Accessibility links

ბავშვები და სულები


“სკის სული” (1973, ესპანეთი, რეჟისორი ვიქტორ ერისე)

“პუბლიკამ” მშვენივრად თარგმნა თვითიზოლაციაში დაწერილი პედრო ალმოდოვარის დღიურები - ისეთივე სევდიანი, როგორიც პედროს ფილმებია.

რამდენი კარგი ავტორი გამახსენა ამ კაცმა! ისტორიისგან უსამართლოდ დავიწყებული რეჟისორები, მათ შორის აბსოლუტურად გენიალური ვიქტორ ერისე, რომლის ფილმებს ქართულ ინტერნეტსაიტებზეც გადავეყარე და, მართალი გითხრათ, გამიკვირდა. დიდი ხნის წინ, როცა “ფსიქოში” მისი “მზე კომშის ხის ფოთლებში” ვუჩვენეთ, “სატელეფონო დისკუსია” მაყურებელთან, უბრალოდ, ჩაგვეშალა - საერთოდ არავინ მოინდომა ფილმზე საუბარი. დღეს ვხვდები, რომ არ დარეკეს არა იმიტომ, რომ ამ, მართლაც რომ, კინოფრესკას არ უყურეს. უბრალოდ, ერისე ის რეჟისორი არაა, რომელიც “სიტყვებით იხსნება”. ყველა მისი ფილმი სიზმარს ჰგავს, რომელმაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, მეორე დღეს გინდათ უამბოთ თქვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მაგრამ გრძნობთ, რომ არ გამოგდით - ან დაგავიწყდათ, ანდა იმ ემოციას ვერ გადმოსცემთ.

არსებითად, მთელი ე. წ. “ნელი კინო”, დღეს რომ ძალიან მოდაშია და ზოგს რომ ჰგონია, თითქოს “მესამე სამყაროს ქვეყნებში” დაიბადა, ასეთია - სიზმარს ჰგავს. სხვათა შორის, “კომშის ხის ფოთლის” გმირს, მხატვარ ანტონიო ლოპესს, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს დახატოს სინათლის ანარეკლი კომშის ნაყოფზე, ესპანეთში “ნელი ფერმწერი” შეარქვეს. მისი სახით ვიქტორ ერისემ, ფაქტობრივად, თავის “ძმას” მიაგნო. ლოპესი, მართლაც, ძალიან დაეხმარა - 90-იანი წლების დასაწყისში, როცა “კომშის ფოთლის” გადაღება დაიწყო, ერისეს დეპრესია ჰქონდა, ჯერ კიდევ უახლოეს მეგობარს გლოვობდა, ოპერატორ ლუის კუადრადოს, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც დაბრმავდა და თავისი პროფესიით მუშაობა ვეღარ შეძლო.

სწორედ ლუის კუადრადომ გადაიღო ვიქტორ ერისეს ყველაზე ტიტულოვანი ფილმი, “სკის სული”, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მოუხდება დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას. სახლში მაქვს ვიდეოკასეტა, რომელზეც ერისეს ეს სურათია ჩაწერილი. საფრანგეთში ვიყიდე გასული საუკუნის 90-იან წლებში. კასეტას დართული აქვს “კაიე დიუ სინემას” პატარა რეცენზია: “სკის სულს” უმჯობესია სხვებთან ერთად არ უყუროთ. ესაა ფილმი, რომელიც განმარტოებით უნდა ნახოთ. სიჩუმეში უნდა ნახოთ, რათა დაინახოთ ის, რასაც აქამდე ვერ ხედავდით”.

დანახვა ერისეს ფილმის მთავარი მოტივია. სურათის გმირს, 6 წლის ანას, ანატომიის გაკვეთილზე მასწავლებელი თანაკლასელების მიერ აწყობილი კაცუნას შესახებ ეკითხება, რომელი ნაკვთი აკლიაო. ანა დაუფიქრებლად უპასუხებს, თვალებიო! ანა იმას ხედავს, რასაც სხვები ვერ ხედავენ - სკის სულს ხედავს.

“სკის სულის” მოქმედება ფრანკოს ეპოქის დასაწყისში ხდება. კონკრეტული თარიღიც კია მითითებული - 1940 წელი. იმხანად ესპანეთის სოფლებში ფილმებს მოძრავი კინოთეატრებით უჩვენებდნენ. ასე ნახავს ანა, თავის უფროს დასთან, იზაბელთან ერთდ ძველ ამერიკულ ფილმს “ფრანკენშტეინი”. ანაზე ურჩხულის ნახვა ყველაზე მეტად იმოქმედებს. საერთოდ, ანაზე ყველაფერი მოქმედებს, რაც სიკვდილს უკავშირდება,“სკის სული” კი სავსეა ასეთი სახეებით, სიკვდილის ნიშნებით - შხამიანი სოკო, მატარებელი, რომელმაც შეიძლება გადაგიაროს, გრიპის ვირუსი, რომელმაც შეიძლება მოგკლას...იზაბელი, მისი უფროსი და, ცდილობს დაამშვიდოს ანა და ეუბნება, რომ ურჩხული, რომელიც კინოში ნახეს, სინამდვილეში არ არსებობს. ეს ურჩხული მხოლოდ და მხოლოდ სულია, რომელსაც შეგიძლია დაუმეგობრდე. ჰოდა, ანაც იწყებს სულის ძებნას ჩვენთან, მაყურებელთან ერთად, ოღონდ იმ მაყურებელთან ერთად, რომელიც “სკის სულს” განმარტოებით, სიჩუმეში, - თუ გნებავთ ასე ვთქვათ, - “თვითიზოლაციაში” უყურებს.

რას აღმოაჩენს ეს მაყურებელი ვიქტორ ერისეს ფილმში?

პირველ რიგში, ულამაზეს გამოსახულებას. “სკის სული” ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმია კინოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, ფილმი გვაზიარებს სურბარანის, ველასკესის თვალით დანახულ ფრანკოს ეპოქის ესპანეთს - ჩაკეტილ, კლაუსტროფობიურ ესპანეთს, წარმოდგენილს რბილი, თბილი განათებით. მოგვიანებით ვიქტორ ერისე, რომელიც, სხვათა შორის, სწორედ იმ წელს დაიბადა, როცა ხდება ფილმის მოქმედება, გაიხსენებს, რომ ეს მოძრავი კინოთეატრი, სადაც ანამ იხილა ფრანკენშტეინის ურჩხული, გარე სამყაროსთან კონტაქტის, გარე სამყაროს აღქმის ერთადერთი საშუალება იყო ფრანკოს მიერ ჩაკეტილ ესპანეთში... ფრანკომ მოგზაურობა აგვიკრძალა, გადაადგილების უფლება აგვიკრძალა, მაგრამ იმის უფლება მაინც დაგვიტოვა, რომ კინო გვენახაო, წერდა ერისე.

ვიქტორ ერისეს “სკის სული” კინოხელოვნების მისამართით გაგზავნილი სიყვარულის ბარათია, სიყვარულის ახსნაა. რეჟისორი მიმართავს პირდაპირ ციტატებს ძველი ფილმებიდან, თვით პირველი ფილმიდან კინოს ისტორიაში, ძმები ლიუმიერების “მატარებლის შემოსვლიდან” და კინემატოგრაფს წარმოგვიდგენს, როგორც ხელოვნებას, რომელსაც შეუძლია რეალობა ჩვენს თვალწინ გადააქციოს ზერეალობად, უფრო სწორად, წარმოგვიდგინოს რეალობიდან უფრო მაღალ საფეხურზე - მხატვრულ რეალობაზე - გადასვლის პროცესი. არსებითად ხომ “სული”, რომელსაც ეძებს ბავშვი ფუტკრის სკასავით ჩაკეტილ სივრცეში, არის მხატვრული სახე, არის იერსახე, ნიშანი მარადიულისა, რომელსაც ყველა ადამიანი ასე თუ ისე ეძებს ცხოვრებაში, მაგრამ ბავშვები - განსაკუთრებით. ბავშვებს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ამ გაურკვეველის, ბუნდოვანის, გასაიდუმლოებულის მიმართ. დამონებული და შეშინებული მოზრდილების ფონზე ბავშვებს პროტესტის უნარიც აქვთ და რაღაცის შეცვლის სურვილიც. ეგაა რომ, როგორც კი სულის “განხორციელებას” იწყებ, მისთვის “ხორცის” შესხმას ცდილობ, როგორც კი გიჩნდება სურვილი გადააქციო ხილული სანახაობად, ეს სული კვდება, საიდუმლო კვდება, რჩება სიცარიელე, რომელიც, სხვათა შორის, ბოროტებაში შეიძლება გადაიზარდოს.

1973 წელს, როცა ვიქტორ ერისემ “სკის სული” გადაიღო, ფრანკო ჯერ ცოცხალი იყო. რეჟისორი იძულებული გახდა ასე, გადაკვრით ეთქვა სათქმელი. რეგლამენტირებული სამყაროში, იერარქიული რეჟიმის პირობებში მხოლოდ ბავშვები აგრძელებენ ახლის (“სულის” თუ “ღმერთის”) ძებნას. დანარჩენი, მთელი ეს მოზრდილთა სამყარო, უმოძრაოა და დამონებული. უფრო მეტიც, ამ ფუტკრებს, ამ ჩაკეტილ საზოგადებას რაღაც ეტაპზე სიამოვნებს კიდეც ჩარაზულ სივრცეში არსებობა.

მას მერე დიდი დრო გავიდა. ფრანკო, კარგა ხანია, აღარაა და ესპანეთიც თავისუფალია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ მარტოობაში, ჩაკეტილ გარემოსა და იზოლაციაში “სულებთან შეხვედრის” შანსი მეტია... ასე რომ, თვითიზოლაციაში მყოფი პედრო ალმოდოვარი, “კორონის ეპოქაში”, იხსენებს რა საყვარელ ფილმებს, იხსენებს რა ამ ფილმების გმირებს, როგორც აჩრდილებს, რაღაცით 6 წლის ანას ემსგავსება “სკის სულიდან”.

არის შანსი ამ არაჩვეულებრივ ბავშვს ჩვენც დავემსგავსოთ, “სკის სულს” თუ ისე ვნახავთ, როგორც გვირჩევენ “კაიე დიუ სინემას” ექსპერტები - სიჩუმეში, მარტოობაში, ოთახში, სადაც ტელევიზორი გამორთულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG