Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ორბიტაზე წარმატებით გაუშვა სამხედრო სატელიტი


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ სამხედრო სატელიტი გაუშვა ორბიტაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული წარუმატებელი ცდების შემდეგ.

სახელმწიფო ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო ტასნიმი, რომელიც გუშაგთა კორპუსთან არის დაკავშირებული, სატელიტის გაშვების შესახებ 22 აპრილს იუწყებიან და მას "წარმატებულს" უწოდებენ. ჯერჯერობით სატელიტის გაშვება დამოუკიდებლად არ დადასტურებულა, თუმცა ანალიტიკოსები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ გამოყენებული ტექნოლოგია შესაძლოა ირანს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შექმნაში დაეხმაროს.

"ირანის პირველი სამხედრო სატელიტი, 'სინათლე', დღეს დილით ორი ფაზით გაუშვეს ცენტრალური ირანიდან. გაშვება წარმატებული იყო და სატელიტმა ორბიტას მიაღწია", - იუწყება სახელმწიფო ტელევიზია.

რევოლუციის გუშაგთა კორპუსი თავის ოფიციალურ ვებსაიტზე წერს, რომ სატელიტმა ორბიტას მიაღწია დედამიწის ზედაპირიდან 425 კილომეტრის დაშორებით.

ბოლო თვეებში ირანს სატელიტის გაშვების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი აცხადებენ, რომ სატელიტის გაშვება ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას ეხმარება.

სატელიტის გაშვება ემთხვევა პერიოდს, როცა ირანსა და აშშ-ს შორის კავშირები განსაკუთრებით დაძაბულია, ბირთვული ხელშეკრულების გარშემო და მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო დარტყმამ იანვარში იმსხვერპლა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ყასემ სოლეიმანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG