Accessibility links

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა


მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. შემთხვევათა ორი მესამედი ევროპაშია რეგისტრირებული.

29 მარტს ესპანეთმა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა პანდემიის თვალსაზრისით, განაცხადა, რომ უკანასკნელ დღე-ღამეში 829 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობამ 6528-ს მიაღწია. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 72248-დან 78797-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის თვალსაზრისით ესპანეთი ჩამორჩება მხოლოდ იტალიას, სადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს, ინფიცირებულია 92472.

აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში ინფექციის 680 ათასი შემთხვევაა დადასტურებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო, ნიუ-იორკის რეგიონი არ მოათავსოს კარანტინში მას შემდეგ, რაც მის ამ გეგმას მწვავე რეაქცია მოჰყვა ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან.

როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ და ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ნედ ლამონტმა თქვეს, მკაცრი კარანტინის შემოღება პანიკას ატეხს და კიდევ უფრო მეტ ზარალს მიაყენებს საფინანსო ბაზრებს. ამასთან, კუომოს თქმით, ეს ზომები „აბსურდული“ და „ანტიამერიკული“ იქნებოდა.

აშშ-ში, თავდაპირველი შეყოვნების შემდეგ დაჩქარებით დაიწყეს ტესტირება. 29 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 124 ათასს გადააჭარბა. ეს მსოფლიოში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ამ დროს ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის პანდემია გასული წლის ბოლოს, ორთვიანი მკაცრი საკარანტინო ზომების თანდათან შესუსტება დაიწყეს.

28 მარტს ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაფიქსირებულია დაავადების 54 ახალი შემთხვევა. მისი თქმით, ყველა უცხოეთიდან არის შესული.

თუმცა ექსპერტები ეჭვით უყურებენ ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს, ვინაიდან ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს ადგილობრივ მედიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG