ზოგი ამბობს, რომ სეირნობს, ზოგი - ჩემს ბაღში გავდივარ სამუშაოდო. გუშინ შევაჩერეთ და მიბრუნდნენ, დღესაც იყო ერთი შემთხვევა, ისიც მობრუნდა, უკან წამოვიდა. რო ხედავს პოლიციელებს, უკან ბრუნდება. ისე, რომ გაიქცა და დევნა განხორციელდა და დავაკავეთ, ასეთი თემა არ ყოფილა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების პერსონალის გარდა, პერიმეტრს ერთდროულად ღამის ხედვის სითბური კამერებით აღჭურვილი 11-12 დრონი ფარავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვებს მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან უპასუხა.

„პირველი არხის“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაური ადგილზე გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების, პოლიციისა და სამხედროების მუშაობას. მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიერ მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მივიდა. ასევე მივიდა მართვის ცენტრის კარავშიც და მუშაობის პროცესს დააკვირდა. სპეციალურ საგუშაგოზე პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

24 მარტის 19 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 70 შემთხვევაა, მათ შორის ცხრა ადამიანი გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG