Accessibility links

„ჯეო ჰოსპიტალსი" განმარტავს, როდის ჩაუტარეს მარნეულელ პაციენტს გამოკვლევა


შპს „ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში COVID-19-ის შემთხვევის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღწერილია, ზომები, რაც მარნეულში, ინფიცირებული ქალის შემთხვევაში მიიღეს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პაციენტმა კლინიკას 18 მარტს მიმართა. მას პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. განცხადების მიხედვით, კლინიკამ ის მაშინვე მიიჩნია კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად და მათ შორის მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს. მიუხედავად ამისა, განცხადების თანახმად, პაციენტს კორონავირუსზე (COVID -19) გამოკვლევა მხოლოდ, მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა (განუვითარდა მძიმე მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი) და პაციენტის შესახებ მეორედ აცნობეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. პაციენტის ინფიცირება მხოლოდ 22 მარტს დადასტურდა.

გაეცანით შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის​ განცხადებას სრულად:

„შპს „ჯეო ჰოსპიტალს-ის მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 18 მარტს, თვითდინებით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით შემოვიდა მდედრობითი სქესის 62 წლის პაციენტი. რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე დაისვა ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი. პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა მძიმე თანმხლები დაავადებები: გადატანილი აორტო-კორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი 20 წლიანი ანამნეზით, 4 წლის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი.

დაწესებულების პერსონალმა აღნიშნული შემთხვევა მაშინვე ჩათვალა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად და COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის მართვისათვის განკუთვნილი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის სრული დაცვით გაკეთდა შეტყობინება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურში, ადგილობრივი ეპიდემიოლოგებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა პაციენტის გამოკითხვა და ინფორმაცია შემთხვევის შესახებ მიეწოდა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრებს.

პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით. 2020 წლის 21 მარტს პაციენტს განუვითარდა მძიმე მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს. იმავე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, განხორციელდა პაციენტის ბიოლოგიური მასალის აღება COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს დაისვა

COVID-19-ის დიაგნოზი. დკსჯეც-ის წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა ადგილზე შეისწავლეს მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა. თუმცა, პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მართვისას დაცული იყო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებები (შესაბამისი COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების მართვისათვის), კონტაქტირებულ პირებზე (ინტენსიური თერაპიის პაციენტები, სამედიცინო პერსონალი) დაწესდა მეთვალყურეობა და ისინი გადავიდნენ კარანტინის ან თვითიზოლაციის რეჟიმში. ამავდროულად, აღნიშნულ პირებს 2020 წლის 23 მარტს ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა COVID-19-ის იდენტიფიცირებისათვის (სულ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 თანამშრომელს და 16 პაციენტს), ყველა კვლევის შედეგი არის უარყოფითი.

მძიმე თანმხლები დაავადებებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, 2020 წლის 22 მარტს მართებულად ჩაითვალა, პაციენტის გადაყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გამოცხადდა კარანტინის ზონად. ამ ეტაპზე დაწესებულება არის მზადყოფნაში, უზრუნველყოს COVID-19 შემთხვევების მართვა საველე ჰოსპიტალსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულის შემთხვევის შესახებ 23 მარტს ილაპარაკა „ტვ პირველის“ ეთერში.

„ახლა საქმე არ გვაქვს საექიმო შეცდომასთან... ქალმა საავადმყოფოს რესპირაციული სიმპტომებით მიმართა, რომელიც ახასიათებს გრიპს. ამასთან, ამჟამად ალერგიის პერიოდია და მისი სიმპტომები ალერგიისას და კორონავირუსულ ინფექციას ძალიან ჰგავს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წამყვანის რეპლიკაზე, დამეთანხმეთ, მას კორონავირუსზე გამოკვლევა უნდა ჩატარებოდა, გამყრელიძემ უპასუხა: „არა, არა“. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაგრძო: „თუ ჩვენ ქვეყანაში დამტკიცებული გვაქვს განსაზღვრება, რა არის კორონავირუსით გამოწვეული რესპირაციული დაავადება, თუ ის არ ჯდება ამ განსაზღვრებაში, მაშინ, ტესტი არ ტარდება საერთოდ. ტესტი არ არის პანაცეა, ქალბატონს არ დაკლებია არაფერი, ის, რაც რესპირაციული დაავადების დროს გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება“.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, „კორონავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა არ არის, ეს გახლავთ სინდრომული მკურნალობა. შესვლისას არ იყო მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი, რომელიც გახლავთ განსაზღვრებაში. როგორც კი მე-2-3 დღეს გახდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრიგადა გამოიძახეს, გაკეთდა კორონავირუსზე რეაქცია და ის დადებითი აღმოჩნდა. ის გადაიყვანეს შესაბამის კლინიკაში, სადაც მკურნალობა გაგრძელდა“.

ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG