Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ბლოკის ლიდერებს, წინ აღუდგნენ რუსეთ-ჩინეთის დეზინფორმაციას


ევროპარლამენტართა ჯგუფი მოუწოდებს კავშირის ლიდერებს, რათა საპასუხო ზომები დაუპირისპირონ რუსეთიდან და ჩინეთიდან დაძრულ დეზინფორმაციას, რაც კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებელად ევროკავშირის მიერ განხორციელებული ქმედებების ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.

„სასწრაფოდ საჭიროა კონცენტრირებული ძალისხმევა მტრული გეოპოლიტიკური ამბიციების მქონე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არსებული კრიზისის ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ“, - ნათქვამია 39 ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ მიმართვაში, რომლის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი.

წერილში, რომელიც 27 მარტითაა დათარიღებული, კერძოდ, ნახსენებია „ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალი პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ძალიხმევა“, საუბარია მცდელობებზე, ძირი გამოუთხარონ ევროკავშირს, „დათესონ უიმედობა კავშირის ქვეყნებსა და მის სამეზობლოში ევროკავშირის, მისი დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების მიმართ“.

ამ წერილის ფონია ევროკავშირის საგარეო სამსახურის დანაყოფის, პროექტ EuvsDisinfo-ის მიერ, ჯერ კიდევ 22 იანვარს აღმოჩენილი პირველი დეზინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალება „სპუტნიკზე“.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე კრემლის მომხრე სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები, ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ პანდემია ტყუილია; მეორე მხრივ კი, ავითარებენ აპოკალიპტურ სცენარებს - რომ, მაგალითად, პანდემიის გამო კოლაფსი განიცადა შენგენის სისტემამ, რომ ნატო დაიშლება, ხოლო ევროკავშირი პარალიზებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG