Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას წყვეტს, ინფიცირებულია 840 პირი

კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის გამო, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, აკრძალოს საზღვარგარეთ რეგულარული და ჩარტერული ავიარეისები.

პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ფედერალურ სააგენტო „როსავიაცია“-ს დაავალა, 27 მარტიდან შეაჩეროს ავიამიმოსვლა რუსეთის აეროპორტებიდან სხვა ქვეყნებში და პირიქით. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად და მთავრობის ცალკეული გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

მიშუსტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ჯანდაცვის, ტრანსპორტის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ავიაკომპანია „აეროფლოტს" გაუგზავნოს ამ დროისთვის შედგენილი სია იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების გზებს ეძებენ. უცხოეთიდან დაბრუნებულმა რუსეთის მოქალაქეებმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

26 მარტის მდგომარეობით, რუსეთში ოფიციალურად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 840 შემთხვევა. წინა დღით ეს რიცხვი 658-ს უდრიდა, მათგან მოსკოვში 136 იყო ინფიცირებული.

რუსეთში გარდაცვლილი პირველი ორი პაციენტის შესახებ იტყობინებიან, რომ ისინი, ასაკოვანი პაციენტები პნევმონიით იყვნენ დაავადებული და სხვა გართულებებიც ჰქონდათ.

19 მარტს, მოსკოვში გარდაცვლილი 79 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზების შესახებ იტყობინებიან, რომ თავდაპირველი ცნობა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, არ დადასტურდა და გაკვეთამ აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო.

ყველა ახალი ამბავი

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კომენდანტის საათის გამოცხადებაზე ფიქრობს

სოხუმის ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუს COVID-19-ის გავრცელებასთან საბრძოლველად შექმნილი საკოორდინაციო შტაბი აცხადებს, რომ მსოფლიოში და „მეზობელ ქვეყნებში“ დაავადებულთა რიცხვის ზრდა და ადგილობრივ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული გაუაზრებელი დამოკიდებულება აიძულებს, რომ ზომების გამკაცრებაზე იფიქროს.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით მოქმედი შტაბი ამგვარ ზომებად ასახელებს კომენდანტის საათის გამოცხადებას და „სახელმწიფო საზღვარზე“ მიმოსვლის სრულად აკრძალვას, გარდა სურსათის და სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირებისა. საუბარია რუსეთთან ე.წ. საზღვარზე.

შტაბის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ უახლოეს დღეებში არ შემცირდება ტრანსპორტით და ქვეითად გადაადგილების ინტენსივობა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. აიკრძალა უცხო ქვეყნების მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა, მასობრივი შეკრებები, მიტინგები და სხვა ღონისძიებები, შეიზღუდა ტრანსპორტის მიმოსვლა და დაიხურა სავაჭრო და გასართობი დაწესებულებები. აკრძალვა არ ეხებათ სურსათის მაღაზიებს და აფთიაქებს. ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად რუსეთიდან მიღებულ ტესტირების საშუალებებს იყენებენ და დღემდე COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამასთან, 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ კორონავირუსით დაავადებულია გალის რაიონის მცხოვრები ქალი, რომელიც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დილით დაბრუნდა. პაციენტი ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშია.

ბოლო დღეებში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე გახსნა 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი და საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად გამგზავრების საშუალება მისცა საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს.

აშშ აცხადებს, რომ რუსეთისგან სამედიცინო საშუალებები იყიდა

სამედიცინო დანიშნულების ტვირთი რუსულ სამხედრო თვითმფრინავში

სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ რუსეთიდან ნიუ-იორკში ჩატანილი სამედიცინო დანადგარები და სხვა საშუალებები აშშ-მა შეიძინა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, პრეზიდენტებს, ტრამპს და პუტინს შორის 30 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ დათანხმდა რუსეთისგან შეეძინა საჭირო სამედიცინო დანადგარები, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები.

ორტაგუსის განცხადებაში არ არის დასახელებული ტვირთის მოცულობა და თანხა, რომელიც აშმა-მა გადაიხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ კორონავირუს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს ბევრ სახელმწიფოსთან.

1 აპრილს რუსული მედია აქტიურად იუწყებოდა, რომ სამხედრო თვითმფრინავით ნიუ-იორკში ჩატანილი სამედიცინო დანიშნულების ტვირთი აშშ-ისადმი რუსეთის საჩუქარი და ჰუმანიტარული დახმარებაა.

2 აპრილს რუსულმა სააგენტო "რია-ნოვოსტიმ" და მასზე დაყრდნობით სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადება, თუმცა, რუსულ ვარიანტში არ არის ნახსენები, რომ აშშ-მა სამედიცინო საშუალებები შეიძინა.

კრემლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი დახმარებას იყენებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდისთვის, რათა უცხოეთში შიში დათესოს, რუსეთში კი, პუტინის პოზიციები გააძლიეროს. ცოტა ხნის წინ მოსკოვმა დატვირთული თვითმფრინავები და ათობით ექსპერტი გაგზავნა იტალიაში.

Bloomberg: ჩინეთი COVID-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა მონაცემებს აყალბებს

ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ თეთრი სახლისთვის წარდგენილი მოხსენების თანახმად, ჩინეთში კორონავირუს COVID-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

მათ საიდუმლო მოხსენების შინაარსზე დეტალურად საუბარი არ ისურვეს, თუმცა, თქვეს, რომ ჩინეთი რეალურ მონაცემებს შეგნებულად არ აქვეყნებს. ამერიკულმა დაზვერვამ თეთრ სახლს საიდუმლო მოხსენება გასულ კვირაში წარუდგინა.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით დაავადდა 81 500-ზე მეტი ადამიანი და მათგან 3312 გარდაიცვალა.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან და დღემდე მოიცვა 200-ზე მეტი ქვეყანა და ტერიტორია. მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი უკვე 1 000 000-ს უახლოვდება. გარდაცვლილია 47 000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აშშ, სადაც 215 000 ათასზე მეტი ადამიანი უკვე დაავადდა და 5 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

გახარიას თქმით, თუ კომპანიები ჯანდაცვის პირობებს შეასრულებენ, ონლაინგაყიდვების ნებართვას მიიღებენ

საქართველოში ბევრ პროდუქციაზე ონლაინგაყიდვების შეწყვეტის შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ყველა შემთხვევაში როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე მაინც გამოვდივართ COVID 19-დან, იმიტომ რომ ესაა ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ ესაა ის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა შემაწუხა და მომმართა ამასთან დაკავშირებით, იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომლებსაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ მაგალითად, თუ მინდა ტელეფონის ან ყურსასმენის ყიდვა... როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური ფლეიერის ყიდვა ვერ მოვითმინოთ?! ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მიუხედავად შეზღუდვებისა, გიორგი გახარია პირობას დებს, რომ კონკრეტული ჯანდაცვის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიები პროდუქციის ონლაინგაყიდვის ნებართვას მიიღებენ.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს „ბექოფისში“ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამინების შრომას. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ დიდ სავაჭრო ქსელები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე, არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მუშაობის ეს ნებართვა მივიღოთ, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, მაქსიმალურად მომსახურების დისტანციურ ფორმებზე გადავიდეთ. ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას“, - თქვა გახარიამ.

საქართველოში შეზღუდვა ორი დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე შეიზღუდა.

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდება.

გახარია: იქ სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, გავაკეთოთ სახლში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მისაღები ღონისძიებების შესახებ მთავრობასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არის კომუნიკაცია.

„ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ“, - თქვა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ეკლესიაში მიღებულ ზომებსაც ეხმაურება.

„მე არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 3 კვირაა და ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. მე ვუყურებ, როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის ნაწილში. ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი - გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ, რაც მთავარია, ერთმანეთს, მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში, ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ, მისი ახლობლების და მისი გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ ქვეყანაზე“, - თქვა გიორგი გახარიამ.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

ეზუგბაია: პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე, ალბათ მას შევასრულებ

„მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი ალბათ მას შევასრულებ“, - ასე უპასუხა ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რეკომენდაცია „დარჩი სახლში“ უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლს?

შეკითხვაზე, როგორც ექიმს განსხვავებული რეკომენდაციები გაქვთ მრევლისთვის და სხვებისთვის? ეზუგბაია პასუხობს: „ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, მეტ-ნაკლებად. თუ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს, აქ ლაპარაკია სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით, თუ დაიცვება ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება“.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

რუსეთმა დახმარება გაუგზავნა აშშ-ს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

რუსეთმა განაცხადა, რომ 1 აპრილს სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა აშშ-ში კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად.

მრავალი კრიტიკოსი აცხადებს, რომ რუსეთი ამ დახმარებას იყენებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდისთვის, რათა უცხოეთში შიში დათესოს, რუსეთში კი გააძლიეროს პუტინის პოზიციები. ახლახან მოსკოვმა დატვირთული თვითმფრინავები და ათობით ექსპერტი გაგზავნა იტალიაში.

ამასობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობებით იწონებდა თავს, ანალოგიურ გაფრთხილებებს აწყდება შინ მათგან, ვინც შეშფოთებულია რუსეთის მოქმედებით და ფიქრობს, რომ მოსკოვი მგავს ნაბიჯებს იყენებს გავლენის მოსაპოვებლად, რათა მიაღწიოს მის მიმართ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 4476.

ჩეხეთის მთავრობა საგანგებო ვითარების 30 დღით გახანგრძლივებას აპირებს

ჩეხეთის მთავრობა პარლამენტს მიმართავს თხოვნით, 30 დღით გაახანგრძლივოს საგანგებო ვითარება, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა. საგანგებო ვითარების ამჟამად მოქმედი 30-დღიანი პერიოდის ვადა 11 აპრილს იწურება.

საგანგებო ვითარება მთავრობას უფლებას აძლევს მიიღოს ახალი კორონავირუსის გავრცელების შენელებისკენ მიმართული ისეთი ზომები, როგორებიცაა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, მაღაზიებისა და რესტორნების დახურვა, ასევე სამედიცინო მარაგის შესყიდვის რეგულირება.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1 აპრილისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3508 შემთხვევა, საერთო ჯამში გარდაიცვალა 39 ადამიანი.

ილია II მიმართვას აქვეყნებს

„მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის მიმართვაში.

პატრიარქი სულიერ შვილებს მიმართავს და სთხოვს, მიიღოთ შემდეგი რჩევები:

  • „ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:
  • ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;
  • საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში - შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;
  • საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;
  • მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;
  • სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;
  • მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს“.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო

უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩები ივნისშიც არ ჩატარდება. ამრიგად, საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა უკვე მეორედ გადაიდო.

ერთა ლიგის ნახევარფინალი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდს ჯერ კიდევ 26 მარტს უნდა ეთამაშა, „დინამოარენაზე“ და თუ ბელარუსს მოუგებდა, 31 მარტს ფინალში ისევ საკუთარ კედლებში უმასპინძლებდა ჩრდილოეთ მაკედონიის ან კოსოვოს ნაკრებს. პლეი ოფის თამაშების ჩატარება კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ხერხდება და ამ ეტაპზე სავარაუდო თარიღიც კი არაა ცნობილი.

ერთა ლიგის ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ევროპირველობა წლეულს, ივნის-ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიდო, 2021 წლის ზაფხულამდე.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა იტყობინება.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ესპანელმა მედიკოსებმა 6000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დააფიქსირეს. პანდემიის დაწყებიდან ესპანეთში COVID-19-ით თითქმის 9000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო ზომები.

დაავადების დადასტურებული შემთხვევების მიხედვით ესპანეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და იტალიის შემდეგ. აშშ-ში 190 ათას ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია, გარდაიცვალა 4102. იტალიაში აღრიცხულია თითქმის 106 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 12428, რაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩინეთში, საიდანაც დაიწყო პანდემია, დადასტურებულია 82 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 3000-ზე მეტი. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ COVID-19-ის გავრცელების სიჩქარე იკლებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. 1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 117 ადამიანს აქვს დადასტურებული, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი 10 წლის ბავშვია

„დღეს დილიდან დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა. ერთი პაციენტი არის სომხეთიდან ჩამოსული. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. კეთდება ახლა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები“, - თქვა ცენტალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ეზუგბაიას თქმით, 10 წლის ბავშვია. ის ბათუმდან მშობელთან ერთად გადმოჰყავთ ცენტრალურ ინფექციურ საავდმყოფოში. „ბავშვის ისტორია ჩემთვის ცნობილი არ არის, ხვალ [2 აპრილს], როცა მივიღებ პაციენტს შემდეგ ვილაპარაკოთ“, - დასძინა ექიმმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 10 წლის ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა კარანტინში. როგორც მიქელაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში იყო მისი მკურნალობის საშუალება, ბავშვის ოჯახი თბილისში ცხოვრობს და ამიტომ გადაწყვიტეს მისი გადაყვანა.

ეზუგბაიამ ინფექციური საავადმყოფოს სხვა პაციენტების შესახებაც ილაპარაკა, როგორც ის აღნიშნავს, ორი მძიმე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა , მათი მდგომაროება ჯერჯერობით არასტაბილურია, აქედან გამომდინარე, მდგომარეობის პროგნოზირება შეუძებელია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმის არის, უმეტესობა - მსუბუქი და საშუალო“.

გამოკვლევის ახალ შედეგებს ეზუგბაია საზოგადოებას დილით გააცნობს. გარდა პაციენტებისა, ორი კვირის ინტერვალით სამედიცინო პერსონალაც უტარდება ტესტირება და მათი შედეგები უარყოფითია.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

ევროკავშირი: რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას

რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის კამპანიის ხელშეწყობას. ამას „საზიანო შედეგები“ შეიძლება მოჰყვეს მსოფლიოში ჯანდაცვისთვის, ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ანგარიშში.

1 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტი დაწერილია ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის განყოფილების მიერ. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო და სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი აქტორები „ცდილობენ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი გამოიყენონ გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის, ხშირად ევროკავშირისა და მისი პარტნიორების სანდოობის პირდაპირ ეჭვქვეშ დაყენებით“.

ეს კამპანია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კრიზისის პირობებში ეფექტიან კომუნიკაციასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის გავრცელებას ევროკავშირის დაშლისკენ მივყავართ, ფართოდ არის გავრცელებული სოციალურ ქსელებში, წერენ ანგარიშის ავტორები.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ COVID-19-თან დაკავშირებულ მასალებს შორის, რომლებსაც რუსეთის მთავრობის დაფინანსებაზე მყოფი RT და Sputnik-ი აქვეყნებენ, არის „სტატიები, რომლებშიც ლაპარაკია კონსპირაციულ სიუჟეტებზე, მაგალითად, რომ ვირუსი ადამიანის მიერაა შექმნილი ან რომ ის განზრახ გავრცელდა“.

EMC მზადაა „Evolution Gaming“-დან  დათხოვნილთა  ინტერესები სასამართლოში დაიცვას

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC, კომპანია „Evolution Gaming“-ის მიერ დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის ფაქტს ქვეყანაში არსებული შრომოთი სტანდარტების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

”ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ, „ევოლუშენ გეიმინგმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო 1 300-მდე დასაქმებული სამსახურიდან დაითხოვა”, - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში. EMC-ის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის ქვეყანაში მოქმედი უფლებრივი სტანდარტების უგულებელყოფა:

„ცხადია, რომ ევოლუშენ გეიმინგმა სამუშო ძალა შეამცირა არა ფუნქციონირებისათვის საჭირო კადრების გამორჩევითა და გამოყოფით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვისთან უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეძლებდა შრომითი ურთიერთობის გაწყვეტას. ცხადია, რომ ეს გადარჩევა კომპენსაციის გადახდის ვალდებულების თავის არიდების გამო განახორციელა და არ იყო მოტივირებული საჭიროებების კვლევით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

EMC მხარს უჭერს „Evolution Gaming“-დან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს და მზადაა არსებული რესურსის გათვალისწინებით, მათი ინტერესები სასამართლოშიც დაიცვას.

ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ „Evolution Gaming“-მა 1300 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 31 მარტს განაცხადა. დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილი მდგომარეობა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება დაასახელა.

1 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მიმდინარე წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად.

თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის მხარდაჭერის 2 მილიარდიანი პაკეტის მიწოდებით ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მოქალაქეებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

ციხელაშვილი: აფხაზეთიდან გადმოყვანილი ორი ბავშვი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ლაპარაკობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პაციენტი მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება სხვა პირებს, ციხელაშვილი ამბობს, რომ „ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ [31 მარტს] და მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. იმ ქალბატონთან, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე 7 პირი გადმოყვანილია და კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაში არიან. ვფიქრობთ, რომ ამ ქალის მოგზაურობის ისტორიასა და მის კონტაქტებთან დაკავშირებით მეტწილად მიღებულია ზომები. ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა“.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, წინა დღეებში რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ასობით ადამიანი ჩავიდა. „რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს“, - თქვა ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი, ციხელაშვილის შეფასებით, მდგომარეობა შემაშფოთებელია. როგორც მინისტრი ამბობს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია და ის შეთავაზებებს არ იღებს.

„საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა იქ არ არის, გარდა წითელი ჯვრისა, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სრული იზოლაციის პირობებში, მოსახლეობას შევუმსუბუქოთ.

ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში“, - აღნიშნავს ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას დახმარებოდა. „დღეს უკვე ნაბიჯებს ვდგამთ“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლებას გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა შეატყობინა, რომ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გამომგზავრება სურდა კიდევ ერთ ქალს, რომელსაც ასევე ჰქონდა ცხელება და ხველა, თუმცა ის ე.წ. მესაზღვრეებმა არ გაატარეს. ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ექიმმა ლალი დარახველიძემ.

კოსოვო აუქმებს 100%-იან გადასახადს სერბეთიდან იმპორტზე, სერბეთი ამას "სიყალბეს" უწოდებს

კოსოვომ განაცხადა, რომ აუქმებს 100-პროცენტიან გადასახადს მეზობელი სერბეთიდან საქონლის იმპორტზე. მაგრამ, ბელგრადის თანახმად, ეს „ყალბი ინფორმაციაა“ და აცხადებს, რომ პრიშტინამ ფაქტობრივად გაამკაცრა ზომები.

1 აპრილიდან სერბეთიდან კოსოვოში შეტანილი ყველა საქონლისთვის საჭირო იქნება მხოლოდ დოკუმენტაცია, „რომელიც შეესაბამება კოსოვოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას“, განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ ქურთიმ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბუთებში კოსოვო მოხსენიებული იქნება „კოსოვოს რესპუბლიკად“, რაც კოსოვოს დე ფაქტო აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

სერბეთიდან შეტანილ საქონელზე ასპროცენტიანმა ტარიფმა, რომელიც 2018 წელს იქნა შემოღებული, კოსოვოში შიდა დაპირისპირება გამოიწვია და ქურთის მთავრობა კოლაფსამდე მიიყვანა. მას კოსოვოს დასავლელი მხარდამჭერებიც ეწინააღმდეგებიან.

სერბეთის მთავრობის წარმომადგენელმა მარკო ჯურიჩმა განაცხადა: „ქურთის არ გაუუქმებია გადასახადები. არ მოტყუვდეთ ყალბი ახალი ამბით“. მისი თქმით, სიახლე არ მოახდენს დეესკალაციას და არ აღადგენს იმ ვითარებას, რაც იყო გადასახადების შემოღებამდე.

ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარული ბაზრები შესაძლოა დაიხუროს

სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარული ბაზრების ადმინისტრაციებს აფრთხილებს, უზრუნველყონ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების შესრულება. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რწმუნებულის თქმით, ბაზრები დაიხურება.

„ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს - ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. ის, რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.

ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

მარნეულისა და ბოლნისის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, საპოლიციო კონტროლი სამეგრელოში 29 მარტიდან გამკაცრდა. 31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

საქველმოქმედო ტურნირი - NBA-ის კალათბურთელები დისტანციურად ითამაშებენ

კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი პაუზის პერიოდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბებს შორის კომერციული მინიტურნირი გაიმართება, ოღონდ ერთკვირიანი შეჯიბრება ისე ჩაივლის, რეალურად საკალათბურთო მოედანზე არავინ გავა. თანამედროვე მსოფლიოს კალათბურთის ვარსკვლავები 4 აპრილიდან კომპიუტერებს მიუსხდებიან და ვიდეოთამაშ 2K20 NBA-ის შეჯიბრებაში ჩაებმებიან. 11 აპრილს კი უკვე ჩემპიონი გამოვლინდება.

NBA 2K ტურნირი საქველმოქმედო იქნება და ჩემპიონი მთავარ ჯილდოს - ასი ათას დოლარს კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ რომელიმე ორგანიზაციას გადასცემს. უკვე გადაწყვეტილია, რომ თამაშების ტრანსლაცია ტელეარხებზე - ESPN-სა და ESPN2-ზე შედგება.

კონკურენციაში NBA-ის თექვსმეტი მოთამაშე ჩაებმება. ისინი ამ თამაშის რეიტინგის მიხედვით დანომრეს. წილისყრაც რეიტინგის გათვალისწინებით მოეწყო. მონაწილეთა შორის არიან კევინ დურანტი და დონოვან მიტჩელიც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

ტურნირის პირველ და მეორე ეტაპებზე გამარჯვებულის ბედს თითო შეხვედრა გამოავლენს. ნახევარფინალები და ფინალი კი სამ მოგებამდე გაიმართება.

აქვე მერვედფინალური წყვილებიც:

  • კევინ დურანტი („ბრუკლინი“) - დერიკ ჯონსი („მაიამი“)
  • ტრაე იანგი („ატლანტა“) - ჰარისონ ბარნსი („საკრამენტო“)
  • ჰასან ვაიტსაიდი („პორტლენდი“) - პატრიკ ბევერლი („კლიპერსი“)
  • დონოვან მიტჩელი („იუტა“) – რუი ჰაჩიმურა („ვაშინგტონი“)
  • დევინ ბუკერი („ფინიქსი“) – მაიკლ პორტერი („დენვერი“)
  • ანდრე დრამონდი („კლივლენდი“) - დემარკუს კაზინსი („ლეიკერსი“)
  • ზაკ ლავინი („ჩიკაგო“) – დეანდრე აიტონი („ფინიქსი“)
  • მონტრეზლ ჰარელი („კლიპერსი“) – დომანტას საბონისი („ინდიანა“)

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა. დისტანციურად, საჭმლის გარდა, ვერაფერს იყიდით. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მაგალითად, შესაძლებელია გამომცხვარი პიცის ან წვნიანის შეკვეთა, მაგრამ ვერ იყიდით წიგნს, სათამაშოს და ა.შ.

საქართველოში ეს შეზღუდვა ორი დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე შეიზღუდა.

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდება.

გომელაური: მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაშია რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაშია, თუმცა წინასწარ დაგეგმილი არაფერია:

"გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მან ჟურნალისტების შეკითხვებს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოების მონახულების შემდეგ უპასუხა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 16 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

2 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.24 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

2 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - ​3.2413 ლარი (1 აპრილი - 3.2816);
  • 1 ევრო - 3.5460 ლარი (1 აპრილი - 3.5960);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0127 ლარი (1 აპრილი - 4.0584);
  • 100 რუსული რუბლი - 4.1164 ლარი (1 აპრილი - 4.2022);
  • 1 თურქული ლირა - 0.4864 ლარი (1 აპრილი - 0.5003).

1 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.2000 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

1 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

ბელარუსი უარყოფს კორონავირუსის პირველ მსხვერპლს

ვიქტორ დაშკევიჩი

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ 30 მარტს ვიტებსკში გარდაცვლილი პირის სიკვდილის მიზეზი არ იყო კორონავირუსი და, ამგვარად, უარყოფს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი მსხვერპლის არსებობას.

ცნობილი მსახიობის, ვიქტორ დაშკევიჩის ნათესავებმა 31 მარტს მიიღეს აუტოფსიის საბუთები, რომლის მიხედვითაც, 75 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი იყო „დაუზუსტებელი პნევმონია“.

ბელარუსის დამსახურებული არტისტი, ვიქტორ დაშკევიჩი 21 მარტს მოათავსეს საავადმყოფოში პნევმონიით, მას ფილტვების ქრონიკული დაავადება აწუხებდა. მისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ორი ტესტიდან ერთ-ერთი პოზიტიური აღმოჩნდა.

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ბელარუსის მიდგომას გაუმჭვირვალობისთვის აკრიტიკებენ. ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს მედიაზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს პოლიტიკას კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში.

ამჟამად ბელარუსში, ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია 163 ინფიცირებული.

შს მინისტრი: საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 350-მდე პირი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 21 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით წესების დარღვევისთვის 350-მდე ადამიანი და 15-მდე კომპანია დააჯარიმეს. ამის შესახებ მან ჯარიმებზე საუბრის დროს განაცხადა.

ამ 350 ადამიანს შორის 17 გუშინ, 31 მარტს კომენდანტის საათის წესების დარღვევის დროს დააჯარიმეს.

"ჩვენ მეტს ველოდებოდით დარღვევებს", - თქვა მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევებზე საუბრის დროს.

საქართველოში კომენდანტის საათი გუშინ, 31 მარტს, 21:00 საათიდან ამოქმედდა. წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირს აპატიმრებენ, კომპანიას აჯარიმებენ ანდა საქმიანობას უჩერებენ.

შს მინისტრი: კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 ადამიანი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გუშინ, 31 მარტს კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 ადამიანი დააჯარიმეს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ თქვა.

"ჩვენ მეტს ველოდებოდით დარღვევებს", - თქვა მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევებზე საუბრის დროს.

საქართველოში კომენდანტის საათი გუშინ, 31 მარტს, 21:00 საათიდან ამოქმედდა. წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით ჯარიმდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG