Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა ანდრია გამყრელიძისა და იმნაძის განცხადებებზე: სრულად ვიზიარებ


მამა ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ სრულად იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების განცხადებებს კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა, სადაც ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის განცხადებები წაუკითხეს.

ამირან გამრელიძემ დღეს თქვა: "არ წახვიდეთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან... გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება". ამას წინ უსწრებდა პაატა იმნაძის განცხადება: "რაც გავაკეთეთ, წყალში ჩაყაროთ ყველაფერი არ შეიძლება. დარჩით სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს. ეს გვინდა?"

ჯაღმაძიემ აღნიშნა, რომ მას ნაცნობი ექიმები ყოველდღიურად უკავშირდებიან და აღუწერენ იმ სიმძიმეს, რაც ხდება:

"შესაძლოა გუშინ მიღებული ზომები დღეს საკმარისი აღარ იყოს - ვხედავთ ამას ჩვენ. ექიმების პათოსიც დროდადრო შეიცვალა და უფრო კატეგორიულად მოითხოვენ თავი შეიკავონ თავყრილობისგან."

მისი თქმით, მან ძალიან ბევრ ადამიანს მოუწოდა სახლში დარჩენისკენ და სჯერა, რომ მრევლი ამას გაითვალისწინებს:

"ესენი არიან ხალხი, რომელიც ძალიან იშვიათად მოდიან ეკლესიაში. წელიწადში ერთხელ მოდის და უხარიათ სადღესასწაულო ხალხმრავლობაში მონაწილეობა. ზოგი მათგანი არც რჩებოდა დილამდე. მათ ერთმნიშვნელოვნად ვუთხარი, რომ ამ ღამეს უნდა შეიკავონ თავი. ჩვენ გავაფრთხილეთ, ვისაც რაიმე სინდრომი აქვს ან რისკის ჯგუფია ან სახლში ჰყავს ავადმყოფი - მაქსიმალურად უნდა შიკავონ თავი".

მისი თქმით, არ გამოირცხება, რომ საპატრიარქომ აღდგომის ღამემდე პოზიცია შეიცვალოს, თუმცა ის აუცილებლად იქნება სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ტაძრებში აღდგომის ღამეს წირვა აღევლინება. თუმცა მომეტებული საფრთხის გამო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ თავყრილობებისგან.

​ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 340 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 76 გამოჯანმრთელდა და 3 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG