Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: დღეს ჩვენს კლინიკას დატოვებს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, კლინიკას მოთავსებიდან მე-14 დღეს ტოვებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო.

ლევან რატიანის განმარტებით, ინფიცირებულს ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში ლეტალობის პირველ რისკფაქტორებად განიხილავს. ექიმის თანახმად, სტაციონარში მოთავსებისას პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა.

ლევან რატიანი ასეთი პაციენტის განკურნებას ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მიიჩნევს:

„არსებობს რაღაც შკალები, ასეთი შკალების შეფასებით ასეთი შემთხვევა 97%-ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა. ეს პაციენტი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა და ამის შემდეგ გაარგძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა“, - უთხრა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, 62 წლის მარნეულელი ქალი. ლევან რატიანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრადაა გაუმჯობესებული.

1 აპრილის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 23.

დადასტურებული 115 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 90 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG