თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, საავადმყოფოში ამ დროისათვის განთავსებული 31 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, მათგან ერთის მონაცემები გაუმჯობესებულია:
"ერთის მდგომარეობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება ხვალიდან ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე, კრიტიკული.
დანარჩენ შემთხვევებში ჯერჯერობით მდგომარეობა უცვლელია. დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური სიტუაცია, ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძალიან ძნელია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
31 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში 108-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.
საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დადასტურებული 108-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.
დანარჩენი 106-დან 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 85 აქტიური შემთხვევაა.
დაწერეთ კომენტარი