Accessibility links

ტრამპმა სამხედრო ფლოტს უბრძანა, თავდაცვის მიზნით ესროლონ ირანის კატარღებს


ირანის სამხედრო კატარღები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემ Paul Hamilton-ის სიახლოვეს. 2020 წ. 15 აპრილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო-საზღვაო ძალებს განკარგულება გასცა, ცეცხლი გაუხსნან ირანის სამხედრო კატარღებს, რომლებიც ხელს შეუშლის ზღვაში მათ თავისუფალ გადაადგილებას.

გასულ კვირაში სპარსეთის ყურეში რამდენიმე ინციდენტი მოხდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კატარღების მონაწილეობით, რომლებიც სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ აშშ-ის სამხედრო გემებს, კერძოდ საბრძოლო გემ Paul Hamilton-ს.

„ვუბრძანე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს, ცეცხლი გაუხსნან და გაანადგურონ ირანის საბრძოლო კატარღები, თუკი ისინი ზღვაში ხელს შეუშლიან ჩვენს გემებს,“ დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

ირანსა და აშშ-ს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მიმდინარე წლის დამდეგს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა სამხედრო ოპერაცია განახორციელა ბაღდადში და მოკლა ირანის მაღალი რანგის გენერალი ყასემ სოლეიმანი. ამ ოპერაციას მოჰყვა ირანის მიერ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზის დაბომბვა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული სამხედრო დაშავდა.

დღეს ირანმა განაცხადა, რომ გუშაგთა კორპუსის კოსმოსურმა ძალებმა ქვეყნის ისტორიაში პირველი სამხედრო თანამგზავრი გაგზავნეს კოსმოსში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG