Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან


რელიგიური დღესასწაულების შესახებ დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჟურნალისტი დაინტერესდა, რას გეგმავს მთავრობა მაშინ, როდესაც რელიგიური დღესასწაულები ახლოვდება და როგორ აპირებს გაუმკლავდეს ხალხის ნაკადს. ამასთან, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კომუნიკაცია.

„ასეთი კომუნიკაცია იყო, ასეთი კომუნიკაცია გაგრძელდება და მისი შედეგია მაგალითად ის, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების შესაბამისი ხმის ტექნიკით აღჭურვა, იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთ რამ გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისევე, როგორც რიგით ადამიანს, მოქალაქეს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, - თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ზომების გამკაცრების შინაარსი.

„ეს ნიშნავს აკრძალვას სახლიდან გამოსვლის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ, საბედნიეროდ, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხო კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში, დაასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა“, - ამბობს გახარია.

პრემიერის თქმით, სრული კარანტინი, ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ „21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს“.

30 მარტს გიორგი გახარიამ თქვა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს".

როგორც გახარია დასძენს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ნაბიჯი არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც და დათმობაც ხელისუფლებას შეეძლო იმისთვის, რომ არ გამოცხადებულიყო საყოველთაო კარანტინი.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG