Accessibility links

logo-print logo-print

რეგიონები

COVID -19 დაუდასტურდა რუსთავის საკრებულოს ინფიცირებული წევრის მამასაც

ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა რუსთავის საკრებულოს კოვიდ-19-ით დაავადებული წევრის მამას, მეუღლეს კი აქვს ინფიცირების ნიშნები.

ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, 3 აპრილს განაცხადა, რომ საკრებულოს წევრის მეუღლე და ორი შვილი გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში, იმყოფებიან იზოლაციაში და ანალიზის პასუხებს დღეს ელოდებიან.
გუბერნატორმა დასძინა, რომ, მისი ინფორმაციით, საკრებულოს წევრის მეუღლეს სიცხე აქვს, შვილებს - არა, ყველა ერთმანეთისგან იზოლირებულია.

ქვემო ქართლის გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი
ქვემო ქართლის გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი

რუსთავის საკრებულოს წევრის ოჯახში ახალი კორონავირუსი პირველად დაუდგინდა მის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
„დღეისათვის რუსთავში ახალი კორონავირუსით დაავადების 4 შემთხვევა დადასტურდა, პირველი მარტოხელა ქალბატონია, რომელთან შემხებლობაც პრაქტიკულად არავის ჰქონია“, - აღნიშნა გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, დადგინდა ინფიცირებულებთან შემხებლობაში მყოფთა 90 პროცენტის, დაახლოებით, 50 ადამიანის ვინაობა, რომლებიც „იზოლაციის მკაცრ რეჟიმში არიან“.
„მათ შორისაა ოჯახი, რომლის შესახებ კომპანია „მაგთის“ ადგილობრივი სერვისიდან გვაცნობეს. ამ ოჯახიდან ორი ადამიანი თვითიზოლაციაშია, ერთი - საკარანტინო სივრცეში“, - ამბობს გუბერნატორი.

რუსთავის მერი - ირაკლი ტაბაღუა
რუსთავის მერი - ირაკლი ტაბაღუა

გუშინ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, განაცხადა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაშია საკრებულოს დაინფიცირებულ წევრთან შემხებლობაში მყოფი 45 ადამიანი, მათ შორის საკრებულოს წევრები - 20 დეპუტატი, ასევე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლების ნაწილი.
გუბერნატორმა რეხვიაშვილმა 3 აპრილს განაცხადა, რომ რუსთავში სამ საკარანტინო ზონაში 50-დან 60-მდე ადგილი თავისუფალია იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდა რუსთავში საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება. თუმცა, მისივე სიტყვებით, „ყველაფერი მართვადია და კარანტინის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ გვაქვს“.
რუსთავის საკრებულო ამჟამად არ ფუნქციონირებს. მერიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი კი დისტანციურ მუშაობაზეა გადასული.

ყველა ახალი ამბავი

კახეთში ათეულობით ფერმერს ფუტკარი მასობრივად დაეხოცა

ბოლო 6 თვის განმავლობაში ფერმერებს ფუტკარი მასობრივად ეხოცებათ. მეფუტკრეები ამბობენ, რომ მწერის მავნებელ ტკიპზე აქამდე გამოცდილი პრეპარატები აღარ მოქმედებს. რა სახის დახმარება სჭირდებათ მათ, რა ინფორმაცია აქვთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და რას გეგმავენ?

კახეთში ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ ფუტკარი მასობრივად იხოცება, მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტურია. დაზარალებულთა შორის არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში მცხოვრები პაპუნა ლობჟანიძე. მას 280 ოჯახი (სკა) ფუტკარი ჰყავდა, საიდანაც 100 დაეხოცა. პაპუნას თქმით, ფუტკრის დახოცვის მიზეზი მავნებელი ტკიპაა, რომელიც პრეპარატების მიმართ, სავარაუდოდ, რეზისტენტული გახდა და მათთან ბრძოლა შედეგს ვეღარ იძლევა. ის არც იმას გამორიცხავს, რომ თავად პრეპარატებიც უხარისხო იყო.

"ტკიპა ფუტკრის ჭუპრთან ერთად უჯრედში ცხოვრობს და მრავლდება. ტკიპა ჭუპრს კბენს და გარკვეულ სითხეს სწოვს. შესაბამისად, მას განვითარების შესაძლებლობა აღარ აქვს. შესაბამისად, იღებ დაავადებულ თაობას, რომელსაც აღარ აქვს სიცოცხლის უნარი და იხოცება. ძირითადი პრობლემა ესაა. დაკბენილმა ფუტკარმა ვერ გადაიტანა ზამთარი!"

კახეთში ფუტკარი დაეხოცა კიდევ ერთ მეფუტკრეს, შოთა გილაშვილს. ის ამ საქმიანობას ბოლო 30 წელია ეწევა. ამბობს, რომ ფუტკარს მრავალი მავნებელი ჰყავს და სხვადასხვა დაავადება მუდმივად უქმნის პრობლემას, თუმცა ერთდროულად ამ მასშტაბის ზარალი არ ახსოვს.

"მე 40 ოჯახი დამეხოცა. ტკიპა განსაკუთრებით სწრაფად გამრავლდა გასულ წელს. დროულად ვერ ვუმკურნალეთ. არც ერთი მეფუტკრე არ აკეთებს ანალიზს იმისას, რა ხარისხის დატკიპიანება მის სკებში. ახლა მთავარი იმის დადგენაა, ტკიპი რატომ გამრავლდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის, პირველ რიგში, წამლების უხარისხობის ბრალი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ, შესაძლოა, ამას ხელი შეუწყო ცივმა ამინდმა, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა".

მეფუტკრეობის დარგში შექმნილ პრობლემებზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციაში. ასოციაციის წევრ თემურ ღოღობერიძის ინფორმაციით, გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული მთელ საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასი ოჯახი ფუტკარი დაიხოცა, საერთო ზარალმა კი ერთ მილიონ ლარს მიაღწია.

თემურ ღოღობერიძე ამბობს, რომ ქვეყანას კვალიფიციური სპეციალისტები, ფაქტობრივად, არ ჰყავს, რაც არსებულ პრობლემებთან გამკლავებას კიდევ უფრო ართულებს. მეფუტკრეთა ასოციაცია გეგმავს რეგიონებში გასვლას და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარებას.

"თავად მეფუტკრეებსაც არ აქვთ ხეირიანი ცოდნა. ისინი უყურებენ პრეპარატების დასახლებას და არა იმას, თუ რა არის მისი მოქმედი ნივთიერება. ზოგჯერ სხვადასხვა დასახლების პრეპარატს ზუსტად ერთი და იგივე შემადგენლობა აქვს. საქართველოში არც ისეთი ვეტერინარები არიან, რომლებიც მეფუტკრეობაში თანამედროვე მეთოდებს იცნობენ. მკურნალობაზე ჩვენს გამოცდილებას, რაც გვაქვს, ასევე თანამედროვე უცხოური ლიტერატურიდან ამოღებულ მასალებს ვუზიარებთ ერთმანეთ. ახლა ვგეგმავთ რეგიონებში გასვლას, ვამზადებთ პრეზენტაციას და ბროშურებს იმაზე, თუ როგორ გავუადვილოთ ტკიპთან ბრძოლა ფერმერებს. სამწუხაროდ, ამისთვის სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორს არ აღმოაჩნდა ფული".

ფუტკრის მასობრივად დახოცვის შესახებ ინფორმირებული არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. როგორც უწყების წარმომადგენელმა დემნა ხელაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ფერმერთა ეჭვის საფუძველზე იგეგმება პრეპარატების ხარისხის შემოწმება, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ ანალოგიური შემოწმება გასულ წლებშიც ჩაუტარებიათ და რაიმე დარღვევა არ გამოვლენილა. დემნა ხელაიას თანახმად, მწერის მავნებელთან არაეფექტიანი ბრძოლა, შესაძლოა, თავად ფერმერებში ნაკლებ ცოდნასაც უკავშირდებოდეს.

"საერთოდ, ლიტერატურაში აღწერილია, რომ, დაახლოებით, 3-5 წელიწადში ერთხელ პრეპარატები უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ არ მიეჩვიოს პარაზიტი. ახლა, ალბათ, სწორედ ამ სტადიაში ვართ. მოხდა შეჩვევა. ეს ჩვენი ვარაუდია, თუმცა იგივეს ამბობენ მეფუტკრეებიც. არის კიდევ ერთი პრობლემა: არ ხდება ჩვენთან არსებული პრეპარატების ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენება. ჩვენ მეფუტკრეებთანაც გვაქვს ხოლმე შეხვედრები, თუმცა 3 800-მდე მეფუტკრეა და ყველას, ბუნებრივია, ვერ გადავამზადებთ. ახლა ჩვენ პერსონალს ვასწავლით, რომლებიც შემდეგ მეფუტკრეებს ჩაუტარებენ ტრენინგს იმაზე, თუ როგორ ებრძოლონ მავნებელს უფრო ეფექტიანად".

გარდა იმისა, რომ ფუტკარი მასობრივად იხოცება, ფერმერების ნაწილს ამ დრომდე არ გაუყიდია თაფლის წინა წლის მარაგები. ამის მიზეზად კი კორონავირუსის პანდემია სახელდება. მეფუტკრეები ამბობენ, რომ თაფლს ფასიც დააკლეს, თუმცა მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობა დაბალია და ტონობით მოსავალი დასაწყობებული აქვთ.

"შეზღუდვა არ არსებობს" - ქუთაისის მერი შენობიდან ჟურნალისტის პოლიციის ძალით გამოძევებას ეხმაურება

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე შეზღუდვა არ არსებობს. მერმა "ქუთაისი თუდეის" რედაქტორისა და ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის საკითხზე სასაუბროდ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ "შესაბამისმა პირებმა ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთეს".

"ადგილი ჰქონდა შენობის დაცვის თანამშრომლების და ჩემი თანაშემწის შეურაცხყოფას, ჩემს ოთახში შევარდნას. ნამდვილად ცუდი ფაქტი მოხდა, მედიასთან თანამშრომლობისთვის ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, ნებისმიერ დაწესებულებაში გადაადგილება უნდა იყოს ორგანიზებული, შეზღუდვა არ არსებობს არც მერიაში, გვინდა მოქალაქეების და ჟურნალსიტების გადაადგილება შენობაში იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში და ჟურნალისტებისთვის პრესსამსახურთან მიმართვის შემდეგ დაიშვება საშვი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამავე ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საკითხის შესასწავლად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

5 აპრილს პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ქუთაისის მერიიდან "ქუთაისი თუდეის" ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძე, რომელიც იქ შიმშილობის დაწყებას აპირებდა. ჩივაძე მერიის შენობაში მერის იმ განკარგულების გასაპროტესტებლად შევიდა, რომლითაც ჟურნალისტებს საშვის გარეშე ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა აეკრძალათ.

მას რამდენიმე პოლიციელმა ჟურნალისტის ხელებსა და ფეხებზე მოჰკიდა ხელი და ასე გამოიყვანეს შენობიდან. ამ დროს ჩივაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის განცხადებით, მას დაზიანებები აქვს კიდურებზე, ექსპერტიზას ჩაიტარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით და ჩვენებას მისცემს სასამართლოს და არა საგამოძიებო უწყებას.

რიონის ხეობის მოსახლე, რომელსაც პურის ყიდვა უნდოდა, პოლიციამ დააკავა, სასამართლომ კი დააჯარიმა

რიონის ხეობის სოფელ ზარათის მოსახლე, მირიან მაღლაფერიძე, რომელიც სამართალდამცავებს უხსნიდა, რომ პურის შესაძენად მაღაზიაში მიდიოდა, დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სასამართლომ კი 1000 ლარით დააჯარიმა. 4 აპრილს გამოცემულ განჩინებას მაღლაფერიძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ვიდეოს, რომელიც მირიან მაღლაფერიძემ სოციალურ ქსელებში გაავრცელა და პოლიციელებთან შელაპარაკების ინციდენტს ასახავს, ის თავადვე იღებს. მეზობელ სოფელში მიმავალ გზაზე გადაღება მან პოლიციელების დანახვის შემდეგ დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ პოლიცია მას აჩერებს და სთხოვს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.

მაღლაფერიძე: აქეთ არ შეიძლება, რომ მივბრძანდე ხიდზე?

პოლიციელი: არა, ვერ გადაიღებ... წადი, სახლში წაბრძანდით!

მაღლაფერიძე: რატომ არ შეიძლება მიბრძანება?

პოლიციელი: იმიტომ, რომ არ შეიძლება...

მაღლაფერიძე: ხომ შეიძლება წავიდე ოფურჩხეთში და ვიყიდო პური?

პოლიციელი: დროებით შეზღუდულია გადაადგილება!

მაღლაფერიძე: მაშინ თქვენ გამეგზავნეთ, თუ შეიძლება, ბოდიშის მოხდით და მომიტანეთ პური, მშიერი მყავს შვილი სახლში.

პოლიციელი: სად გაგეგზავნოთ, ვერ გავიგე?!

ამ დიალოგის შემდეგ სამართალდამცავი ამბობს "ჩამოართვით" და წყდება ვიდეოკადრი.

საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის ზაალ გორგიძის განცხადებით, ორგანიზაციის ადვოკატები დაიცავენ მირიან მაღლაფერიძის ინტერესებს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

რიონის ხეობის სოფლებში საპოლიციო ძალები 3 აპრილის დილიდან შევიდა. ეს ის დღეა, როცა ხეობაში "ნამახვანჰესის" მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა.

პოლიციას კონტროლი გაძლიერებული აქვს სოფელ გუმათთან, მეოთხე დღეა "გუმათჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ჯებირები და პოლიციის პიკაპები დგას. ხეობაში შეზღუდულია გადაადგილება, პოლიცია აკონტროლებს ავტომანქანებს და მიკროავტობუსებს და არ ატარებს ადამიანებს, რომლებიც, მათი ეჭვით, შეიძლება სოფელ ნამოხვანში მიდიოდნენ.

იმის გამო, რომ პოლიციამ გზა გადაკეტა, სოფელ გუმათში გაშალეს კარავი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 4 აპრილს. მეექვსე თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს სოფელ ნამახვანში გაშლილ კარვებშიც. ხეობაში ხუთი კარავია გაშლილი, სადაც რამდენიმე ათეული აქტივისტი ათევს ღამეს. მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის დადგენილება ჰესის მშენებლობის შესახებ, კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. სამოქალაქო მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

ბათუმში სახლი ჩამოინგრა და ნანგრევებში მუშები მოყვნენ

ბათუმში სახლი სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოინგრა და ნანგრევებში მუშები მოიყოლა. მათგან ორი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

ბათუმის სასამართლომ 3 აპრილს დაკავებულების საქმე 12 აპრილამდე გადადო

3 აპრილს ბათუმში დაკავებული ორი აქტივისტის სასამართლო პროცესი 12 აპრილისთვის გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით მტკიცებულების, საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერის, წარდგენისთვის დრო ითხოვა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირმა ტოგონიძემ გაიზიარა.

დღეს კი სასამართლოში კრიმინალური პოლიციის სამი თანამშრომელი მოწმეებად დაჰკითხეს. ისინი ამტკიცებენ, რომ აქტივისტი გენრი დოლიზე და მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა ნაკაშიძე, 3 მარტს ბათუმში გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და პოლიციას აგინებდნენ "დედის მიმართულებით". დაკავებულების ადვოკატები კი აღნიშნავდნენ, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, როცა კომენდანტის საათის წინააღმდეგ ბათუმში 3 აპრილს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილენი დააკავეს გვიან ღამით.

გენტრი დოლიძის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა ილონა დიასამიზემ თქვა, რომ მტკიცებულება გამოძიებას არ აქვს და ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს:

"პოლიციამ ძალის გამოყენების აუცილებელ საჭიროებას გადაამეტა. ამას მოწმობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები. ამის შესასწავლად ჩვენ უკვე მივმართეთ სპეციალურ სამსახურს".

გამოძიება 3 მარტს ბათუმში დაკავებულ აქტივისტებს ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევას რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ჟურნალისტი, რომელიც ქუთაისის მერიაში შიმშილობას გეგმავდა, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა

პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ქუთაისის მერიიდან "ქუთაისი თუ დეის" ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძე, რომელიც იქ შიმშილობის დაწყებას აპირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩივაძე პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

რამდენიმე პოლიციელმა ჟურნალისტის ხელებსა და ფეხებზე მოჰკიდა ხელი და ასე გამოიყვანეს შენობიდან. ამ დროს ჩივაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ მას ხელზე მცირედი დაზიანებები და ცვალებადი წნევა აქვს.

ჩივაძე მერიის შენობაში მერის იმ განკარგულების გასაპროტესტებლად შევიდა, რომლითაც ჟურნალისტებს საშვის გარეშე ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა აეკრძალათ.

"მერმა მედიის საშუალებებს აუკრძალა შენობაში გადაადგილება, რაც არაკანონიერია. სწორედ ამიტომ შემოვედი მის კაბინეტში, დაცვის სამსახურმა კი ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რის გამოც გამოვიძახე პოლიცია და გენერალური ინსპექცია", - ამბობდა ჩივაძე დაკავებამდე.

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ოფიციალური განცხადებით განმარტა მიზეზი, რის გამოც ჩივაძე ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს:

"მერიის შენობის მოქალაქეთა მისაღებში შემოსულ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, რის შემდეგაც მიეცემოდა შენობაში გადაადგილების უფლება. ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული საშვის ამოწერის აუცილებლობის თაობაზე, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. არ დაემორჩილა დაცვის პოლიციის მოწოდებას, წინააღმდეგობა გაუწია მათ და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა".

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსი 11 პირს დაუდგინდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში დღეს კორონავირუსი 11 პირს დაუდგინდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო და შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიას განცხადებით, ორსანტიაში კოროავირუსის გავრცელება სავარაუდოდ ფოთში მდებარე "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება. სწორედ აქ მომუშავე 4 ქალს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი. ისინი ორსანტიის მცხოვრებლები არიან.

"ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები. მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, რომელიც ორსანტიაში ზუგდიდის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, გამოკვლეულია კოვიდ-დადებითი მოქალაქეების კონტაქტები. მათი ნაწილი დღეს გაიტესა და პროცესი გრძელდება.

ბოლო სამ დღეში ორსანტიაში ვირუსი 17 პირს აღმოაჩნდა. სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი იქნება. ხვალიდან ორსანტიაში ტესტირების პროცესში სამი ბრიგადა ჩაერთვება. ამასთან ორსანტიაში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

კახეთში 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს

დღეს დილით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს. ადგილობრივების პირველადი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს იმ ავტომობილს, რომლითაც 40 წლამდე კაცი კიდევ 2 პირთან ერთად გადაადგილდებოდა.

გარდაცვლილია ერთი პირი და დაჭრილია ორი. რადიო თავისუფლებას მომხდარი დაუდასტურა სოფელში მერის წარმომადგენელმა ზაზა რუაძემ, თუმცა ის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

გარდაცვლილი კაცი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, დაჭრილები კი ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. გამოძიებამ უნდა დაადგინოს მომხდარის მოტივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109 (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) მუხლებით დაიწყო.

მარნეულის ცენტრში "კომენდანტის საათის" დროს ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ

ფოტო მარნეულიდან, ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნიდან

მარნეულელმა ახალგაზრდებმა და 100-ზე მეტმა ადამიანმა მარნეულის ცენტრში, ადგილობრივი მერიის წინ, კომენდანტის საათის დაწყების დროს, ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა დაიწყეს.

დაანთეს ტრადიციული ცეცხლი, გამოტანილი აქვთ ტკბილეული. ქალაქში ისვრიან პიროტექნიკას. უკრავენ აზერბაიჯანულ ინსტრუმენტებზე, ისმის ქართული მუსიკაც და ცეკვავენ.

ადგილობრივმა აქტივისტმა ოქტაი ქაზუმოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო მომენტამდე ელოდებოდნენ ხელისუფლების ნებართვას, მაგრამ არ უპასუხეს.

"ეს არის ჩვენი, აზერბაიჯანული თემის, საერო დღესასწაული. ისეთი, როგორიც პირველ იანვარი. ახალ წელს ხელისუფლებამ 1 და 2 იანვარს გააუქმა კომენდანტის საათი, ჩვენც იგივეს ვითხოვთ, ვითხოვთ თანასწორობას", - თქვა ქაზუმოვმა.

მისივე თქმით, ზეიმი, დაახლოებით, 11 საათამდე გაგრძელდება. პოლიცია ადგილზე არ ჩანს.

საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულ თემს უარი უთხრა მათთვის გამონაკლისის სახით ერთი დღით კომენდანტის საათის მოხსნაზე.

"კულტურულ-რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე, ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა", - განაცხადა მიზეზზე საუბრისას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარჩიაშვილმა.

დათა ვანიშვილის პანაშვიდზე ოპოზიციონერი ლიდერები მივიდნენ

საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილის პანაშვიდზე დღეს დილიდან სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ოპოზიციონერი ლიდერები მივიდნენ. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს: "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ და მოძრაობა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

"დათა ვანიშვილი საქართველოს უკვდავი ჯარისკაცია და ის ასეთად დარჩება მუდამ და მისი სული ცხონდება მაშინ, როცა მის გაყოფილ მამულს გავაერთიანებთ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დათა ვანიშვილი არის საქართველოს ოკუპაციის სიმბოლო: "დათა პაპა იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს გააცნო, რომ საქართველო ოკუპირებულია".

"ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ დღეს არც კი გვაქვს შესაძლებლობა, მის ოჯახში მივიდეთ და პატივი მივაგოთ. ეს მავთულხლართები არ გვაძლევს შესაძლებლობას", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

დათა ვანიშვილს ოკუპაციასთან შეუგუებლობის სიმბოლო უწოდა ელენე ხოშტარიამ: "სამშობლოს სიყვარული ესაა, რომ მან თქვა, არ დატოვებდა თავის სახლს და არ აინტერესებდა, რამდენად საშიში იყო".

ოპოზიციონერი ლიდერების ჩასვლამდე საოკუპაციო ხაზთან მივიდა ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებს თვეების წინ დაკავებული ჰყავდათ:

"მიუხედავად ასაკისა, მან ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლა თავისი მეობის, თავისი მიწა-წყლის შესანარჩუნებლად, რომ არ დაკარგვოდა საქართველოს კიდევ ერთი პატარა კუთხე. სამწუხაროდ, ალბათ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება და ამ მეტი ყურადღებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე".

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხვალ, როცა დათა ვანიშვილს კრძალავენ, ადგილზე ჩასვლას გეგმავენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ბოლო დროს ის ავადმყოფობდა და ძირითადად ლოგინში იწვა. მას ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ.

88 წლის დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ერთადერთი საქართველოს მოქალაქე იყო, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული ქვეყნების იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან გასულა.

სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.

შვილიშვილის თანაკლასელებზე ძალადობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ქალს, რომელსაც გამოძიება შვილიშვილების თანატოლებზე ძალადობას ედავება, 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

თავდაპირველად სხდომა ღია რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროცესზე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყო მისული. მან სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა და მედიაში 4 თვის შემდეგ გაშუქდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში, რომელიც დაახლოებით 4 წუთს გრძელდება, ჩანს მიწაზე გვერდიგვერდ დაჩოქილი ორი მეექვსეკლასელი ბიჭი, რომლებსაც უფროსები თანაკლასელისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ. იქვე დგას მათი კლასელიც.

გამოძიების ინფორმაციით, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს, დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მოსწავლის ბებიისთვის, რომელმაც 2020 წლის 8 ნოემბერს შვილიშვილის ორი თანაკლასელი ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, დააჩოქა მუხლებზე და თავისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა.

აღნიშნული ფაქტის მობილურით იღებდა ძალადობის მსხვერპლი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელი. პროკურატურა ძალადობაში ბრალდებულ ბებიას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას.

ვაჟა გაფრინდაშვილი დათა ვანიშვილზე: ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოდა მიწა-წყლის შესანარჩუნებლად

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებს თვეების წინ დაკავებული ჰყავდათ, დათა ვანიშვილის პანაშვიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდა. მას, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ პირებს, არ აქვთ საშუალება, მის სახლში მივიდნენ და ოჯახს თანაგრძნობას გამყოფი ხაზის მიღმა ადგილიდან უცხადებენ.

"მიუხედავდ ასაკისა, მან ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლა თავისი მეობის, თავისი მიწა-წყლის შესანარჩუნებლად, რომ არ დაკარგვოდა საქართველოს კიდევ ერთი პატარა კუთხე. სამწუხაროდ, ალბათ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება და ამ მეტი ყურადღებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ბოლო დროს ის ავადმყოფობდა და ძირითადად ლოგინში იწვა. მას ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ.

88 წლის დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ერთადერთი საქართველოს მოქალაქე იყო, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული ქვეყნების იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან გასულა.

სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.

“თუ ვერ იტირებთ, თვალებს დაგთხრით!” - ბავშვებზე ძალადობის ისტორია მედიაში 4 თვის შემდეგ მოხვდა

19 მარტს ერთ-ერთი ნაციონალური ტელეკომპანიის ეთერში ორი არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამცირების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ძალადობის მსხვერპლი ერთ-ერთი ბავშვის დედა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოძალადეების დასჯა არ სურს, თუმცა მედიამ თვეების წინ მომხდარი ამბის გასაჯაროებით მოშუშებული ტრავმები ხელახლა გააღვიძა.

მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში, რომელიც დაახლოებით 4 წუთს გრძელდება, ჩანს მიწაზე გვერდიგვერდ დაჩოქილი ორი მეექვსეკლასელი ბიჭი, რომლებსაც უფროსები თანაკლასელისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ. იქვე დგას მათი კლასელიც.

შეგიძლიათ, დაიწყოთ ბოდიშის მოხდა. კლასმა უნდა ნახოს, როგორც თქვენ დაამცირეთ [ბავშვის სახელი] ისე უნდა დაგამციროთ თქვენ მან [ბავშვის სახელი]”, - კადრს მიღმა ისმის ერთ-ერთ დაჩოქილი ბავშვის დედის ხმა, რომელიც შვილს მიმართავს და ვიდეოს იღებს.

თუ ვერ იტირებთ, თვალებს დაგთხრით და მაინც აგატირებთ, ისე როგორც ეს ტიროდა იქ. ნუ მიყურებ თვალებში, შენ მე ვერ მიცნობ ეტყობა.. ამას არ გაპატიებთ… დაიწყეთ და ნუღარ მალაპარაკებთ!” - ყვირის იმ ბიჭის ბებია, რომლისთვისაც ბავშვებს ბოდიშის მოხდას აიძულებენ.

მოუხადეთ ბოდიში, რა ვერ გაიყავით, ხო სულ ერთად იყავით დედა, ძალიან გთხოვ, მოიხადეთ ბოდიში, მოიხადეთ... “ - ისმის ერთ მომენტში დედის ხმაც.

ეს ვიდეო, სავარაუდოდ, გასული, 2020 წლის ნოემბერში, კახეთის ერთ-ერთი ქალაქის საჯარო სკოლის ეზოს მიმდებარედ არის გადაღებული. ბავშვებს უფროსები ამ ფორმით არასწორი საქციელისთვის სჯიან. კადრს მიღმა სამი ქალია - დაჩოქილი ბავშვებიდან ერთ-ერთს დედა და ფეხზე მდგომი ბიჭის ბებია და დედა.

- უთხარი [ბავშვის სახელი], ძალიან დიდი ბოდიში და ის, რომ მძ......რი ვჭამე, ზუსტად ასე გაიმეორეთ - მძ......რი ვჭამეთ. ხმამაღლა გაიმეორეთ, რომ აქ ჩანდეს... დროზე! - მითითებას აძლევს ბებია დაჩოქილ ბავშვებს

- [ბავშვის სახელი] ბოდიში, რა, რომ ასე ცუდად მოგექეცი. ეს არ უნდა გვექნა, თუნდაც კლასელობის გამო. ცუდად მოვიქეცით, - ამბობს ერთ-ერთი ბავშვი.

- და რა გააკეთეთ?! რა გააკეთეთ?!... ზუსტად გაიმეორეთ!

- მძ...რი ვჭამეთ!

- აი, ზუსტად ეგრე!.. ილოცეთ, რომ მე ამ ყველაფერს ვაკეთებ იოლ ფორმებში, თუმცა ხვალ რას გავაკეთებ, მერე ნახავთ. ორივე წახვალთ სკოლებიდან.

ეს კიდევ ერთი ფრაგმენტია მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოდან, რომელიც ბავშვების დასჯის სცენას აღწერს.

“ვხედავთ ბავშვებთან მრავალი სახის ძალადობრივ მოპყრობას, მუქარას, შანტაჟს, იძულებას, ამას არ აქვს მნიშვნელობა რა იყო წინაპირობა და რაზე პასუხია ასეთი ქცევა. რააღმზრდელობითი და დამაზიანებელია ასეთი ქცევა, სრულებით არ ეხმარება საკუთარი საქციელის, დანაშაულის გააზრებაში ბავშვს და პირიქით, უდასტურებს იმას, რომ ასეთი ქცევა მისაღებია, უბრალოდ, ვიღაც კონკრეტულის მიმართ არ უნდა გამოხატო. იტყვებიც კი ზედმეტია, როგორი ფორმის ბულინგის “მართვაც” ჩვენ ვნახეთ”, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა მომხდარი შემთხვევის შეფასებისას.

ერთ-ერთი დასჯილი ბავშვის დედა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გასულ წელს მისმა შვილმა მეგობართან ერთად კლასელი გოგოს შეურაცხყოფისთვის ასევე თანაკლასელს სცემა, კამერის წინ მოახდევინა ბოდიში და ვიდეო კლასის ფეისბუკის ჯგუფში ატვირთა. ამ კადრების ნახვის შემდეგ დასჯილი ბავშვის ბებიამ ბავშვები, რომლებმაც მის შვილიშვილზე იძალადა მსგავსი ფორმით დასაჯა და ამის ამსახველი ვიდეო კვლავ ფეისბუკის ჯგუფში გამოაქვეყნა. სწორედ ასე გაიგო ამ ქალმა, რომ მისმა შვილმა ჯერ თავად იძალადა კლასელზე, მერე კი უფროსების მსხვერპლი გახდა.

„[ვიდეოს ნახვის] მეორე დღეს ჩავედი სკოლაში, ბავშვსაც ბოდიში მოვუხადე, კონფლიქტი რომ მოუვიდათ და შევარიგეთ. მიხაროდა, ბავშვური კინკლაობის გამო გულში რომ არაფერი ჩაიდეს და ახლა კიდევ აჩვენებენ ამ ვიდეოებს და არის ამაზე ლაპარაკი. სხვა მშობლები წერენ კომენტარებს... ნერვები მაქვს მოშლილი, ცოტა ღრმად უნდა ვიფიქროთ, კლასელები არიან, ერთ რაიონში უნდა იცხოვრონ, ერთ სუფრაზე მოხვდებიან”, - უყვება იგი რადიო თავისუფლებას და უხსნის, რომ მეორე ბავშვის დედა, რომელიც თავად იღებდა ძალადობის სცენას შეშინებული იყო, სურდა კონფლიქტი მალე მოეგვარებინა და კარგად ვერ აცნობიერებდა, რაში იღებდა მონაწილეობას.

ეს სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება შეტყობინების შესვლისთანავე, ანუ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა ადასტურებს, რომ ის მომხდარიდან მალევე გამოიკითხეს.

„არ ვუჩივი, მაგ ქალის [ბებიის] დასჯაზე მეტად ჩემთვის პრიორიტეტია, ბავშვების ურთიერთდამოკიდებულება, არც ჩემი მინდა ამ უბედურების მსხვერპლი გახდეს და არც სხვა. მ ქალისთვის ეს ყველაფერიც არის სასჯელი, რაც დღეს ხდება მაგის თავს. ბევრი ვიმუშავე ჩემს შვილთან მეც და ფსიქოლოგმაც. ე ეს უფრო მადარდებს, [ახლა] სკოლაში რომ დადიან და აჩვენებენ ვიდეოებს. იცით, რომ ქალაქში და სკოლაში ნახევარზე მეტმა არ იცოდა ამ ამბის შესახებ? ახლა დადიან და აჩვენებენ ვიდეოებს პირდაპირ, დაუფარავი სახით”.

პოლიციას მომხდარის შესახებ სკოლიდან შეატყობინეს, პოლიციამ კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართა და სთხოვა რეაგირება ჰქონოდა “არასრულწლოვნებზე განხორციელებული ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის” ფაქტზე. სააგენტოში ამბობენ, რომ მიმართვიდან მალევე საქმეში სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ჩაერთო.

მომხდარი ფაქტის გახსენება ბავშვებისთვის იქნება განმეორებითი ძალადობა და მათი ფსიქიკის დარღვევა”. - უთხრეს სააგენტოში რადიო თავისუფლებას. – „ჩვენ ავამეგობრეთ ბავშვები, ვმუშაობთ ამდენს და როგორ შეიძლება ასეთი რამე რომ გააკეთეს ტელევიზიებმა, რეგიონში ყველა ერთმანეთს იცნობს, უფრო გაქექეს და გააგებინეს ყველას. ს არ არის ეწოლა?!” - თითქმის იგივე პოზიცია აქვს სკოლის დირექტორსაც.

რადგან ძალადობის საქმეში არასრულწლოვნები და მათი მშობლები არიან ჩართული, არცერთი რესპონდენტი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა მოძალადეების დასჯაზე ყურადღებას არ ამახვილებს, პრეტენზიები მათ უფრო მეტად აქვთ მედიასთან, რომელმაც ეს შემთხვევა საჯარო მსჯელობის საგნად აქცია.

სატელევიზიო ეთერში ძალადობის ამსახველი ვიდეო ნაწილობრივ დაფარული სახით გავიდა, თუმცა იმავე დღეს ვიდეო სრული სახით, სოციალურ ქსელშიც მოხვდა და ვიდეოზე ასახული არასრულწლოვნების იდენტიფიკაცია ნაცნობებმა იოლად შეძლეს.

სისხლის სამართლის 144-ე მე-3 პრიმა მუხლი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე აწარმოებს გამოძიებას, იკვლევს დამცირების ან იძულების, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით რა ტიპის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი მიადგა მსხვერპლს. დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ამ საქციელისთვის მოძალადე შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით, თავისუფლების 3 წლამდე შეზღუდვით ან 5 წლამდე პატიმრობით.

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს პროკურატურამ კახეთის რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მე-6 კლასელი ბავშვის ბებიას, რომელიც მუხლებზე დაჩოქილ არასრულწლოვნებს ბოდიშის მოხდას აიძულებს, ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება,რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აუდიტმა ყვარელში ბიუჯეტის არამართლზომიერი და არაეფექტიანი ხარჯვა გამოავლინა

ყვარელი

სახელმწიფო მაკონტროლებელმა აუდიტის სამსახურმა ყვარლის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სამსახურების 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა. 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მერიის სატენდერო კომისიამ 3 შემთხვევაში სხვადასხვა კომპანიას ტენდერში გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები მერიას სანიაღვრო არხების მოწყობის სამუშაოების შესრულებას უფრო ნაკლებ ფასად სთავაზობდნენ, ვიდრე სხვები.

დოკუმენტში წერია, რომ სატენდერო კომისიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შედეგად მოხდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიების დისკვალიფიცირება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა სანიაღვრო არხების მოსაწყობად, ჯამში, სამივე ხელშეკრულების ფარგლებში გადაიხადა თითქმის 18 ათასი ლარით მეტი.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ლაპარაკია მერიის მიერ 2018-19 წლებში შეძენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებზეც, რომელთაც მერია ამ დრომდე ვერ იყენებს. გამოუყენებელი პროექტების საერთო ღირებულება 109 ათას ლარზე მეტია.

პროექტების შესაძენად გადახდილი თანხა არაეფექტიანი ხარჯიაო, - წერს აუდიტის სამსახური.

ფინანსების არაეფექტიანად ხარჯვის გარდა, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს თანამშრომელთა სამსახურში მისვლისა და წასვლის დროს. არადა, იმისათვის, რომ თანამშრომელთა მუშაობა საათობრივად აღრიცხულიყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 400 ლარი დაიხარჯა.

2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეიძინა სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა, ე.წ. ტურნიკეტი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში განთავსდა, თუმცა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინეს აღნიშნული სისტემის მიერ აღრიცხული მონაცემები.

როგორც გაირკვა, ტურნიკეტს ამოქმედებიდან მალევე შეექმნა ტექნიკური პრობლემები. კერძოდ, ვერ ხერხდება სისტემაში თანამშრომელთა დამატება და მართვის სისტემიდან იმ ამონაწერის ამოღება, სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ნამუშევარი დრო.

ამასთან, მუნიციპალიტეტში სამუშაო დროის აღრიცხვის მიზნით არც სხვა, ალტერნატიულ, საშუალებებს იყენებენ, რის გამოც, ანგარიშის მიხედვით, ხელფასების გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შეუსაბამოდ.

რადიო თავისუფლებას სურდა, ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილისგან მოესმინა, რას ფიქრობს აუდიტის ანგარიშზე და რას გააკეთებს იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოაგვაროს, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

აუდიტის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საკრებულოს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს წევრებს, არათანამდებობის პირებს, ეძლევათ არა ფიქსირებული ხელფასი, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მუნიციპალიტეტმა აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრთა ხარჯების დასადასტურებლად.

ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ქევხიშვილი, განმარტავს, თუ რა შემთხვევებში არ არის შესაძლებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

„ათასი პროექტია, რომელზეც დეპუტატები რწმუნებულთან ერთად დადიან და მოსახლეობას ხვდებიან. სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით შეხვედრებზე ოქმები დგება, მაგრამ არის ძალიან ბევრი შეხვედრები, რომელზე ოქმების შედგენა და აღრიცხვა ძალიან რთულია. ყოველდღე ხომ ვერ დაწერენ, გავიარე ამდენი კილომეტრი, შევხვდი ამდენ ადამიანს. ძირითად შეხვედრებზე ოქმები არის, რომელიც წარმოდგენილია საკრებულოში“.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის თქმით, თუკი პროკურატურა საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტს შეისწავლის, დაადგენს, რომ იკვეთება სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული.

„აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ დარღვევებია... ეს არის დანაშაულები. გაფლანგულია თანხები, რომლებიც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობას და მათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. თუნდაც ტურნიკეტის მაგალითი რომ ავიღო. მოწყობილობა იყიდეს და ის გათიშულია. რა თქმა უნდა, ის არ იმუშავებს, რადგან თავად მერი არ დადის სამსახურში და საკუთარ საქმეებს, ბიზნესაგვარებს. ის სხვებს როგორ მოსთხოვს, რომ სამსახურში იარონ?“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ყვარელში 2018-2019 წლებში არამართლზომიერად იქნა გამოყენებული თანხა „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან. სტუმრების მასპინძლობისა და სხვადასხვა საბანკეტო მომსახურების შესყიდვის მიზნით დაიხარჯა 67 ათას ლარზე მეტი.

ყვარელი
ყვარელი

საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში თანხები გახარჯულია 75 ღონისძიებაზე. დოკუმენტაციაში აღნიშნულია ღონისძიებების დასახელება, თუმცა არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიების საჭიროება, სტუმრობის მიზანი და სხვა მონაცემები.

სამოქალაქო აქტივისტ ნინო გოგოლაშვილის თქმით, შესაძლოა თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობაც არაეფექტიანია, იმიტომ რომ მათ მიერ გამოვლენილი დანაშაულები რეაგირების გარეშე რჩება.

„ეს არ არის აუდიტის პირველი ანგარიში კახეთში, სადაც მძიმე შეფასებებს ვკითხულობთ, მაგრამ ამათ (მერიას) არც აუდიტი ანაღვლებთ და არც სახელმწიფოს მიერ მიცემული შენიშვნები. ისინი არიან გაზულუქებულები. დარწმუნებული არიან, რომ დაუსჯელები დარჩებიან, რაც არ უნდა ჩაიდინონ. როგორ შეიძლება, მუნიციპალიტეტმა რესტორნებსა და ბანკეტებში 67 ათასი ლარი დახარჯოს, მაშინ როცა ირგვლივ ბევრს ადამიანს საკვების მოპოვება უჭირს?“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშიც გამოაქვეყნა. ყვარლის მსგავსად, ამ შემთხვევებშიც ლაპარაკია თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე, უსარგებლო პროექტებზე, რომლებზეც ათიათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა არ მუშაობს.

ახალციხის კლინიკაში, სადაც 28 წლის მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთეს, რეგულირების სააგენტო შევიდა

ახალციხეში, კლინიკა "იმედში" რეგულირების სააგენტო შევიდა და გადაუდებელი ღონისძიებები დაიწყო. ინფორმაცია ჟურნალისტებს კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბარამიძემ მიაწოდა. სააგენტო კლინიკაში მას შემდეგ შევიდა, რაც 28 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის მდგომარეობა კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა.

მომხდარს რეგულირების სააგენტო სწავლობს. მათი წარმომადგენლები ახალციხის კლინიკა "იმედში" გუშინვე ჩამოვიდნენ. მომხდარს შსს იკვლევს. სამართალდამცველებმა ექიმები უკვე გამოჰკითხეს.

გიორგი ბარძიმაძის განცხადებით, ექთანს დაყოვნების ოთახშივე განუვითარდა გვერდითი მოვლენა, ამავე ოთახში იმყოფებოდა ექთანი, რეანიმატოლოგი და ქირურგი, რომლებიც მაშინვე ჩაერთვნენ დახმარების პროცესში და 28 წლის ექთანი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

28 წლის ექთნი დღეს დილით გარდაიცვალა. ის გუშინ კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ამბობს, რომ პაციენტს გული შესაძლოა ნებისმიერ დროს გაუჩერდეს.

რატომ დარჩა კახეთში 150-მდე ბავშვი ბაღის გარეშე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ დიდ სოფელში, თითქმის ნახევარი წელია, ბავშვები საბავშვო ბაღის გარეშე არიან დარჩენილი.

გასული წლის შემოდგომაზე სოფელ ჭიაურში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის დანგრევა დაიწყეს, რადგან ახალი უნდა აეშენებინათ, თუმცა არც ძველი შენობაა ბოლომდე დაშლილი და არც ახლის მშენებლობა დაუწყიათ.

ჭიაურში მერის წარმომადგენელი, თანანა ხვედელიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შენობის დაშლის შედეგად დარჩენილი მეორადი სამშენებლო მასალები მერიის შესაბამის სამსახურს უნდა გადასცემოდა, თუმცა, მისივე ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მასალების გაყიდვა დაიწყეს. ამის შემდეგ მერიამ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა, ხოლო კომპანიას სასამართლოში უჩივლა.

„დემონტაჟი დაიწყო, მაგრამ, როგორც მე ვიცი, მოხდა მასალების გაყიდვა. მერიამ შეაჩერა სამუშაოები და საქმე გადაეცა ფინანსურ პოლიციას. ეს მასალები არ უნდა გაყიდულიყო. უნდა მომხდარიყო დასაწყობება და შემდეგ მერია გადაწყვეტდა გაჭირვებულ მოსახლეობას გადასცემდნენ თუ რას იზამდნენ. მასალები უნებართვოდ გაყიდეს მათ, ვინც სადემონტაჟო სამუშაოებზე მუშაობდა“.

იმის შესახებ, თუ რატომ არ დაიწყო ბაგა-ბაღის მშენებლობა გასულ წელს, სოფელ ჭიაურში ადგილობრივებმა არაფერი იციან. არც იმის შესახებ სმენიათ, რომ მერიასა და კომპანიას შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ადგილობრივი ციცინო სულაბერიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით დაზარალდნენ ის ბავშვები, რომლებიც წელს სკოლაში პირველ კლასში უნდა მივიდნენ.

„ჩვენ ბავშვებს სახლშიც ვასწავლით, მაგრამ იმდენს ვერა, როგორც ეს ბაღში ხდებოდა. ბავშვისთვის ბაღი აუცილებელია, ამიტომ ის უნდა აშენდეს დროულად და გაიხსნას, როგორც ამას წინასწარ დაგვპირდნენ“.

გასულ წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანშიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოძიებული იყო შესაბამისი თანხებიც, თუმცა სოფლის მოსახლეობამ ამ დრომდე არ იცის, რატომ არ დაიწყო ბაღის აშენება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუკი ახალი ბაღები არ აშენდებოდა, ძველი არ უნდა დაეშალათ. ჭაბუკიანშიც და სოფელ ჭიაურშიც მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ორივე სოფელში ამორტიზებული ბაღების სადემონტაჟო სამუშაოებს ერთი და იგივე კომპანია აწარმოებდა.

მერიასა და კომპანიას შორის რომ პრობლემებია, ამას ადასტურებს ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილიც, თუმცა ის დეტალებზე მედიასთან არ ლაპარაკობს. მერის თქმით, ორივე ბაღის მშენებლობისთვის 6 მილიონ ლარზე მეტი იყო მოძიებული, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის ნოემბერში ბაღების ასაშენებლად ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა შერჩევა-შეფასების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

„ბავშვები გადანაწილდებიან ახლომდებარე ბაღებში. რაც შეეხება პრობლემას, საინვენტარიზაციო კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ მხარე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას კეთილსინდისიერად, ამიტომ ჩვენ გადავდგით სამართლებრივი ნაბიჯი. საბავშვო ბაღების მშენებლობის ტენდერი გაიხსნა 2020 წლის ნოემბერში და შერჩევა-შეფასება ამ დრომდე გრძელდება. დანარჩენი თუ რამე გაინტერესებთ, უნდა მიმართოთ მუნიციპალური განვითარების ფონდს“.

რადიო თავისუფლება მუნიციპალური განვითარების ფონდსაც დაუკავშირდა. კომენტარი არ გააკეთეს იმის შესახებ, თუ რატომ არ დაიწყო ამ დრომდე ბაღების მშენებლობა ან როდის იგეგმება. ზეპირსიტყვიერად მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 5 თვის წინ გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. შესაბამისად, ამ დრომდე არავინ იცის, როდის ააშენებენ ახალ ბაღებს 150-მდე ბავშვისთვის.

ჩვენ დავუკავშირდით იმ კომპანიასაც, რომელსაც მერიამ სასამართლოში უჩივლა. შპს ჯი-სი-ბის წარმომადგენელი ჯარჯი ბაშინურიძე ჭიაურის ბაღიდან მეორადი სამშენებლო მასალების გაყიდვას კატეგორიულად უარყოფს. ბაშინურიძის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, მათ ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობა მძიმე ტექნიკის გამოყენებით უნდა დაენგრიათ, თუმცა მერიამ ზეპირსიტყვიერად მოითხოვა, რომ შენობა უნდა დაშლილიყო ცოცხალი მუშახელით, რათა სამშენებლო მასალები არ დაზიანებულიყო. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ცოცხალი მუშახელის დაქირავება ძვირი დაუჯდებოდათ და, ფაქტობრივად, საკუთარი ფინანსები უნდა გაეღოთ, რომ ბაღის შენობა დაშლილიყო.

ვიდრე მერია და სადემონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სამართლებრივად დაობენ, ხოლო ბაღების ასაშენებლად 5 თვის წინ გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ორი სოფლის ბავშვების უმეტესობა სკოლამდელი განათლების გარეშეა დარჩენილი. ბავშვების მშობლები და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყველას არ აქვს ტრანსპორტირების შესაძლებლობა, რათა ბავშვები უახლოესი მეზობელი სოფლის ბაღში ატარონ, ამიტომ მათ იძულებით სახლში ყოფნა უწევთ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის, მერიაში ბრალდებას პასუხობენ

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის. დეპუტატი ამბობს, რომ მას მერიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია.

"მას შემდეგ, რაც თებერვალში მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა მერიის საბინაო სამსახურის შესახებ, საჯარო გავხადეთ აღმოჩენილი შესაძლო კორუფციული ფაქტები და მივმართეთ პროკურატურას, დამატებით 10 თებერვალს მივწერეთ ქალაქის მერს და მოვითხოვეთ შიდა აუდიტის ყველა დასკვნა, თუ რომელი სამსახურები და ა(ა)იპ-ები შემოწმდა და რა დასკვნები დაიწერა", - აცხადებს შუშანია.

მისი თქმით, წერილის მიწერიდან თვეზე მეტის გასვლის მიუხედავად, პასუხი არ მიუღიათ.

"მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერი მფარველობს კორუფციას ქუთაისში, მალავს ამ დასკვნებს იმიტომ, რომ არ მოხდეს სათანადო გამოძიება, საზოგადოება არ იყოს ინფორმირებული და ამასობაში ზუსტად იგივე სამსახურის უფროსები, რომლებიც წლებია ფლანგავენ და იპარავენ მილიონობით ლარს ქუთაისის ბიუჯეტიდან ქუთაისის მერის ხელმძღვანელობით და მფარველობით, აგრძელებენ ამ ფულის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში", - აცხადებს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიაში სიცრუეს უწოდებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას განცხადებას. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია.

"ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი (საიდანაც თავადაც გამოგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით".

2 თებერვალს გიგა შუშანიამ გაასაჯაროვა მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის 2017-2019 წლების შიდააუდიტორული შემოწმების ანგარიში და მისი პროკურატურისთვის გადაგზავნა მოითხოვა, მოგვიანებით კი თავად მიმართა საგამოძიებო ორგანოს. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ სამსახურმა პროგრამების დიდი ნაწილი დარღვევებით და არაჯეროვნად შეასრულა.

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც გორში ავტომატიდან უმისამართოდ ისროდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 32 წლის პირი, რომელიც გორში ავტომატიდან უმისამართოდ ისროდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა.

"[მან] დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს... [მისი] საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და საბრძოლო ვაზნები", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ამ მუხლებით იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ხულიგნობა 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

რა ხარვეზები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტმა გურჯაანში

გურჯაანი

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა. პრობლემებია შესყიდვებში, დახარჯულია ასიათასობით ლარი, თუმცა კვლავ მოუგვარებელია, მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემა.

მუნიციპალიტეტის ბალანსზე იმაზე მეტი ავტომობილი ირიცხება, ვიდრე საქმიანობის განსახორციელებლად არის საჭირო. მერია პრობლემების ნაწილს აღირებს, ოპოზიცია კი მაღალჩინოსნების სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და დაადგინა, რომ 2018-2019 წლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, დაახლოებით, 2 მილიონ 600 ათასი ლარი, თუმცა მოსახლეობის უმეტესობას სასმელი წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. უფრო კონკრეტულად, კახეთის ამ მუნიციპალიტეტში 25 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, 24-საათიანი წყალმომარაგებით კი მხოლოდ 3 600 ოჯახი სარგებლობს.

დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ წყლის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სოფელ ბაკურციხეში ორჯერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ წყლის შემადგენლობა დასაშვებ ნორმებს არ შეესაბამება.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქალაქ გურჯაანის გარდა არც ერთ სოფელში წყლის სისტემა არ არის აღჭურვილი გამწმენდი და დაქლორვის საშუალებებით.

უწყლობით შეწუხებული ადგილობრივი მცხოვრებნი რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ თანახმა არიან წყალი მუდმივად ჰქონდეთ, თუნდაც, სტანდარტებთან შეუსაბამო.

„სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. პირველ რიგში, გვინდა წყალი! მანქანები ვისაც გვყავს, მოგვაქვს წყალი, მაგრამ რამდენი უნდა მოიტანო, რომ გეყოს? მთავრობამ აუცილებლად უნდა მოგვხედოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ ბაკურციხის მცხოვრებმა.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა გურჯაანში ყველა ის პროექტი და უწყება შეისწავლა, სადაც თანხები ბიუჯეტიდან იხარჯება. დოკუმენტის მიხედვით, არის შემთხვევები, როდესაც მერიის სატენდერო კომისიამ კანონმდებლობის შეუსაბამოდ მოახდინა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება და ხელშეკრულება გაუფორმა უფრო მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს. აუდიტის ანგარიშში ორი ისეთი ფაქტია მოყვანილი, როცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ დაიზოგა ერთ შემთხვევაში 32 ათასი ლარი, მეორე შემთხვევაში კი - 15 ათასი.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა უკვე განხორციელებულ პროექტებს - საგზაო, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტული და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც უკვე დაზიანებულია. ასეთი აღმოჩნდა 9 პროექტი, 500 ათას ლარზე მეტის ღირებულებით.

გურჯაანში მცხოვრები საჯარო მმართველობის სპეციალისტი გიორგი ედიშერაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი პროკურატურა უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდება, უწყება მივა კონკრეტულ საჯარო მოხელეებამდე, რომლებიც შესაძლოა, ტენდერებში და სამუშაოების შესრულების დროს ფულს აკეთებდნენ:

„ის ფაქტი, რომ მერია ამარჯვებინებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც უფრო ძვირად ახორციელებენ პროექტებს, რაზე მიუთითებს? ამ დოკუმენტის წაკითხვას დიდი ცოდნა-გამოცდილება არ სჭირდება. ბიუჯეტის ფული მიდის კონკრეტული ადამიანების ჯიბეში. არსებობენ სახელმწიფო უწყებები, ვინც ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს, თუმცა ასე არ ხდება. შედეგად, აუდიტის დასკვნები რჩება მხოლოდ ფურცელზე“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესწავლისას ხარვეზები გამოავლინა ავტოპარკის მართვაშიც.

დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საკმარისი იყო 7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა, თუმცა 2018 წელს სარგებლობდა 11-ით, ხოლო 2019 წელს 18 ავტომანქანით. ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 116 ტონა საწვავი.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ცალკეული საჯარო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილი საწვავის ყოველდღიური ხარჯვის პროცესიც. გამოვლინდა, რომ 2018 წელს − 219, ხოლო 2019 წელს 290-ზე მეტ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებმა 17 ათას ლიტრზე მეტი საწვავი ჩაასხეს გურჯაანიდან თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მოგზაურობისას.

აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, რამდენად უკავშირდებოდა აღნიშნული საწვავის გამოყენება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. შესწავლისას ასევე გამოვლინდა 32 შემთხვევა, როდესაც ავტორიზებულ ავტომანქანებზე ერთჯერადად ან დროის მცირე ინტერვალებით ჩასხმული საწვავის მოცულობა აღემატება ავტომანქანის ავზის მოცულობას.

გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ხარვეზების უმეტესობას ადასტურებს, მათ შორის, პრობლემებს წყალმომარაგების კუთხით. გარდა ამისა, ამბობს, რომ შესაძლოა, მისი თანამშრომლები ავტომობილებსა და, შესაბამისად, საწვავს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.

არჩილ ხანდამაშვილი
არჩილ ხანდამაშვილი

„სასმელი წყლის პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ ჭაბურღილებში მისი რაოდენობა არის მცირე. ჩვენი ბრალია ისიც, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს არ მოიხმარს მიზნობრივად. შედეგად, არის ეს პრობლემაც. მინდა გითხრათ, რომ გურჯაანში დიდი პროექტი იწყება, რომელიც ამ პრობლემას მთლიანად მოაგვარებს. რაც შეეხება ავტომობილებისა და საწვავის შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებას, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენი, შიდა აუდიტი ამ ყველაფერს სწავლობს. ასევე დავიწყეთ მუშაობა სწორი სტრუქტურის შემუშავებაზე. მალე გვექნება პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ შესაძლო რისკებისგან თავი, თუნდაც იმისგან, რომ თანამშრომლების მხრიდან ავტომობილების არამიზნობრივი გამოყენება არ მოხდეს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერმა და ისიც თქვა, რომ თუკი დადგინდება, რომ რომელიმე თანამშრომელი სამსახურებრივ ტრანსპორტს პირადი მიზნებისთვის იყენებდა, შესაბამის ზომებს გაატარებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყების საფუძველი უნდა გახდესო, ამბობს ადგილობრივი ოპოზიცია, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის საკრებულოს წევრს, თემურ ბუწაშვილს, არ აქვს მოლოდინი, რომ თუნდაც მერს ვინმე პასუხს მოსთხოვს:

„ადგილობრივ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ არის მუდმივი. გურჯაანელებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათი ფული იხარჯება არამიზნობრივად და მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში. მათ, ვინც ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობს საკუთარ კეთილდღეობას, ვეუბნები, რომ მათთვის სამართალი აუცილებლად აღსრულდება“.

გოგი წულაიამ პარტია "თავისუფალი საქართველო" დატოვა

გოგი წულაია პარტია "თავისუფალი საქართველო", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანათავმჯდომარეა, დატოვა. ამ საკითხზე მედიას ის თავად ესაუბრა.

როგორც მან განაცხადა, პარტიიდან მისი წასვლა მომავალში ინდივიდუალურად მოქმედების სურვილია. არ გამორიცხავს, რომ შექმნას ახალი პარტია, ან რომელიმე მოქმედ პარტიაში გაწევრიანდეს.

"თავისუფალ საქართველოში 12 წელია ვარ. სამწუხაროდ ვერ მოვიგე ვერც ერთი არჩევნები, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა. მირჩევნია ამ ეტაპზე ცალკე, ვებრძოლო ივანიშვილის რეჟიმს", - განაცხადა მან.

გოგი წულაია პოლიტიკაში 1988 წლიდანაა. ის არაერთი პერფორმანსის ავტორია და არაერთხელ მოქცეულა მედიის ყურადღების ცენტრში.

რატომ ფიქრობს თელაველთა ნაწილი, რომ  პარკი „ნადიკვარი“ სასაფლაოს დაამსგავსეს

თელაველებისა და ამ ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ადგილზე, ნადიკვრის პარკში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 315 ათას ლარზე მეტია, წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით ვერ დასრულდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება არა შესრულების ვადებს, არამედ უკვე ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ გადასახედებს, სადაც ადრე არსებული ხისა და მინის მესრები რკინით შეცვალეს. თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ნინი ბოჭორიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ რკინის მესრის დამონტაჟებით პარკის იერსახე მნიშვნელოვნად დამახინჯდა. ნინის თქმით, მაშინ, როცა თელავის მერიამ უკვე გამზადებული ესკიზები გამოაქვეყნა, საჯარო კომენტარებით პირადად მოითხოვა ცვლილებები, მაგრამ არც მისი და არც სხვა ადგილობრივთა მოსაზრება არავინ გაითვალისწინა.

„მერიამ პირდაპირ გვაჩვენა გამზადებული ესკიზები, თუ როგორი იქნებოდა რეაბილიტირებული ნადიკვრის პარკი. ამან საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და თქვეს, რომ ეს პროექტი არ მოსწონდათ, მაგრამ პროექტი დამტკიცდა და განხორციელებაში ჩაუშვეს. ახლა გვაქვს რკინის მესერები, რომელსაც მოსახლეობა ამსგავსებს სასაფლაოს ღობეს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ღობე არ მოსწონს და ამაზე ღიად საუბრობს, არავინ არ აკეთებს განმარტებას, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“.

ნინი ბოჭორიძე არ არის ერთადერთი, ვისაც კულტურისა და დასვენების პარკ „ნადიკვარში“ რკინის მესერი არ მოსწონს. უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში თელავის ჯგუფები ამ თემას აქტიურად განიხილავენ და აკრიტიკებენ. როგორც თელავში მცხოვრებმა გიგი გიგიტელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტის დაწყებამდე მისი საჯარო განხილვა რომ მოეწყო და აზრი საზოგადოებისთვის ეკითხა, ნადიკვრის პარკი იმაზე უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პროექტის დასრულების შემდეგ იქნება. გიგიტელაშვილის აზრით, თუნდაც ეს პროექტი მეტყველებს იმაზე, რომ თვითმმართველობას საზოგადოება არ აინტერესებს.

„ის, რაც კეთდება, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. პარკში, სადაც უნდა წახვიდე დასასვენებლად და განსატვირთად, გხვდება სასაფლაოს „რეშოტკები“. ეს საშინელებაა! მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა რაღაცას აკეთებს, ამ შემთხვევაში პარკს, არ ინტერესდება თავად იმ ადამიანების აზრით, ვინც პარკით უნდა ისარგებლოს. ამიტომ მივიღეთ ის მახინჯი კონსტრუქციები, რაც არის. მე არ ვიცი, იყო თუ არა პროექტის საჯარო განხილვა, მაგრამ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებამდე ეს ინფორმაცია არ მისულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ პროექტზე ვეტყოდით უარს“.

ვიდრე პროექტის განხორციელება დაიწყებოდა, იყო თუ არა მისი საჯარო განხილვა და მისცეს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ნაწილს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინა, ასევე რატომ არ გაითვალისწინეს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის საჯარო კომენტარები და მიმართვები, ვიდრე პროექტი დამტკიცდებოდა - ამ და კიდევ სხვა შეკითხვებზე პასუხის მიღება გვსურდა თელავის მერისგან, თუმცა შოთა ნარეკლიშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

რადიო თავისუფლება პროექტის შესახებ ესაუბრა თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, დავით ქსოვრელიშვილს. მისი თქმით, ის არ არის კომპეტენტური საიმისოდ, რომ პროექტის საჯარო განხილვაზე გველაპარაკოს, თუმცა განმარტა მიზეზი, რატომ ჩაანაცვლეს ხისა და მინის მესრები რკინით.

„ეს რკინის ღობეები შეიძლება არც მე მომწონს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც პარკში დამონტაჟებული იყო ხის ღობე, ვანდალებმა ის დაამტვრიეს, კოცონი დაანთეს და მწვადი შეწვეს. შემდეგ გავაკეთეთ პლასტმასი. ისიც გაანადგურეს. შემდეგ იყო მინები, რომელიც ასევე ვანდალებმა დაამტვრიეს. სწორედ ამიტომ, იძულებული გავხდით გაგვეკეთებინა რკინის, რომელიც შეიღებება და იქნება ლამაზი. ჩვენი ეს ნაბიჯი არის იძულებითი, რადგან ადამიანების შეგნება არ მივიდა იქამდე, რომ გაკეთებულს უნდა გაუფრთხილდე!“

თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით ქსოვრელიშვილის მიერ დასახელებული მიზეზი, თუ რატომ დამონტაჟდა ნადიკვრის პარკში რკინის მესერი, მიუღებელია ადგილობრივი მცხოვრების, გიგი გიგიტელაშვილისთვის.

„გამოდის, რომ ამის შემდეგ ყველაფერი, რაც არის მინის, უნდა შევცვალოთ რკინით...მე მგონია, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან „ნადიკვარს“ ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელმაც პარკს, წესით, უნდა მოუაროს. საჭიროა მეტი ყურადღება და კონტროლი, თუნდაც დამონტაჟდეს ვიდეომეთვალყურეობის კამერები და, თუკი ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მას პასუხი აგებინონ. მაგრამ ეს არ კეთდება და ალტერნატივად მივიღეთ სასაფლაოს მიმსგავსებული ღობე“.

პარკ „ნადიკვრის“ მასშტაბური რეაბილიტაცია პირველად 2012 წელს განხორციელდა, რაზეც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შემდეგ სამუშაოები კიდევ რამდენჯერმე ჩატარდა, ბოლოს კი რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დაიწყო და იმავე წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თელავის მერიაში ვარაუდობენ, რომ პროექტი მაისში დასრულდება.

გურჯაანში წყლის სისტემაზე 2,6 მლნ დაიხარჯა, თუმცა მოსახლეობის 85%-ს ის მუდმივად მაინც არ მიეწოდება - აუდიტი

გურჯაანში 2018-2019 წლებში წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 2,6 მლნ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტს წყალი მუდმივად მაინც არ მიეწოდება. ინფორმაცია ამ და სხვა ტიპის პრობლემებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

მუნიციპალიტეტის ერთ ქალაქსა და 30 სოფელში ცხოვრობს 25 087 ოჯახი და მათგან მხოლოდ 3 643 ოჯახს მიეწოდება წყალი უწყვეტად, დანარჩენ 21 444 ოჯახს კი - გრაფიკით.

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. გურჯაანის გარდა) მოწყობილი წყლის სისტემები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს მუნიციპალიტეტის 3 სოფელში ჩატარდა სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება. შედეგად, სამივე მათგანში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სოფელ ბაკურციხეში ორჯერ შემოწმდა ერთ-ერთი ჭაბურღილის წყლის შემცველობა. კვლევით დადგინდა, რომ წყლის შემადგენლობა არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა გაატარა ერთჯერადი ღონისძიებები, კერძოდ, გაწმინდა წყლის ნაგებობები და წყლის სისტემა, თუმცა არ შეუმუშავებია სისტემური სამოქმედო გეგმა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, მისი გამოსწორებისათვის მერიას საკმარისი ღონისძიებები არ გაუტარებია", - აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.

რას ჰპირდებოდა ირაკლი ღარიბაშვილი კახელებს?

რკინიგზის სადგური თელავში

„დღეს გვაქვს გამოკვეთილი სურათი, თუ რა არის საჭირო კახეთის განვითარებისთვის და რომლის გაკეთებაც შეგვიძლია მთავრობას და ბიზნესს. ლაგოდეხს აქვს თამბაქოს წარმოებისა და პირველადი გადამუშავების, ასევე აბრეშუმის წარმოების განვითარების რესურსი. ახმეტას აქვს ტყავის გადამამუშავებელი წარმოების განვითარების რესურსი. გურჯაანს აქვს აგურისა და რკინა-ბეტონის გადამუშავების რესურსი. სიღნაღში შეგვიძლია სამკერვალო წარმოება განვავითაროთ“, - ეს ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის აპრილში, პრემიერობის დროს თქვა, როცა კახელებს პროექტს „ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის“ აცნობდა.

ეს ინიციატივები, ინიციატივებად დარჩა. მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2015 წლის დეკემბერში გადადგა, თუმცა, კახეთის შემთხვევაში, არც მისი წინამორბედი და მომდევნო პრემიერ-მინისტრების მიერ დასახელებული სხვა პროექტები განხორციელებულა.

თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმოს ნანგრევები ლაგოდეხში.
თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმოს ნანგრევები ლაგოდეხში.

ინიციატივები, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს ლაპარაკობდა, ძირითადად ეხებოდა ათწლეულების წინ არსებული წარმოების აღდგენა-განვითარებას.

სიღნაღში სამკერვალო ფაბრიკა საბჭოთა პერიოდში არსებობდა და იქ 600-მდე ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. ნათელა ღვედაშვილი ამ ფაბრიკაში 10 წელი მუშაობდა და ტრიკოტაჟის ნაწარმს კერავდა. ამბობს, რომ ფაბრიკის აღდგენის მოლოდინი არასდროს ჰქონია, თუმცა, იმედოვნებდა, რომ რომელიმე მთავრობა შენობას მაინც მოუვლიდა:

როცა ადგილობრივი ქალები დასაქმებული ვიყავით, ის დრო წავიდა... მას შემდეგ ჩვენთან მოსულმა მაღალჩინოსნებმა ბევრჯერ გვითხრეს, რომ ფაბრიკის აღდგენა იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ საარჩევნო დაპირებები იყო. არავის აღარაფერი არ მჯერა“.

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, სავარაუდოდ, ისევ დაიკავებს, 2015 წელს, თელავის განვითარებას სხვა პროექტებთან ერთად ხედავდა მარმარილოს გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებაში. ასეთი ქარხანა ათწლეულების წინ მუშაობდა და 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. ქარხნის 12 საამქროში მარმარილოს ფილებს ამზადებდნენ. რადიო თავისუფლებამ თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, დავით ქსოვრელიშვილს ჰკითხა, მუშაობს თუ არა დღეს ეს ქარხანა?

„მხოლოდ ერთი საამქრო მუშაობს, რომელიც ფქვავს ადრე მოპოვებული მარმარილოს ნარჩენებს. საამქროში არ ხდება მარმარილოს ფილების მოჭრა-დამზადება-დამუშავება. ძველი ნამტვრევებისგან ამზადებენ ე.წ. კროშკა", - გვითხრა დავით ქსოვრელიშვილმა.

ინიციატივებს შორის იყო ლაგოდეხში თამბაქოსა და აბრეშუმის კულტურების აღდგენა. სოფლის მეურნეობის ამ დარგების განვითარებაზე მუშაობა არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაუწყიათ.

სიღნაღი
სიღნაღი

ირაკლი ღარიბაშვილი წარმოშობით დედოფლისწყაროდანაა. ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამილა გურაშვილი გვეუბნება, რომ ღარიბაშვილის მაღალ თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებულს არაფერს ელოდება:

„ჩვენთან არც მაშინ გაკეთებულა რამე მნიშვნელოვანი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პირველად გახდა პრემიერი და ახლაც, როცა შესაძლოა ის მეორედ გახდეს პრემიერი, საღად მოაზროვნე ადამიანს რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს?! 18 თებერვალს როდესაც ირაკლი კობახიძემ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა, ღარიბაშვილმა სოციალურ ფონზე დაიწყო ლაპარაკი. ეს მთავრობა 9 წელია ანგრევს სოციალურ ფენებს და თუ ახლა გამოასწორებენ, მხოლოდ მივესალმები. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს სასიკეთო არაფერი დატყობია“.

კახეთის მოსახლეობას რეგიონის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ჰპირდებოდნენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილიც. მაგალითად, ლაპარაკი იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში განადგურებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, თუმცა არც ეს პროექტი განხორციელებულა.

უქარსაფროდ დარჩენილი მიწები - მოაგვარებს პრობლემას სპეციალური კანონი?

კახეთი

სპეციალისტები ამბობენ, რომ განადგურებული ქარსაფარი ზოლებია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დედოფლისწყაროში ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა.

მაგალითად, გასულ წელს მეხორბლეებმა ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთში საშუალოდ 2500 კილოგრამი ხორბალი მიიღეს, მაშინ როცა წინასწარი გათვლით ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 4000-4500 კგ. უნდა ყოფილიყო.

ფერმერები მოსავლიანობის შემცირების მიზეზად მშრალ ზამთარსაც ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ნიადაგის ნაყოფიერებასა და ეროზიაში მნიშვნელოვანია ქარსაფრების როლი. დედოფლისწყაროში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამილა გურაშვილი იხსენებს, რომ საბჭოთა დროს საქართველოში პურის ბეღლად წოდებულ შირაქში ქარსაფარი ზოლების გაშენება-მოვლა-პატრონობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა და იმხანად ყოველწლიურად იზრდებოდა ქარსაფარი ზოლების ფართობი. მისი ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მხოლოდ დედოფლისწყაროში ქარსაფრების სიგრძე, დაახლოებით, 1800 კილომეტრს შეადგენდა, მაგრამ მოსავლისა და ნიადაგის დასაცავად გაშენებული ბუნებრივი ბარიერები თითქმის მთლიანად განადგურდა. 1960-იანი წლებიდან საბჭოთა საქართველოს პირობებში დედოფლისწყაროში გაშენებული 1800 კილომეტრი ქარსაფრიდან ახლა 90 პროცენტზე მეტი აღარ არსებობს. სამოქალაქო აქტივისტი ამის მიზეზად სამოქალაქო საზოგადოების უპასუხისმგებლობასა და ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების გულგრილობას ასახელებს:

"ქარსაფარები გაშენდა, მაგრამ მას ხომ მოვლა უნდოდა? არავინ მორწყა, საქონელმა გააფუჭა, ამის გამო პასუხი არავის აგებინეს. ნებისმიერ პროექტში როცა ფულს დებს, მას ხომ უნდა მოუფრთხილდეს, თუ ვინმე დააზიანებს, პასუხი არ უნდა მოსთხოვო, არ უნდა დააჯარიმო? უნდა დააჯარიმო სოლიდური თანხი, რომ მერე სხვებისთვის მაგალითი გახდეს. ქარსაფარების დაზიანება ერთჯერადად კი არა, მასშტაბურად ხდებოდა".

ექსპერტი და გარემოსდაცვით პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დედოფლისწყაროში ქარსაფარ ზოლებს ორგანიზაცია „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება“ 2010 წლიდან აშენებდა. ჯამში, ამ ორგანიზაციამ 70 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი აღადგინა, თუმცა, კოდიაშვილის თანახმად, მიწის ნაკვეთების გასუფთავების მიზეზით ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების შედეგად ბოლო წლებში ჩატარებული სამუშაოები წყალში ჩაიყარა. ექსპერტის თქმით, დღემდე ქარსაფართა განადგურებაზე პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია, რადგან თავად ის ტერიტორიები, სადაც ქარსაფრები გაშენდა, არც სახელმწიფოს საკუთრებაა და არც კერძო პირების.

"ეს რაც მოხდა, მიზეზი არის ის, რომ ქარსაფარს არ ჰყავს პატრონი. არც ერთი ინსტიტუცია არ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. უფრო მეტიც, სახელმწიფოს აღიარებულიც კი არ აქვს, რომ ეს ტერიტორიები მას ეკუთვნის. ერთ-ერთი ხელოვნური ხანძრის დროს მე პოლიციაში მივედი და ვთქვი, რომ უკანონობა ხდებოდა და ყურადღება მიექციათ, მაგრამ გაირკვა, რომ პოლიცია სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღძრავს, თუკი ქონებას მფლობელი არ ჰყავს. ქარსაფარების შემთხვევაში მეპატრონე არ არსებობს",- თქვა ამირან კოდიაშვილმა.

მასალაზე მუშაობის დროს რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ქარსაფარი ზოლების შესახებ სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობს, რაც ქარსაფრების აღდგენას, მის მოვლა-პატრონობასა და სანქციებსაც ითვალისწინებს. კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დედოფლისწყაროში დაუდევრობით, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრებითა თუ სხვა მიზეზებით ქარსაფარი ზოლები თითქმის აღარ არსებობს. წილოსანის თქმით, დღემდე არ არის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სახელმწიფოს ქარსაფრების აღდგენას დაავალდებულებს, კანონპროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით კი, მოკვლევითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ქარსაფრების აღდგენაზე იმუშავებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიწის ეროვნული სააგენტო, ხოლო მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა სააგენტოსთან ერთად მუნიციპალიტეტსა და ფერმერს დაეკისრება. წილოსანის თანახმად, შესაძლოა ფერმერები წაახალისონ იმისთვის, რომ მათ მიწების გასუფთავების მოტივით საკუთარ ნაკვეთებში ხანძრები არ გააჩინონ, რაც ქარსაფრების განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

"გარემოს დაცვის სამინისტროს მიწის სააგენტო იქნება კურატორი, რომელსაც პირველ რიგში დაევალება ინვენტარიზაციის ჩატარება. შეიძლება ქარსაფარები განადგურებული იყოს, მაგრამ უნდა მოხდეს აღრიცხვა. ასევე მიწის სააგენტო მოამზადებს ქარსაფარების აღდგენის გეგმას. ქარსაფარების აღდგენა მოხდება ნაწილობრივ გრანტით და საბიუჯეტო სახსრებით. ამის შემდეგ ამ ტერიტორიებს საკმაოდ მაღალი სტატუსი მიენიჭება. გაწერილი არის ჯარიმებიც მათთვის, ვინ ქარსაფარის ზონაში ხეს მოჭრის ან სხვაგვარად გაანადგურებს, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო წილოსანმა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ქარსაფარი ზოლების საკითხს დაარეგულირებს, როგორც კანონპროექტი, მარტში დარეგისტრირდება, თუმცა გარემოსდაცვითი ორგანიზაციები არ მოელიან, რომ ამ მხრივ არსებული პრობლემები ერთ ან ორ წელიწადში მოგვარდება. ისინი ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ კანონის აღსრულების ნაწილზე და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ უფრო მეტი ამ კუთხით იმუშაონ.

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზა დიდთოვლობის გამო სატვირთოებისთვის ჩაიკეტა

სამცხე-ჯავახეთში მოსული თოვლის გამო ახალციხიდან ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით მიმავალი გზა სატვირთო მანქანებისთვის ჩაკეტილია. 10-მდე სატვირთო გუშინ, 16 თებერვალს, გვიან ღამით ახალციხეში გააჩერეს - მათ თურქეთისა და სომხეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი მხედველობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36,5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"ფოთიდან მოვდივარ, წუხელ შუაღამის 3 საათზე გაგვაჩერა პატრულმა დიდთოვლობის გამო, მას მერე ველოდებით როდის გაიხსნება გზა და გაგვიშვებენ", - აცხადებს ოთარ შალამბერიძე, სატვირთოს მძღოლი.

"წელს პირველი შემთხვევაა, როცა გაჩერება მოგვიწია. შუაღამის მერე აქ ვდგავართ და ველოდებით. ერევანში მივდივართ, მაგრამ რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი, არავინ გვეუბნება", - ამბობს კიდევ ერთი სატვირთოს მძღოლი, თამაზ ბერაია.

მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება, თუმცა გადაუღებელი თოვის გამო მოძრაობა ნინოწმინდის საბაჟო პუნქტისკენ შეჩერებულია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG