Accessibility links

ანა მიქელაძე: ჰაკერულად გავრცელებული ე.წ. საარჩევნო სია ცესკოს ბაზიდან არ არის აღებული


ანა მიქელაძე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე ამბობს, რომ ე.წ. ამომრჩეველთა სია, რომელიც სავარაუდოდ ჰაკერულად გავრცელდა, არ არის აღებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზიდან. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალი და სტრუქტურა მთლიანად განსხვავებულია იმისგან, რაც გამოქვეყნდა და, ამას გარდა, მონაცემებს არ ემთხვევა არც ამომრჩეველთა რაოდენობა და სხვა რეკვიზიტები:

„გარდა ამისა, ფორმატი არის აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენი პორტალის ფორმატისაგან. საუბარია იმ ფორმატზე, სადაც ამომრჩევლები ამოწმებენ საკუთარ მონაცემებს. ეს არის voters.cec.gov.ge. მაგალითად, სტატიაში არის საუბარი 4,9 მილიონი ამომრჩევლის მონაცემებზე, ხოლო ჩვენს პორტალზე არის განთავსებული, დაახლოებით, 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები. გარდა ამისა, ჩვენ არა გვაქვს გარდაცვლილების შესახებ მონაცემები. ამის გარდა, მამის სახელზეა საუბარი, რაც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ არ ვფლობთ ამ ინფორმაციას. იქ იყო საუბარი ტელეფონის ნომრებზეც. რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ამომრჩეველთა ტელეფონის ნომრები არ გააჩნია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისი შეფასებით, მონაცემები სავარაუდოდ სხვა ბაზიდანაა აღებული.

მონაცემთა დაცულობაზე მონიტორინგის ჯგუფმა Under the Breach, რომელიც კიბერდანაშაულის საკითხებს იკვლევს, გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ამომრჩეველთა სიის მონაცემების ინტერნეტში გაჟონვის შესახებ.

Under the Breach-ზე დაყრდნობით, ZDNet წერს, რომ „გასულ შაბათს ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა 4,9 მილიონი ამომრჩევლის (გარდაცვლილების ჩათვლით) შესახებ მონაცემები. ინტერნეტში გაზიარდა 1,04 გიგაბაიტი მაიკროსოფტის მონაცემთა ბაზის (MDB) ფაილი.

მონაცემთა ბაზა შეიცავს 4934863 ჩანაწერს, მაგრამ არ არის განახლებული, რადგან მასში არის მილიონობით გარდაცვლილ პირთა შესახებ მონაცემები“.

ZDNet-ის თანახმად, გაურკვეველია, ჰაკერული ფორუმის მომხმარებელმა მხოლოდ გააზიარა ინფორმაცია, თუ მანვე მოიპოვა. მომხმარებლისავე განცხადებით, ეს მონაცემები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკუთვნის.​

საქართველოს შსს აცხადებს: რომ ​„ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“.

მომხდართან დაკავშირებით უახლოეს ხანში განცხადებას გაავრცელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG