Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნოლოგიური გიგანტები კორონავირუსის „ინფოდემიის“ წინააღმდეგ


გახსენით Google, ჩაწერეთ კორონავირუსი და დააჭირეთ ენტერს.

დაინახავთ, რომ საძიებო შედეგებში პირველი ლინკი სამთავრობო ვებსაიტი StopCoV.ge იქნება, რომელიც საქართველოში ახალ კორონავირუსზე ოფიციალურ ინფორმაციას უყრის თავს. ამ ლინკს, ნებისმიერი სხვა ძიებისგან განსხვავებით, რეკლამების ნაცვლად, მოყვება საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მეინსტრიმ მედიის ლინკები იმავე თემაზე.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, არანაკლები სისწრაფით და პანდემიის შესაბამისად ვრცელდება მცდარი ინფორმაციაც. ბრძოლაც ორ ფრონტზე მიმდინარეობს - პანდემიასთან და ინფოდემიასთან.

“ჩვენ არ ვებრძვით მხოლოდ ეპიდემიას, ვებრძვით ასევე ინფოდემიას. ყალბი ამბები ვირუსზე უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება და ისეთივე სახიფათოა. ამიტომ, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ძიებისა და მედია კომპანიებთან, როგორებიცაა Facebook, Google, Pinterest, Tencent, Twitter, TikTok, YouTube და სხვები, რათა გავუმკლავდეთ ჭორებსა და ყალბ ინფორმაციას”, - განაცხადა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 15 თებერვალს.

Facebook, Google და Twitter აცხადებენ, რომ აღმოჩენისთანავე ყალბ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შლიან, თუმცა მათი მიღებული ზომები სწორი ინფორმირებისთვის საკმარისი არაა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონსპირაციის თეორიის თანახმად, კორონავირუსი საიდუმლო ლაბორატორიაში შექმნა ჩინეთის ხელისუფლებამ; ზოგი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გავრცელების უკან დგას ბილ გეითსი, Microsoft-ის დამფუძნებელი და ფილანტროპი. კიდევ ერთმა კონსპირაციამ, რომელიც კორონავირუსის პანდემიას 5G ტექნოლოგიას უკავშირებს, რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა - სულ მცირე 20 სატელეფონო ანძა დააზიანეს გაერთიანებულ სამეფოში.

საქართველოში, მოსახლეობის მხოლოდ 24% ასახელებს ინტერნეტსა და ფეისბუკს ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ სოციალური მედია საკვანძო როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ იღებენ ადამიანები ამბებს კორონავირუსის შესახებ.

Facebook-მა - რომელსაც საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლები ყველაზე ხშირად (72%) იყენებენ - “საინფორმაციო ცენტრი” შექმნა, სადაც ინგლისურ ენაზე თავმოყრილია გაფილტრული ინფორმაცია და ოფიციალური სამედიცინო რჩევები.

ფეისბუკი - მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი 2 მილიარდი დღიური მომხმარებლით - წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა კონსპირაციული თეორიების მომხრეებს, მაგალითად ვაქცინის მოწინააღმდეგეებსა თუ ადამიანებს, რომლებსაც 5G-ის მავნებლობის სჯერათ.

პოსტები 5G ტექნოლოგიის საწინააღმდეგო ქართული ფეისბუკ ჯგუფიდან
პოსტები 5G ტექნოლოგიის საწინააღმდეგო ქართული ფეისბუკ ჯგუფიდან

თუმცა კორონავირუსთან ბრძოლაში კომპანიამ რამდენიმე რადიკალური ნაბიჯი გადადგა:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ფეისბუკზე ულიმიტო უფასო რეკლამის განთავსების საშუალება მიეცა; იშლება ყველა არასწორი განაცხადი და კონსპირაციის თეორია, იბლოკება რეკლამის ყველა ის დამკვეთი, რომელიც “სიტუაციის გამოყენებას ცდილობს”, მაგალითად ყალბი წამლის რეკლამირებით.

ფეისბუკი, ასევე, რამდენიმე კვირაში დაიწყებს შეტყობინებების დაგზავნას მათთვის, ვინც მოიწონა ან კომენტარი დაწერა “საზიანო”, შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე კორონავირუსის შესახებ. ასეთი შეიძლება იყოს მტკიცება, თითქოს ფიზიკური დისტანცია არაეფექტურია. შეტყობინებები მომხმარებელს გადაიყვანს COVID-19-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებსაიტზე, მითების გამომჟღავნების სექციაში. ახალი მიდგომით, მხოლოდ ის პოსტები წაიშლება, რომლებიც, ფეისბუკის აზრით, “გარდაუვალ ფიზიკურ საფრთხეს” შეიცავს.

შეცდომაში შემყვან ინფორმაციას თავად ფეისბუკი არ შლის, არამედ ეყრდნობა ფაქტების გადამმოწმებლებს. კომპანია ასევე, აცხადებს, რომ განაგრძობს თავისი მულტიენობრივი ქსელის გაფართოებას.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ფეისბუკმა ქართულენოვანი კონსპირაციული თეორიაც წაშალა კორონავირუსის ტესტირების შესახებ ჯგუფებიდან, მომხმარებელთა კედლებიდან.

#კორონავირუსის ტეგის ძიებისას, მიმებთან და ფოტოებთან ერთად, ფეისბუკის კუთვნილი Instagram-იც ქართველ მომხმარებელს StopCoV.ge-ზე გადასვლას სთავაზობს.

ასევე ფეისბუკის კუთვნილი აპლიკაცია WhatsApp გაამკაცრებს შეტყობინების დაფორვარდებას. მომხმარებელი ვეღარ შეძლებს ერთდროულად დაუფორვარდოს შეტყობინება ერთზე მეტ ჩატს.

Pinterest-ზე კორონავირუსის ძიების დროს, ვებსაიტი მომხარებელს აუწყებს, რომ პინები ამ თემაზე ხშირად არღვევენ კომპანიის გაიდლაინებს, რომლებიც კრძალავს საზიანო სამედიცინო მისინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში, ვებსაიტი საერთოდ არ უჩვენებს ძიების შედეგებს.

YouTube აცხადებს, რომ დაიწყო ვიდეოების წაშლა, რომლებშიც ამტკიცებდნენ, თითქოს კორონავირუსს 5G ტექნოლოგია იწვევს. კორონავირუსის თემაზე თითოეული ვიდეოს ქვეშ, იუთუბი, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებსაიტზე გადასასვლელ ლინკს ათავსებს.

Twitter - რომელიც წარსულში პოზიციონირებდა როგორც “თავისუფალი სიტყვის პარტიის თავისუფალი სიტყვის ფრთა” - ასევე წაშლის ტვიტებს, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის რჩევებს ეწინააღმდეგება. კომპანიის ახალი წესებით, ფართო კონტენტი დაექვემდებარება წაშლას, რომელსაც აქამდე არ ეხებოდნენ. მაგალითად:

  • სოციალური დისტანციის საწინააღმდეგო მოწოდებები;
  • მტკიცება, თითქოს კორონავირუსი სიცხეს ვერ უძლებს და გარეთ გასვლა დეზინფექციისთვის საკმარისია;
  • მოსაზრება, თითქოს რომელიმე ერი უფრო მეტად ან ნაკლებად მგრძნობიარეა მგრძნობიარეა COVID-19-ის მიმართა.

ტვიტერმა, ფეისბუკმა, გუგლმა და იუთუბმა კორონავირუსის გამო შემუშავებული ახალი წესების შესაბამისად უკვე წაშალეს გავლენიანი ადამიანების, მათ შორის, ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია.

ფეისბუკის განცხადებით, პლატფორმაზე წაიშალა ვიდეო, რომელშიც პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ანტი-მალარიული წამლის ჰიდროქსიქლოროქვინის ეფექტიანობაზე საუბრობდა, COVID-19-ის წინააღმდეგ. ტვიტერმა წაშალა ორი ტვიტი, რომელშიც ბოლოსონარო წამალს აქებდა და სოციალური დისტანცირების დასრულებას ახალისებდა.

ტვიტერი და ფეისბუკი არ ერეოდნენ მსოფლიო ლიდერების განცხადებებში, მაშინაც კი, როცა ისინი მკაფიოდ იტყუებოდნენ, თუმცა სოციალური ქსელების ახალი მიდგომა წარსულისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

ფეისბუკის დამფუძნებლის მარკ ზაკერბერგის განცხადებით, სამედიცინო მისინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მარტივია, რადგან კომპანიები მკაფიო სახელმძღვანელოს მიჰყვებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, თუ რა შეიძლება შეფასდეს “საზიანოდ”. მისი აზრით, თუ გადაწყვეტილებებს კომპანია მიიღებდა, ეს შეიძლება აღქმული ყოფილიყო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად და მიკერძოებად.

“ეს გაცილებით სხვა დინამიკაა, ვიდრე იყო პოლიტიკური სიტყვის არბიტრი”, - ამბობს ზაკერბერგი.

Oxford Reuters Institute-ის კვლევის მიხედვით, ფაქტების გადამმოწმებლების მონიშნული პოსტების უმრავლესობას სოციალური მედიის პლატფორმები ეხმიანებიან და შლიან, ან სხვადასხვა გაფრთხილებებს ურთავენ თან. ამასთან, შეცდომაშ შემყვანი ინფორმაცია კვლავ ადაპტირდება და ვრცელდება სოციალურ მედიაში. კვლევის თანახმად, ყალბად მონიშნული კონტენტის 59% ისევ წაუშლელი რჩება ტვიტერზე, იუთუბზე - 27%, ფეისბუკზე კი 24%.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კომპანიების ძალისხმევა - რომელიც გაცილებით დიდია წარსულთან შედარებით - მაინც შორსაა კორონავირუსის ინფოდემიის დამარცხებისგან.

ორგანიზაციამ Avaaz-მა იპოვა ათობით ფოტო, ვიდეო და პოსტი, რომლებიც სოციალური ქსელების წესებს ეწინააღმდეგება. საუბარია არა მხოლოდ ინგლისურენოვან პოსტებზე. სხვადასხვა დროს, მარკ ზაკერბერგმა უკეთესი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების შექმნა დააანონსა, თუმცა გამოსავალი, რომელიც თანაბრად დაძლევს მისინფორმაციას სხვადასხვა ენაზე, ჯერ არ ჩანს.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG