Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა რეგიონის მცხოვრებთ რუსეთთან "საზღვარს" უკეტავს


როკის გვირაბი
როკის გვირაბი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს აუკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, 2 აპრილიდან შეჩერდება მოქალაქეთა გაშვება „ქვემო ზარამაგი-რუკის“ პუნქტიდან. დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. გამონაკლისი დაიშვება იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთში „მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების მისაღებად“ მიემგზავრებიან.

ამასთან, რუსეთიდან დაბრუნება შეუძლიათ „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს, რომლებიც 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.

ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის გავრცელების რისკი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩრდილოეთ ოსეთში დაფიქსირდა COVID-19-ით დაავადების შემთხვევები.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ფეისბუკზე ასე განმარტა: „გამოირიცხება შესაძლებლობა, საზღვრის გადაკვეთისას გამოყენებული იყოს ხვრელი, რომელსაც გვიტოვებს ორმაგი მოქალაქეობა. ჩვენ ვეღარ შევძლებთ გაუთავებლად აქეთ-იქით სიარულს - რუსეთში რუსული პასპორტით და უკან სამხრეთოსურით. ამიტომ, თუ ვინმე აპირებს, რომ რუსეთში გაემგზავროს და დაბრუნებას არ გეგმავს, ეს დღეს უნდა გააკეთოს“.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ით დაავადდა სულ 2777 ადამიანი. გარდაცვლილია 24.

კორონავირუსის გამო, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 12 აპრილამდე დახურულია სავაჭრო და გასართობი ობიექტები და სასწავლო დაწესებულებები. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მუშაობენ მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები.

დე ფაქტო ხელისუფლებას დაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG