Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის შესაფერისი 5 სიმღერა (რომელიც, სინამდვილეში სულ სხვა რამეზეა)


ბოლო დროს განსკუთრებით პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიასთან ან სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული პლეილისტების გაკეთება. ასეთ მიქსს ყველა პლატფორმაზე შეხვდებით სადაც კი მსგავსი რამეა შესაძლებელი. (ერთი ასეთი გაკეთება ჩვენც ვცადეთ).

როგორც წესი, ამ მიქსების ავტორები ირჩევენ ხოლმე სიმღერებს, რომლის სათაურიც შეიძლება ან ავადმყოფობას დავაკავშიროთ, ან კი - იზოლაციას. თუმცა, ხშირად სათაური მატყუარაა და სიმღერის შინაარსი სულ არაფერ კავშირშია ამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასთან.

აი, 5 სიმღერა ვთქვათ, რომელსაც პლეილისტებში ხშირად შეხვდებით და ისიც დავწეროთ, თუ რატომ შეიძლება პანდემიასთან დავაკავშიროთ და სინამდვილეში რაზეა.

5. Fifth Harmony – Work From Home

რატომ უხდება ამ ვითარებას: ეს სიმღერა ოთხი წლის წინ შეასრულა ამერიკულმა გოგონების ჯგუფმა. მანამ, ვიდრე ჩვენი უმეტესობა გაიგებდა, რომ „ზუმი“ არსებობს და თურმე, ზოგს შეუძლია ოფისში სულ არ მივიდეს. სათაური აქვს ისეთი... შექმნილ სიტუაციაზე ზედგამოჭრილი - სახლიდან იმუშავეო, გვიმღერიან „იქს ფაქტორის“ ყოფილი მონაწილეები. თითქოს სწორედ რომ კარანტინისთვისაა შექმნილი!

რაზეა სინამდვილეში: არადა, გოგონები სულ არ გვიქადაგებენ, „ზუმში“ ჩაერთეთო. არა, სიმღერის პროტაგონისტი თავის კაცს მოუწოდებს, მოდი, დღეს სახლში დარჩი და ჩემზე „იმუშავეო“. ანუ, ხომ ხვდები, საწოლში გაისარჯეო. ეგ ენერგია აქ დახარჯეო.

სექსზეა ეგ სიმღერა.

4. Future - Mask off

რატომ უხდება ამ ვითარებას: ნიღაბი, პირბადე, ხელთათმანი... აქამდე პირბადეები შორეული, ეგზოტიკური ქვეყნების მაცხოვრებელთა აქსესუარებად უფრო აღიქმებოდა. ვინ ოხერი გაიკეთებდა ქუჩაში სამედიცინო ნიღაბს! ეგ კი არა, ზოგი ახლაც ამუნათებს კაცებს - ნამდვილი ვაჟკაცები პირბადეს არ ატარებენ და ხელთათმანს არ იკარებენო. ამის მთქმელებს ალბათ გაუთავებელი მშრალი ხველა იზიდავთ ან, რა ვიცი, გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა. სოუ სექსიი!

რაზეა სინამდვილეში: რა თქმა უნდა, ამერიკელი რეპერი წვეთოვანი გზით გადამდებ დაავადებაზე არ გველაპარაკება და არც ჰიგიენაზე წუხს. „ნიღბის გარეშე“ მეტწილად ნარკოტიკებზეა, თუმცა, აქა-იქ იმასაც გვიზიარებს, აი, აქამდე ღარიბი ვიყავი და ახლა კი რამდენი ფული მაქვსო.

3. Bloodhound Gang – Bad Touch

რატომ უხდება ამ ვითარებას: დღეს ლამის ყველა შეხება ცუდია - აღარც ხელის ჩამორთმევა მოსულა და ჩახუტება და გადაკოცნა ხომ საერთოდ გაუქმდა. შეხება ცუდია - შორიდან ხელის აწევა და ჰაეროვანი კოცნებია კარგი - ეგეც ორი მეტრის დაშორებით!

რაზეა სინამდვილეში: “ბეიბი, ჩვენ ხომ უბრალოდ ძუძუმწოვრები ვართ, ამიტომ მოდი ისე მოვიქცეთ, როგორც ცხოველები იქცევიან დისქავერის არხზეო“ - ესაა მისამღერი.

სექსზეა ეგ სიმღერა.

2. Weeknd – Can’t Feel My Face

რატომ უხდება ამ ვითარებას: ბოლო ერთი თვეა ყველამ ვისწავლეთ, რომ სახეს არ უნდა შევეხოთ. ასევე გავიგეთ, რომ ეს სულაც არაა მარტივი საქმე - დროდადრო ახლაც დავიჭერთ ხოლმე ხელს თვალების სრესისას. მერე კი თავს შევუძახებთ - არა, სახეს ვერ შეიგრძნობ, არ შეიძლებაო! თითქოს ზედგამოჭრილი სიმღერაა.

რაზეა სინამდვილეში: ხომ გახსოვთ, სკოლაში რომ გვასწავლიდნენ, ქართველი რომანტიკოსები ლექსებს სატრფოზე წერენ, ოღონდ, სინამდვილეში, სამშობლო იგულისხმებაო? ეს სიმღერაც ეგრეა - თითქოს მიჯნურზეა, რომელთანაც თავს კარგავ და სახეს ვეღარ გრძნობ, მაგრამ გსიამოვნებს. უიქენდისთვის კი ეგ სატრფო კოკაინია.

  1. Police - Don’t Stand So Close To Me

რატომ უხდება ამ ვითარებას: აი, ლამის ვერც ერთ კორონაპლეილისტს ვერ ნახავთ, ეს სიმღერა რომ არ იყოს სადმე ჩასმული. ახლოს ნუ დამიდგებიო - მღერის სტინგი. რა უნდა იყოს ამაზე უფრო შესაფერისი?

რაზეა სინამდვილეში: ტექსტს თუ გადავავლებთ თვალს, მაშინვე გამოჩნდება, რომ პროტაგონისტი სოციალური დისტანცირების სიკეთეებს არ უმღერის. კაცზეა, რომელიც „კანკალებს, როგორც ის უფროსი ტიპი ნაბოკოვის რომანში“. სკოლის მასწავლებელზეა, რომელსაც თავისზე ორჯერ უმცროსი მოსწავლე იზიდავს და „ახლოს ნუ დამიდგები, თორემ ცუდად ვხდებიო“ ეუბნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG