Accessibility links

ასლან ბჟანიამ "პრეზიდენტის ფიცი" დადო


სოხუმში გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას ინაუგურაცია. მან ფიცი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის საკონფერენციო დარბაზში დადო.

ინაუგურაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ასლან ბჟანიამ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად დაასახელა მთავარ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორთან - რუსეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება და განვითარება.

ბჟანიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატებს და თქვა, რომ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური კულტურა ყალიბდება.

„იმედი მაქვს ერთობლივი მუშაობის, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ პოლიტიკურ ექსტრემიზმს და ქვეყნის წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებს. ასევე, იმ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გარდაქმნისა და განმტკიცებისკენ და აფხაზეთის ხალხის მდგრადი განვითარებისკენ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიზნების მისაღწევად ხვალიდანვე დასაწყები სამუშაო ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ თანხმობას.

ბჟანიამ ერთ-ერთ პირველ ამოცანად დაასახელა ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის აღდგენა, თუმცა თქვა, რომ მოქალაქეთა ცხოვრება მალევე ვერ გაუმჯობესდება და წინ მძიმე სამუშაოა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 56,5%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია.

ე.წ. პრეზიდენტად არჩევამდე და არჩევის შემდეგაც ბჟანიამ განაცხადა, რომ თბილისთან მოლაპარაკების ახალი ფორმატის მომხრეა. ამასთან, ასლან ბჟანია წინამორბედების მსგავსად ამბობს, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. მათ შორის არიან რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG