Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფა: კორუფცია, სკანდალი და გადადგომის მოწოდებები


ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი (2010 წლის 19 ნოემბერი)
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი (2010 წლის 19 ნოემბერი)

ფიფას პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მსოფლიოს მედია სავსეა მოწოდებებით მისი გადადგომისაკენ მას შემდეგ, რაც 27 მაისს შვეიცარიაში, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფას) შვიდი მაღალჩინოსანი. სკანდალის ფონს ქმნის მზადება ფიფას პრეზიდენტის არჩევნებისათვის, რომელიც 29 მაისისთვის არის დანიშნული.

როგორც ირკვევა, იოზეფ ბლატერი უკან დახევას არ აპირებს. ხუთშაბათს საღამოს, ციურიხში, ფიფას კონგრესზე მისი გამოსვლა ცხადყოფს: ის კვლავინდებურად მოელის, რომ 29 მაისის კენჭისყრაში გაიმარჯვებს და მეხუთე ვადით დარჩება ფიფას პრეზიდენტად. ბლატერი კრიტიკულია, მაგრამ არა თვითკრიტიკული: ამბობს, რომ დაუშვებლად მიაჩნია კორუფცია სპორტის ნებისმიერ სახეობაში, მაგრამ რაც შეეხება მის კოლეგებს - ფიფას მაღალჩინოსნებს, რომლებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს - ბლატერი ხელებს იბანს.

„ბევრი მე მაკისრებს მთავარ პასუხისმგებლობას ფეხბურთის მსოფლიო თანამეგობრობის ქმედებებისა და რეპუტაციისთვის - იქნება ეს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა თუ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი. ჩვენ, ან მე. ყველას განუწყვეტლივ ვერ გავაკონტროლებთ“, განაცხადა იოზეფ ბლატერმა ფიფას კონგრესზე გამოსვლისას.

28 მაისს კონგრესის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ბლატერს გადადგომისაკენ მოუწოდა, მაგრამ უარი მიიღო...

ფიფაში კორუფციის გარშემო სკანდალის ფონზე, ბლატერი მკაცრად გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰემონდმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ლორან ფაბიუსმა. ამ უკანასკნელმა ბლატერს მოუწოდა, გადადოს ფიფას პრეზიდენტის არჩევნები: „უკვე მრავალი წელია, ისმის ბრალდებები ამ სფეროში კორუფციის შესახებ და, რახან ფიფას პრეზიდენტის არჩევნები მომდევნო დღეებშია დაგეგმილი, მიზანშეწონილი იქნებოდა მათი გადადება; რათა იყოს დრო იმის შესამოწმებლად, თუ რა არის მართალი და რა - არა. და ამის შემდეგ ფიფას ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას შეძლებდა. მაგრამ ახლა, ის კიდევ უფრო კატასტროფულ იმიჯს ანიჭებს ამ ხელმძღვანელობას“, - განაცხადა ფაბიუსმა დღეს პარიზში, საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში. პარასკევისთვის დაგეგმილი კენჭისყრის გადადებას ითხოვს უეფაც.

მათგან განსხვავებით, ზეპ ბლატერსა და არჩევნების დანიშნულ ვადებში ჩატარებას მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მან შეერთებული შტატები გააკრიტიკა ფიფას მაღალჩინოსნების დაკავებაში შესრულებული როლისთვის. ამ ხალხის დაკავება შვეიცარიის გარდა, აშშ-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას მოჰყვა. ამერიკელი ოფიციალური პირები საუბრობენ კორუფციაში ეჭვმიტანილ 14 პირზე.

„ეს არის საკუთარი იურისდიქციის სხვა სახელმწიფოებზე გავრცელების კიდევ ერთი ცდა. და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის აშკარა ცდა, არ დაუშვან ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბატონი ბლატერის მორიგი ვადით არჩევა, რაც არის საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების პრინციპის უაღრესად უხეში დარღვევა. ამასთან, შეერთებული შტატების პროკურორმა, როგორც ჩვენი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, უკვე განაცხადა, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს! თითქოს პროკურორმა არ იცოდეს, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია! კაცი დამნაშავეა თუ არა, სასამართლოში უნდა დაამტკიცონ“, - პუტინის ეს განცხადება 28 მაისს აჩვენა რუსეთის ტელევიზიამ. პრეზიდენტმა ისიც თქვა, ვიცი, რომ ბლატერზე „ზეწოლა“ განხორციელდა მოთხოვნით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში არ გაიმართოსო...

27 მაისს ციურიხში ფიფას შვიდი მაღალჩინოსნის დაპატიმრების გარდა, შვეიცარიამ დაიწყო გამოძიება მექრთამეობასა და ფულის გათეთრებაში ეჭვის საფუძველზე, რაც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლებად, შესაბამისად, რუსეთისა და კატარის შერჩევას. ამასობაში, ფიფას სპონსორებმა - მათ შორის „ადიდასმა“, „კოკა კოლამ“, „მაკდონალდსმა“ - ორგანიზაციას მოუწოდეს რეფორმირებისაკენ, თუ სპონსორების მრავალმილიონიანი დახმარების დაკარგვა არ სურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG