Accessibility links

logo-print logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, დაცული იყოს სასამართლო პროცესის საჯაროობის პრინციპი


კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამავდროულად დაცული უნდა იყოს სასამართლო პროცესის საჯაროობა და სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის პროცესზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები ეხება ასევე სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვას, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროცესების დახურვას და დასწრების მსურველთა სრულ შეზღუდვას. ამის საპირისპიროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის მხრიდან სრულად შეიზღუდა სხდომებზე დასწრება. ამავე დროს, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას, როდესაც ზოგიერთი სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას აძლევს დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორებს, ხოლო მოსამართლეთა უმრავლესობა, რეგულაციებზე არასწორი აპელირებით, მათ უკრძალავს, დააკვირდეს სხდომის მიმდინარეობას, რაც ცალსახად გულისხმობს არსებული რეგულაციების უგულვებელყოფას და მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.“- აღნიშულია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოს თავმჯდომარეებს:

  • სასამართლოებში საქმეთა განხილვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე მოახდინონ მყისიერი რეაგირება, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - საჯაროობის პრინციპი და სრულად არ შეიზღუდოს პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფა;
  • პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სასამართლო პროცესების დისტანციური წარმართვისას მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყონ პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა პროცესებზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები 13 მარტს მიიღო.

13 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 266 შემთხვევა. მათგან 67 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 6 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG