Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიამ განმარტა, თვითდასაქმებულებმა როგორ უნდა მიმართონ მთავრობას


თვითდასაქმებულთა აღრიცხვიანობა, რა თქმა უნდა, პრობლემაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ხელისუფლებას ესმის, რომ ახლა კრიზისულ მდგომარეობაშია ქვეყანა და "ახლა ვართ ფაქტობრივად ომში", ამიტომ ხელისუფლება ადამიანებს არ გაარჩევს, "თუმცა არ იქნება მარტივი".

გიორგი გახარიას სიტყვებით, სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, არაფორმალურად დასაქმებულები უმარტივესი გზით მიიღებენ დახმარებას, როგორც კი შეძლებენ დაადასტურონ რაიმე სახის შემოსავალი.

„ეს შეიძლება იყოს დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, ელემენტარული, სადაც ის შრომობდა. მძღოლისთვის ასევე მსგავსი. რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირებოდა, ჩვენთვის ეს საკმარისი იქნება, რომ ასეთი სახის სოციალური დახმარება გავცეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება კომპანიებს, პრემიერის განცხადებით, საგადასახადო დეკლარაციაში მარტივად გამოჩნდება, კომპანიამ თანამშრომელი შეინარჩუნა თუ ვერა, ასევე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ადამიანი თუ არა.

„დახმარება შეეხება ადამიანებს, ვინც კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუშვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თვითდასაქმებულებს მთავრობა 300 ლარით ერთჯერადად დაეხმარება, ამ მიზნით ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.

საქართველოს მთავრობამ წარმოადგენა კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები, ასევე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმაც.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG