Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: საყოველთაო კარანტინზე მსჯელობა დღემდე არ ყოფილა


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

საქართველოში კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საბჭოს დღემდე არ უმსჯელია ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ.

„საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს თუ არა, არის ეს დრო ახლოს თუ შორს, ამაზე არავითარი მსჯელობა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში დღემდე არ შემდგარა, რადგანაც ჩვენ გვაქვს იმის ღრმა რწმენა, რომ თითოეულ რეკომენდაციას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ვრცელდება, მკაცრად დავიცავთ და არ იქნება ამ ზომის გამოცხადება საჭირო“, - თქვა თეა წულუკიანმა საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სხდომის დაწყებამდე, საბჭოს წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მედიას უთხრა, რომ საყოველთაო კარანტინამდე „შორს არ ვართ“.

„შესაძლოა, თუ არ იქნა ადეკვატური ქცევა საზოგადოებისა და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მოქალაქეებისთვის საბჭოს მიერ მიცემული ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა სახლში დარჩენა და გარეთ გასვლა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, კარანტინის რეჟიმი კი, ამ ეტაპზე მხოლოდ მარნეულსა და ბოლნისში მოქმედებს.

27 მარტის 13:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 13.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG