Accessibility links

stopcov.ge კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც გაავრცელებს


მარნეული

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვეიბსაიტი stopcov.ge, რომელზეც ქვეყნდება ცნობები კორონავირუს COVID-19-ის, მისი გავრცელების და არსებული შეზღუდვების შესახებ, ინფორმაციას ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეც გაავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, უკვე მუშაობს საიტის აზერბაიჯანულენოვანი ვერსია, რომელიც უახლოეს დღეებში უფრო სრულყოფილი გახდება. მზადდება ვებსაიტის სომხურენოვანი ვერსია.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის გასავრცელებლად აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა, ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გავრცელდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. მთავრობის ცნობითვე, ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილ საინფორმაციო მასალებს სახლებშიც არიგებენ.

23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით მარნეულელი ქალის დაინფიცირება, პირველადი შეფასებით, შიდა გადაცემის შემთხვევად გამოცხადდა.

ქვემო ქართლის გარდა, ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქე ცხოვრობს კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

25 მარტის 11:30 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 73 შემთხვევა. მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG