Accessibility links

logo-print logo-print

EFJ კოსოვოს ზოგიერთ მედიას აკრიტიკებს ჩრდილოეთ მიტროვიცაში კარანტინის "არაეთიკური" გაშუქებისთვის


ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კოსოვოში, თავი შეიკავონ „დაძაბულობის გაღრმავებისგან“ კორონავირუსის პანდემიით ჯანდაცვის სისტემაში გამოწვეული კრიზისის დროს.

ბრიუსელში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციას მხედველობაში ჰყავს კოსოვოს სახელმწიფო მაუწყებელი RTK და საინტერნეტო გამოცემა Sinjali, რომლებმაც „შეუფერებლად და არაეთიკურად“ გააშუქეს კარანტინი უპირატესად სერბებით დასახლებულ ქალაქ ჩრდილოეთ მიტროვიცაში.

EFJ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 აპრილის რეპორტაჟის დროს ქალაქ ჩრდილოეთ მიტროვიციდან, RTK-ს ჟურნალისტების მიერ გაკეთებულმა „დაუსაბუთებელმა განცხადებებმა და პროვოკაციულმა შეკითხვებმა“ მძაფრი რეაქცია გამოიწვია კოსოვოში და არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს „დაძაბულობის ზრდა სერბ და ალბანელ მოსახლეობას შორის“.

ტელეკომპანია RTK-ს მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რიდვან ბერიშამ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რეპორტაჟზე მუშაობის დროს მომხდარი „ზეწოლის“ გამო, შესაძლოა, ჟურნალისტმა „დაუშვა პროფესიული შეცდომა“, მაგრამ „არ ყოფილა არავითარი მოწოდება არეულობისა და ეთნიკური დაპირისპირებისკენ“, - გადაჭრით აცხადებს რიდვან ბერიშა.

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის თანახმად, 3 აპრილს, საინტერნეტო გამოცემა „Sinjali“-მ გამოაქვეყნა ჩრდილოეთ მიტროვიცასა და სხვა ქალაქებში კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული 210 ადამიანის, ძირითადად ეთნიკური სერბებისა და ბოშების, სახელები, მისამართები და დაბადების თარიღები.

კოსოვოში მცხოვრები სერბი ჟურნალისტების ასოციაციისა და საზოგადოების წარმომადგენელთა პროტესტის შემდეგ, მოქალაქეთა პირად ინფორმაციას მოგვიანებით რეტუშირება გაუკეთდა.

კოსოვოს სახალხო დამცველმა ჰილმი იაშარიმ პირადი მონაცემების გამოქვეყნება დაგმო, როგორც კონსტიტუციის 36-ე მუხლის დარღვევა, რომელიც ადგენს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

„ჩანს, რომ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩითა და კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩით დაწყებული, ზოგიერთი პოლიტიკოსი თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს იყენებს პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობისათვის“, - ნათქვამია EFJ-ის გენერალური მდივნის, რიხარდო გუტიერეშის განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომ არ „აყვნენ პოლიტიკოსთა თამაშს და იმოქმედონ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG