Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას ძველი ცოდვები და მსოფლიოს ჩემპიონატებს შეწირული პრეზიდენტები


ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი

„მსოფლიოში დარჩა ორი გაუშიფრავი ორგანიზაცია: ფიფა და კაგებე"​

უთხრა ჟურნალისტებს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოზე განაწყენებულმა ტერი ვენეიბლზმა ათი წლის წინ. ვეტერან ბრიტანელ ფეხბურთელს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საიდუმლოებები ნაკლებად ანერვიულებდა, ფიფას ცხელ-ცხელი სკანდალური გადაწყვეტილებებით კი იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილი ვენეიბლზის გარდა ძალიან ბევრი ადამიანი იყო.

2010 წელს ფიფამ მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების მასპინძლის სტატუსი მიანიჭა ქვეყნებს, რომლებიც კანდიდატთა შორის ფავორიტებად ნამდვილად არ მიიჩნეოდნენ. ლოგიკურად გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთმა და კატარმა საწადელის მისაღწევად „საჭირო ხალხი“ მოისყიდეს. სკანდალური გადაწყვეტილების გადახედვა ბევრმა სპეციალისტმა მოითხოვა, მაგრამ წილისყრის თავიდან ჩატარება დღის წესრიგში აღარ დამდგარა. ფიფაში არსებული კორუფციის შესახებ ხმაურმაც ნელ-ნელა იკლო.

ხუთ წელიწადში რუსეთისა და კატარის მსოფლიოს ჩემპიონატების სკანდალი მეორედ აგორდა. ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 27 მაისს, შვეიცარიის პოლიციამ დააკავა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის შვიდი მაღალჩინოსანი, მათ შორის ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი ვები. დაკავებულებს ბრალად ედებოდათ ოცი წლის განმავლობაში, დაახლოებით, ასი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღება. შესაძლო ფინანსურ მაქინაციებს შორის იყო მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების საქმეც და, წინასწარი ინფორმაციით, გამოიკვეთა, რომ უკანონო გარიგებებში ჩართული იყო ფიფას მაშინდელი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერიც, რომელსაც 29 მაისს მეხუთე ვადით უნდა ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.

79 წლის შვეიცარიელმა ბევრი კრიტიკის და წინაღობის მიუხედავად, არჩევნები მაინც ჩაატარა და ფიფას პრეზიდენტის პოსტიც შეინარჩუნა. მაშინ მან აჯობა ერთადერთ კონკურენტს - იორდანიის პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინს, მაგრამ ახალი ვადით გაპრეზიდენტებიდან მესამე დღეს ბლატერმა თანამდებობა დატოვა.

2015 წლის ბოლოს ფიფას ყოფილ პრეზიდენტს ფეხბურთის სფეროში საქმიანობა აეკრძალა. ფიფას ეთიკის კომისიამ შვეიცარიელი რვაწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ანალოგიური სასჯელი დაეკისრა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - უეფას -მაშინდელ პრეზიდენტ მიშელ პლატინის. საქმე ეხებოდა ორ მილიონ შვეიცარიულ ფრანკს, რომელიც ბლატერმა პლატინის 2011 წელს ჩაურიცხა. დასჯილებმა დანაშაული კატეგორიულად უარყვეს და მათ წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ თამაშზე დაიწყეს საუბარი, თუმცა ბოლომდე ერთსულოვნებიც ვერ იყვნენ, კრიტიკისას ერთმანეთსაც გადასწვდნენ. იქამდეც ცნობილი იყო, რომ 2010 წელს პლატინი ბლატერს ურჩევდა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას. თავად ბლატერმა კი მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ კატარის განაცხადის გამარჯვება შესაძლებელი გახდა უკანონო შეთანხმების და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, რომელსაც ახორციელებდა მიშელ პლატინი. რვაწლიანი დისკვალიფიკაციიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ფიფამ შვეიცარიის სასამართლოში უჩივლა ბლატერს და პლატინის და მათგან ორი მილიონის დაბრუნება მოითხოვა. რამდენიმე დღეში მიშელ პლატინი საფრანგეთის პოლიციამ დააკავა, მაგრამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

ფიფაში კორუფციის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთმა და კატარმა ფეხბურთში მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მისაღებად ფიფას აღმასკომის წევრები მოისყიდეს.

ამერიკელებმა რუსებისგან ქრთამის აღებაში ამხილეს ფიფას ვიცე-პრეზიდენტი, ტრინიდადი და ტობაგოელი ჯეკ უორნერი. 2010-2011 წლებში მას ხუთი მილიონი დოლარი ოც ტრანშად ჩაურიცხეს. გადარიცხვები განხორციელდა კვიპროსსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიებიდან.

უორნერის გარდა, მილიონი დოლარი შესთავაზეს გვატემალელ რაფაელ სალგეროსაც, ოღონდ არ ვრცელდება ინფორმაცია, აიღო თუ არა მან ქრთამი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსვე ცნობით, კატარელებმა მოისყიდეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, რიკარდო ტეიშეირა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, პარაგვაელი ნიკოლას ლეოსი.

თუ დამტკიცდება, რომ კატარმა ხმის უფლების მქონე დელეგატები ქრთამით მოისყიდა, არაა გამორიცხული, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაც დაკარგოს. რუსებმა კი საეჭვო ვითარებაში მოპოვებულ მუნდიალს უკვე უმასპინძლეს.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG