Accessibility links

მაია ცქიტიშვილი: ამოცანაა პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს


ხელისუფლება ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანობის მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ბიზნესისთვის სესხების საგარანტიო პირობების შექმნაა.

„ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ნელ-ნელა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ჩვენ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პირობებისა და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის ის პროდუქტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთნ და ეროვნულ ბანკთან, რათა იყოს შემუშავებული ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორების გამოწვევებს პასუხობს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, ეს მექანიზმი მიმართულია ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ორი მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევაზე.

„სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული სხვადასხვა კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკები და ბიზნესი იყოს გარანტირებული იმაში, რომ კომპანიები შეძლებენ თავისი სესხების მომსახურებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

3 აპრილის 13:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG