Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია ფიცს კარანტინის პირობებში დადებს


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

დღეს სოხუმში გაიმართება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული ასლან ბჟანიას ინაუგურაცია.

კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში, ბჟანია ე.წ. პრეზიდენტის ფიცს ადმინისტრაციის შენობის დარბაზში დადებს.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სააგენტო „ტასს“ უთხრეს, რომ ცერემონიას პირველად არ დაესწრებიან უცხოელი სტუმრები, კერძოდ, „რუსეთის და სხვა მეგობარი ქვეყნების“ დელეგაციები. დარბაზში იქნებიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის და მთავრობის წევრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელები, გენერალური პროკურორი, რუსეთის, „სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის ელჩები და სასულიერო პირები.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დარბაზში არ იქნება 60 კაცზე მეტი და დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტის ინფორმაციით, ასლან ბჟანია რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა მოსკოვიდან, რომელიც რუსეთში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. 22 აპრილს, სოხუმში, ადგილობრივმა მედიამ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ თამაზ წახნაკიას ჰკითხა, რამდენად შეესაბამება ინაუგურაციის ჩატარება ეპიდსიტუაციას და გაუშვებენ თუ არა კარანტინში ცერემონიის მონაწილეებს.

„ყველაზე მთავარია, რომ ადამიანს სიმპტომები არ აქვს“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა. მისივე თქმით, „კონსტიტუციით დადგენილი ინაუგურაცია ეპიდემიის დროსაც ტარდება“, ცერემონიაზე დაცული იქნება სანიტარული ნორმები, შენობაში ჩატარდება დეზინფექცია, მონაწილეები დისტანციას დაიცავენ და პირბადეები ექნებათ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 56,5%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. მათ შორის არიან რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG