Accessibility links

გახარია: იქ სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, გავაკეთოთ სახლში


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მისაღები ღონისძიებების შესახებ მთავრობასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არის კომუნიკაცია.

„ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ“, - თქვა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ეკლესიაში მიღებულ ზომებსაც ეხმაურება.

„მე არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 3 კვირაა და ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. მე ვუყურებ, როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის ნაწილში. ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი - გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ, რაც მთავარია, ერთმანეთს, მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში, ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ, მისი ახლობლების და მისი გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ ქვეყანაზე“, - თქვა გიორგი გახარიამ.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG