Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის გამო უცხოეთში ჩარჩენილი მოქალაქეების კიდევ ერთი ნაწილი 26 მარტს დაბრუნდება


საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, გამომგზავრებას ვეღარ ახერხებდნენ.

მთავრობასთან კოორდინაციით, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ 23 მარტს შეასრულა თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისი, ხოლო 24 მარტს „ეგეოსის ავიახაზებმა“ ათენი-თბილისი-ათენის რეისი.

მომდევნო განრიგი ასეთია:

26 მარტს შესრულდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი;

31 მარტს თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი;

7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისი;

10 აპრილს ლარნაკა-თბილისი.

„მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა დღეს, 25 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ უახლოეს, 26 და 31 მარტის ავიარეისებს: „როგორც უკვე ცნობილია, კომპანია „აირზენას“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა. შედეგად, ჩვენ ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარება გვაქვს ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ რეისებზე გაყიდული ბილეთების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებიც საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროების პროდუქტებით“.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ვენიდან და ამსტერდამიდან საქართველოს ამ მოქალაქეთა დაბრუნება უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ მათი რაოდენობა მცირე არ არის: „ორივე საჰაერო ხომალდი, ფაქტობრივად, სრულად ივსება. მეტი გამჭირვალობის და სანდოობისთვის, ჩვენი მოთხოვნით კომპანია მზად არის გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია“.

რაც შეეხება ვარშავის, ათენისა და ლარნაკის რეისებს, ზალკალიანის ინფორმაციით, ბილეთები ფრენამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდება თანმიმდევრობით, თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებსაიტზე.

„რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლითა და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით. ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებგვერდზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, ნებისმიერი კლასის სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი მკაცრად დაცული უნდა იყოს.

უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG