Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ახალი კორონავირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობს


სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს დაადგინოს, ხომ არ იყო ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთის ქალაქ უჰანში მდებარე ბიოლოგიური ლაბორატორია. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა თეთრ სახლში 15 აპრილს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ განიხილა ეს თემა ჩინეთის ლიდერთან საუბრისას, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

14 აპრილს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, ახალი სახეობის კორონავირუსი დიდი ალბათობით ბუნებრივი წარმომავლობისაა, თუმცა, ასი პროცენტით ამის მტკიცება შეუძლებელია.

15 აპრილს, ტელეკომპანია Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უჰანის ლაბორატორიაში ვირუსის წარმოქმნა უკავშირდება არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას, არამედ ჩინეთის მცდელობას, ეჩვენებინა, რომ ვირუსების გამოვლენის და მათთან ბრძოლის უანარით აშშ-ს არ ჩამოუვარდება. არსებობს ვარაუდი, რომ უჰანის ლაბორატორიაში უსაფრთხოების არასკმარისი სტანდარტების გამო, ვიღაც დაინფიცირდა და შემდეგ იმყოფებოდა ახლომდებარე ზღვის პროდუქტების ბაზარზე, საიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო.

უჰანის ვირუსოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუმა ჯერ კიდევ თებერვალში უარყო, რომ ახალი სახეობის კორონავიუსი ხელოვნურად შეიქმნა, ან რომელიმე ლაბორატორიიდან გავრცელდა.

15 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ Fox News-ს უთხრა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უჰანში წარმოიშვა, ვირუსოლოგიის ინსტიტუტი კი ზღვის პროდუქტების ბაზრის მახლობლად მდებარეობს და ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ამიტომ აუცილებელია ჩინეთის მთავრობამ ყველაფერი თქვას და განმარტოს, როგორ გავრცელდა ვირუსი.

ახალი სახეობის კორონავირუსის ზუსტი წარმომავლობა ამ დრომდე დაუდგენელია. მეცნიერთა უმრავლესობის შეფასებით, გავრცელების პირველწყარო ღამურაა.

მძიმე პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან. ამჟამად COVID-19 გავრცელებულია მსოფლიოს 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 134 600-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG