Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობის ექსპერტი: COVID-19-ს შეიძლება 200 ათასამდე ამერიკელი ემსხვერპლოს


ენტონი ფაუჩი
ენტონი ფაუჩი

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობამ 200 ათასს შეიძლება მიაღწიოს, ინფიცირებულთა რიცხვმა კი - მილიონებს. ასეთი განცხადება გააკეთა კვირას აშშ-ის მთავრობის მთავარმა ექსპერტმა ინფექციონისტმა მაშინ, როცა, როიტერის ცნობით, ნიუ-იორკში, ნიუ-ორლეანსა და სხვა დიდ ქალაქებში სამედიცინო პრეპარატებით მომარაგების პრობლემები შეინიშნება.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ ეს განცხადება დღეს გააკეთა CNN-ის ეთერში. მისი თქმით, პანდემიას აშშ-ში შესაძლოა 100 ათასიდან 200 ათასამდე სიცოცხლე ემსხვერპლოს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, 2010 წლიდან ამერიკაში გრიპით წელიწადში 12-დან 61 ათასამდე ადამიანი კვდება. ცენტრის ინფორმაციით 1918-1919 წლების „ესპანური გრიპის“ შედეგად აშშ-ში 675 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

დღეის მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ს 2300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევების რიცხვი ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში.

ამჟამად აშშ-ში დაავადების 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG