Accessibility links

სურენი და სეიმური: დღიურები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან


სურენი და სეიმური კოლეგები არიან, ჟურნალისტები. ერთი - სომეხია, მეორე აზერბაიჯანელი. კორონავირუსის გავრცელების გამო ორივე იძულებით კარანტინშია - ერთი ერევანში, მეორე ბაქოში. მუშაობა არც ერთს შეუწყვეტია. თავიანთი ქვეყნების ამბებსაც თვითიზოლაციიდან გვიზიარებენ.

ბაქო და 4 მილიონი „გამქრალი“ ადამიანი

ფრილანსერი ჟურნალისტი და ბლოგერი სეიმურ კაზიმოვი თხრობას აზერბაიჯანში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემებით იწყებს. 2020 წლის 8 აპრილი. დღის პირველი ნახევარი: აზერბაიჯანში დაინფიცირებულია 717 ადამიანი. გარდაცვლილია 8, 44 გამოჯანმრთელებული.

ამ დრომდე აზერბაიჯანმა ახალი შემთხვევების აღმოსაჩენად ტესტირება დაახლოებით 45 000 ადამიანს ჩაუტარდა.

ოფიციალურად სახელმწიფო უპირატესობას ანიჭებს კლინიკურ-ლაბორატორიულ ტესტირებას, რომელსაც შედეგის მისაღებად სულ ცოტა სამი დღე სჭირდება, თუმცა აზერბაიჯანს არც სწრაფ ტესტებზე უთქვამს უარი.

სეიმურის ფანჯრიდან ცარიელი ქუჩა და გაჩერებული ავტომობილები მოჩანს.

ბაქო, 2020 წლის 8 აპრილი
ბაქო, 2020 წლის 8 აპრილი

ცარიელია დანარჩენი ბაქოც. არც საცობი, აღარც ხალხით სავსე ქუჩები. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი ერთ წუთში იცვლება და ბაქოში მცხოვრები დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი თითქოს სადღაც ქრება.

აი, ასეთია ბაქო დღეს:

მკაცრი კარანტინის რეჟიმი ბაქოში 5 აპრილიდან მოქმედებს. ხალხს სახლში დარჩენა და სავალდებულო წესების დაცვა მოსთხოვეს.

თუ სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, ბანკში, ფოსტაში ან სხვა გადაუდებელ საქმეზე აპირებ გასვლას, ხელისუფლებას ამის შესახებ გამაფრთხილებელი მესიჯით უნდა ამცნო.

საცალო მაღაზიებში ვერაფერს იყიდი - დაკეტილია. დაშვებულია მხოლოდ ონლაინ მომსახურება. დაკეტეს ყველა პარკი და ბულვარი. გაჩერდა ტრანსპორტი - მეტროს ჩათვლით. საზღვრები ჩაკეტილია. ყველა ფრენა გაუქმებული.

მთელ აზერბაიჯანში დაახლოებით 3800-მდე ადამიანი დააჯარიმეს სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში სპეციალური საპოლიციო საგუშაგოების გადალახვის მცდელობისთვის. ყველა ახალ წესებს ვერ ემორჩილება.


უპასუხისმგებლობა მთავარ პრობლემად რჩება, მოგვითხრობს სეიმური. მაინც დადიან - სერიოზულად არ იღებენ იმას, რაც ხდება. ალბათ, მეჩეთებშიც მივიდოდნენ, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, მეჩეთები დაკეტილია.

ამის გამო ქვეყნის მთავარი, ნოვრუზის დღესასწაულიც არ აღნიშნულა.

ხალხის დიდი ნაწილი ცდილობს წესების დაცვას, მაგრამ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია. თუ სადმე გასაყიდ ნიღაბს იპოვი, ან შეზღუდული რაოდენობით შეძლებ იყიდო, ან თავის ფასზე გაცილებით ძვირი ღირს. ორი დღის წინ აზერბაიჯანშიც დაიწყეს ნიღბების კერვა. თქვეს, რომ თავიდან დღეში 120 000 ნიღაბს შეკერავენ. მერე კიდევ უფრო გაიზრდება წარმოების რაოდენობა.

ყოველდღიური შემოსავლის მქონე ხალხს განსაკუთრებით გაუჭირდა. კომუნალური გადასახადები არ გაყინულა, ზოგიერთი ბანკი სესხის გადახდას მაინც ითხოვს. ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს კომპენსაცია არ მიუღიათ. კომპენსაცია რომ მოითხოვონ, განაცხადი ინტერნეტით უნდა შეავსონ. უმრავლესობამ კი საერთოდ არაფერი იცის ამ სისტემის შესახებ. არც ინტერნეტი აქვთ.

სეიმურის გეგმებიც ჩაიშალა. დასაწერი მასალების ნაწილი დროებით თაროზეა შემოდებული, რეგიონებში უნდა წასულიყო. უცხოეთში ოთხი მოგზაურობაც გაუქმდა. საქართველოშიც გეგმავდა ჩამოსვლას. ჯერჯერობით ბუნდოვანია როდის შესრულდება ეს გეგმები. წერს სტატიებს, ინტერვიუებს ეძლევა და როგორც ყველა, ისიც ცდილობს ცხოვრების რიტმს იზოლაციის გამო არ ჩამორჩეს.

ერევანი ჰგავს ზაფხულის კვირადილას, როცა ქუჩაში არავინაა

ასე აღწერს სომხეთის დედაქალაქს ჟურნალისტი და რედაქტორი სურენ დეჰერიანი. არადა, გარეთ გაზაფხულია - ის დრო, როცა ერევნის ქუჩები ხალხით იყო სავსე.

ახლა კანტიკუტად და სწრაფად მიმავალ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც სურსათის მაღაზიაში ან აფთიაქში მიიჩქარიან.

სურენიც ასე ხედავს თავის თავს - მესამე კვირაა სახლიდან მხოლოდ ამისთვის გადის. აუცილებელი საჭიროების ნივთებისთვის და მამას რომ საკვები მიუტანოს და კართან დაუტოვოს.

სურენ დეჰერიანი
სურენ დეჰერიანი

ბოლომდე არც ერევანში ემორჩილებიან კანონის მოთხოვნებს. საგანგებო რეჟიმის წესები მაინც ირღვევა. კორპუსების ეზოებში თავს უფროსი თაობის ხალხი იყრის თავს ნარდის და კარტის სათამაშოდ. ეს ძალიან აღიზიანებს ახალგაზრდებს, ვინც მათ მუდმივად მოუწოდებენ სახლში დარჩენისკენ. ყველამ იცის, რომ ეს ვირუსი პირველ რიგში ხანდაზმულთა ჯანმრთელობას ურტყამს, მაგრამ მაინც არ ეპუებიან.

ერევანშიც თითქმის ყველაფერი დაკეტილია. სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. ქარხნები, საწარმოები, ბიზნესცენტრები. ეკონომიკა ერთ ადგილას დგას.

აი, ერევანიც:

მუშაობს მხოლოდ ის საწარმოები, სადაც ნიღბებს კერავენ ან სადეზინფექციო საშუალებებს ამზადებენ.

სომხეთის ეკლესიამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ მომატებული საფრთხის გამო ისინი ლიტურგიას დაკეტილ კარს მიღმა ჩაატარებენ. მრევლის გარეშე. მრევლს კი მოუწოდეს, სურვილის შემთხვევაში, 11 აპრილის მერე მივიდნენ ეკლესიაში, ოღონდ წესები დაიცვან და თითო-თითო შევიდნენ ტაძარში. ხალხი, ალბათ, ეკლესიაში მაინც წავა, ამბობს სურენი.

ერევნის ერთ-ერთი გარეუბნის ხედი
ერევნის ერთ-ერთი გარეუბნის ხედი

მოკლედ, გარედან რომ შეხედო, ასეა - ნაწილი წესებს ძალიან იცავს - გარეთ ნიღბის, რეზინის ხელთათმანების და ალკოგელის გარეშე არ გადის. ნაწილს კი მტკიცედ სჯერა, რომ ასეთი სიფრთხილე ზედმეტია და რომ ის, რაც ხდება, რაღაც ამოუცნობი ძალების დროებითი თამაშის ნაწილია.

სწრაფი ტესტები სომხეთშიც პოლემიკის საგანია. პირველი მარტის შემდეგ დაახლოებით 5000 ადამიანს ჩაუტარეს ტესტი, დღეს კი, როგორც სურენი ამბობს, 60 000 ტესტს ელიან. ოღონდ ტესტირება მხოლოდ ექიმის მითითებით ხდება, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, მოინდომებ, მიხვალ სადღაც და ტესტს გაგიკეთებენ. სომხეთის მთავრობა გეგმავს ყოველდღე 1000 ადამიანს ჩაუტარდეს ეს ტესტი.

სომხეთში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტების მიღება 9 საავადმყოფოს შეუძლია.

სურენის რედაქციაც დისტანციურად მუშაობის რეჟიმზეა გადასული. ისიც ზის ერთ ოთახში და როცა სტატიების რედაქტირებას ამთავრებს, მერე ლექცია იწყება. ან პირიქით. მეორე ოთახში მის შვილებს ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ და ასე. მთელი ოჯახი სწავლობს, ასწავლის და მუშაობს ერთ სივრცეში.

ყველაფერი ამ ოთხ კედელშია. ადრე რომ წარმოუდგენელი ეჩვენებოდა, ახლა ისეთი რამეების კეთება გამოსდის სახლიდან. მარტივი არ არის. ასეთ კონცენტრირებას განსაკუთრებული ძალა და მობილიზაცია სჭირდება. მაგრამ სოციალური ქსელები, მეგობრებთან შეხმიანება ამ რეჟიმს ამსუბუქებს. სხვანაირად ვერავინ მოერეოდა ამ ჩაკეტილ ყოფას, საიდანაც ყველას გაქცევა უნდა.

8 აპრილის მონაცემებით, სომხეთში გამოვლენილია COVID-19-ის 881 შემთხვევა. დაღუპულია 9 ადამიანი, გამოჯანმრთელებული - 114.

მონაცემები საათობრივად იცვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG