Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC პოლიციის მხრიდან ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს


მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებზე, განცხადებას ავრცელებს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობას, უზრუნველყონ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოვალეობების კანონიერად შესრულება, რა დროსაც მაქსიმალურად იქნება დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების და მოქალაქეებზე ძალადობის შესაძლო ფაქტებზე. შემთხვევები ძირითადად უკავშირდება რეგიონებში პოლიციის ქმედებებს, კონკრეტულად კი, მარნეულის რაიონში, ბათუმში, ჭიათურასა და ფოთში პოლიციის მიერ საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების აღსრულებას.

„აუცილებელია, რომ მსგავსი შემთხვევები არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თითოეული შემთხვევა მოკლე დროში იყოს შესწავლილი სრულად და ობიექტურად“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, „სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ამ დრომდე არ გაუკეთებია რაიმე კომენტარი მედიაში გავრცელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებთან დაკავშირებით, მეტიც, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის მიმართ ჭიათურაში მომხდარი სავარაუდო ძალადობის ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრმა წინასწარ უარყო იმ პირობებში, როდესაც საქმეზე გამოძიება და საბოლოო დასკვნების გამოტანა სხვა საგამოძიებო უწყების კომპეტენციაა“.

EMC მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

პოლიციამ კრიზისულ ვითარებაში კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტებით;

უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის პრაქტიკის აღკვეთა, აქტიურად გამოიყენოს შიდა ინსპექტირების მექანიზმები სამართალდამცავთა დისციპლინური გადაცდომების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის, ასევე მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გატარებული ღონისძიებებთან დაკავშირებით;

უწყებამ გაასაჯაროოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სამართალდამცავ პირთა სამოქმედო შიდა ინსტრუქციები, ასეთის არსებობის პირობებში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს:

დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ის შემთხვევები, რომლებიც სამსახურის საგამოძიებო კომპეტენციას ექვემდებარება;

საგამოძიებო ინტერესებისა და პერსონალური მონაცემების დაცვით, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება კონკრეტულ საქმეებზე გატარებული ღონისძიებების და მათზე დამდგარი შედეგების თაობაზე.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

XS
SM
MD
LG