Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხურვალეთელი დათა ვანიშვილის შვილიშვილს და მის ცოლს ცხინვალის იზოლატორში გადაყვანას უპირებენ


დათა ვანიშვილი და მისი შვილიშვილი მალხაზ კურტაევი. 2017 წელი
დათა ვანიშვილი და მისი შვილიშვილი მალხაზ კურტაევი. 2017 წელი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ძალების მიერ აღმართულ მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილს, მალხაზ კურტაევს და მის ცოლს, თათია ადიკაშვილს ცხინვალში ორკვირიანი კარანტინის შემდეგ, იზოლატორში გადაიყვანენ. ეს ინფორმაცია მალხაზ კურტაევის ცხინვალელი ნათესავებისგან მიიღო მისმა ცოლის დამ, თამთა ადიკაშვილმა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასულ კვირაში დაკავებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამჟამად ცხინვალში, კარანტინის ზონაში ჰყავთ კორონავირუსის პრევენციის საბაბით.

თამთა ადიკაშვილმა დღეს, 20 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ცხინვალიდან მიღებული ინფორმაციით, მალხაზს და თათიას ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლებენ და 20 ათასი რუბლის ჯარიმას დააკისრებენ.

ხურვალეთელი დათა ვანიშვილის ქალიშვილი ვლადიკავკაზში ცხოვრობს. მისი შვილი მალხაზ კურტაევი, ძირითადად, ხურვალეთში, ბაბუასა და ბებიასთან იზრდებოდა და ახლაც მათთან ცხოვრობს. დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ცოლად მოიყვანა ხურვალეთელი თათია ოდიკაშვილი. მისი ოჯახი სოფლის იმ ნაწილში ცხოვრობს, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. მალხაზ კურტაევმა ცოლი მავთულხლართებს მიღმა, ბაბუის სახლში გადაიყვანა. სოფლის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბრალად დასდეს ე.წ. საზღვრის დარღვევა.

დათა ვანიშვილი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ხურვალეთში მავთულხლართების გავლების შედეგად, მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. საქართველოში ვიზიტით ჩამოსული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა, როგორც წესი, ხურვალეთში ჩადის და მავთულხლართების მეორე მხრიდან ისმენს დათა ვანიშვილის გასაჭირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG