Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას


აშშ-ის საელჩომ საქართველოში პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დაღუპულთა ხსოვნას.

„ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკგვერდზე.

დღეს 31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტთან მდებარე მემორიალთან მისვლას ტრადიციულად, დაღამების შემდეგ იწყებდნენ. წელს ასე არ მოხდა, რადგან კორონავირუს COVID-19-ის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრძალავს 3-ზე მეტი პირის შეკრებას.

XS
SM
MD
LG