Accessibility links

22 წლის მეწარმე კახეთიდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა


კახა ბატიაშვილი ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან, რომელსაც მარწყვის სასათბურე მეურნეობა აქვს. მანამდე იყო ილიას უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, მაგრამ 3 წლის წინ სწავლას თავი დაანება - დარწმუნდა, რომ გეოლოგი ვერ გამოვიდოდა, რადგან სოფლის მეურნეობა უფრო მეტად აინტერესებდა.

სწავლისთვის თავის დანებების შემდეგ 22 წლის კახა ბატიაშვილი ლაგოდეხში, მშობლიურ სოფელში, ჩადუნიანში, დაბრუნდა. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში კვების ობიექტებში მუშაობდა. გარკვეული რაოდენობის თანხა მოაგროვა და ძმასთან ერთად ორი სათბური ააშენა. ერთში ადგილობრივი მარწყვი გააშენა, მეორეში კი - ჰიბრიდული.

კახას თქმით, მარწყვის ადგილობრივი ჯიში შედარებით მცირე მოსავალს იძლევა, თუმცა არის უფრო არომატული და ტკბილი, ჰიბრიდული ჯიშები კი დიდ მოსავალს იძლევა, მაგრამ გემოვნური თვისებები ნაკლები აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ კახამ წელს პირველი მოსავალი მიიღო, რომელიც სარეალიზაციოდ არის განკუთვნილი, თუმცა ეს იმ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში აგრარული ბაზრები დაკეტილია, ტრანსპორტით გადაადგილება - აკრძალული, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და ქუჩაში ხალხი ნაკლებად დადის.

საგანგებო მდგომარეობა რომ არ გამოცხადებულიყო, კახა ბატიაშვილს დაგეგმილი ჰქონდა საკუთარი ტრანსპორტით თბილისის აგრარული ბაზრები მარწყვით მოემარაგებინა, მაგრამ ახლა ბაზრები დახურულია.

იმაზეც წუხს, რომ მოსახლეობის ნაწილმა სამსახური დაკარგა და ახლა ადამიანები მცირე შემოსავლებით ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქტს ყიდულობენ და არა ხილს.

„დღეს თუ ორს, ხუთს ან 20 კილოს მოვკრეფ, ერთ კვირაში უკვე მასობრივად შემოვა ადგილობრივი მარწყვი და აქედან დაიწყება პრობლემა და ფიქრი იმისა, თუ სად გაიყიდება და ვინ იყიდის! გადაადგილება შეზღუდულია, საღამოს 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათია, ხალხი არ მოძრაობს, დილის 6 საათამდე გაჩერებულია ყველაფერი. ამასთან, ხალხი გადართულია იაფი პროდუქტის შეძენაზე. ხშირად წიწიბურას და კარტოფილს მიირთმევენ, ანუ ისეთ პროდუქტებს ყიდულობენ, რომელიც იაფია, და არა მარწყვს, რომელიც ახლა 15-20 ლარი ღირს“.

კახა ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას კარგად აცნობიერებს, თუმცა მიაჩნია, რომ აგრარული ბაზრების დახურვა შეცდომა იყო. ახალგაზრდა ფერმერი ფიქრობს, რომ თუკი ბაზრებზე მაქსიმალური კონტროლი დაწესდებოდა და ობიექტები არ დაიხურებოდა, მოგებული დარჩებოდა ქვეყანა, იქ დასაქმებული ხალხი და მომხმარებელიც.

„ახლა აუცილებელია მინიმუმ იმ ხარჯების დაფარვა მაინც, რაც გაღებული გვაქვს საწყის ეტაპებზე. დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს საბაზრო ვაჭრობა. ხალხი უნდა დაუბრუნდეს ბაზრებს და მიეცეთ მუშაობის უფლება. პოლიციამ უნდა განახორციელოს უფრო მკაცრი მიდგომები, ოღონდ არა ისე, რომ ყველას შეუჩერონ შესაძლებლობები. უბრალოდ, უნდა გააკონტროლონ უკეთესად“.

ახალგაზრდა ფერმერის თანახმად, წელს მისი საქმიანობა მოგებიანი ვერ იქნება და ვერც მეურნეობას განავითარებს, თუმცა სხვადასხვა გზით ცდილობს, რომ დანახარჯები მაინც აანაზღაუროს, რათა მომავალ სეზონზე მუშაობის მოტივაცია ჰქონდეს. ამბობს, რომ თუკი მარწყვს ვერ გაყიდის, მას სოფელში მეზობლებს დაურიგებს:

„როგორც სოფელში მცხოვრები ყველა გლეხი, ჩვენც დამოკიდებული ვართ მეურნეობაზე. თუ დაგვიდგა ის პრობლემა, რომ ვერ მოვახერხეთ მარწყვის რეალიზაცია, ალბათ, მოგვიწევს მეზობლებისა და მეგობრებისთვის დარიგება, რადგან მარწყვს არავინ გადაყრის და ვერც შევინახავთ დიდი ხნით. ჩვენ გაგვიჭირდება მასშტაბების გაზრდა, ამ პირობებში კი ახალ ეტაპებზე გადასვლა არის პრობლემა. ამ მარწყვს თუ ვერ გავყიდი, მშივრები არ დავრჩებით, მაგრამ ბიზნესი ჩავარდება“.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა ათეულობით ფერმერი უკვე დააზარალა. რამდენიმე მათგანის შესახებ რადიო თავისუფლებამ უკვე გიამბოთ. აღსანიშნავია, რომ ამ ამბების ეთერში გასვლის შემდეგ ფერმერთა მდგომარეობა შეიცვალა. მაგალითად, კაბალში მცხოვრებ ფერმერს, მახმად ისმაილოვს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს სპეციალური საშვი, რომლითაც ავტოტრანსპორტით გადაადგილებასა და მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ფერმერის პრობლემაზე რადიო თავისუფლებამ მასალა 22 აპრილს მოამზადა. ისმაილოვს, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ავტოტრანსპორტით მიმოსვლის აკრძალვის გამო, კიტრის უხვი მოსავალი უფუჭდებოდა და საშვის მიღებას ვერ ახერხებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG