Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NCDC მშობლებს მოუწოდებს, ბავშვების გეგმური აცრები ვადების დაცვით განაგრძონ


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს მიმართავს, რომ ბავშვების გეგმური ვაქცინაცია უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში გააგრძელონ.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე.

„შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა.ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, იმ დაწესებულებებისთვის, სადაც ბავშვების გეგმური ასაკობრივი ვაქცინაცია ტარდება, გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტის დრო მშობელთან წინასწარ შეთანხმდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა და რიგები.

27 მარტის 16 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 13.

XS
SM
MD
LG