Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხელებიან პაციენტებს 40-მდე კლინიკა მოემსახურება


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე განისაზღვრა 40-მდე რაიონული კლინიკა, რომლებიც ცხელებიან პაციენტებს მოემსახურება.

მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველოს ჰისპიტალურმა სექტორმა COVID-19-ით დაავადების შემთხვევების მატებისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გაბუნიას განმარტებით, საუბარია კლინიკებზე, რომლებიც დაავადებულებს უკვე მკურნალობენ და ასევე, საავადმყოფოებზე, რომლებიც მიიღებენ და საწყის შეფასებას გაუკეთებენ ცხელებიან პაციენტებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო ხანს იყო იმის პრობლემა, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტების მიღებაზე და მათი გადამისამართება ხდებოდა სხვა საავადმყოფოებში, თუმცა, რაიონული დონის კლინიკები უკვე არიან შესაფერისად აღჭურვილი იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მიიღონ ცხელებიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტები და საწყის ეტაპზე სათანადოდ შეაფასონ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, უკვე იდენტიფიცირებულია 40-მდე ასეთი რაიონული კლინიკა, სადაც გამოყოფლი იქნება ე.წ. ცხელების ზონა, ან თუ ეს შეუძლებელია, კლინიკა განიტვირთება სხვა პაციენტების გადანაწილების გზით და სრულად მოემსახურება მხოლოდ ცხელებიან პაციენტებს.

რაც შეეხება დიდ კლინიკებს, რომლებიც უკვე მობილიზებულნი არიან მხოლოდ COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მიღებასა და მკურნალობაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს კლინიკები შემთხვევების მატებასთან ერთად, ისევ უზრუნველყოფენ პაციენტების მიღებას და მკურნალობას. ასეთი კლინიკებია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და ზუგდიდში.

31 მარტის 13:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების სულ 110 შემთხვევა. მათგან 21 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG